თანამედროვე პოეტი ქალები - ხედი პირველი - კახეთი
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა ნინო დარბაისელი თანამედროვე პოეტი ქალები (ციკლიდან: ქართული პოეზიის პანორამა) ხედი პირველი - კახეთი ელა გოჩიაშვილი - - - - - - - - - ჩვენს საყვარელ სამშობლოს თუ რამ არ აკლია დღეს და მუდამ, ეს პოეტთა სიმრავლეა. ჯერ კიდევ როდის შექმნილ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგშიც კი მოცემულია პოეტთა ამ სიმრავლის კლასიფიცირების ცდა, რომელიც ბოლოვდება ტაეპით - ჩემი აწ ცანით ყოველმან“-ო. ზოგადად, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ადამიანის გონება - იგი ერთ-ერთი, პირველ რიგში, მაკლასიფიცირებელი აპარატია და მე, როგორც მკითხველს, ქართული პოეზიის კლასიფიცირების ჩემეული წესი მაქვს, რომელიც ცხადია, სამეცნიერო ენაზე სრულიად სხვაგვარად გამოითქმებოდა - იგი ინსპირირებულია ტაეპით: „ლექსის თქმა მწადის ერთისა“. მოკლედ და გასაგებად კი ასე ჩამოვაყალიბებდი: არსებობენ 1. ლექსის მთქმელები - ჩვენში - დაუთვლელ-გაუზომავი, აურაცხელი სიმრავლე; 2. ლექსის გამო-მთქმელები - აქ ერთიანდება ავტორთა გაცილებით მცირე რაოდენობა და ამ რაოდენობის ქვე-კლასიფიცირება, მსგავს-მაკავშირებელი ან განმასხვავებელ-ინდივიდუალური ნიშნით - მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ჩემი, როგორც მკვლევარის ყურადღება ძირითადად ამ კატეგორიისადმი არის მიპყრობილი და როგორც პოეტი, საკუთარ თავსაც აქ მოვიაზრებ. 3. და არიან... (ისიც არ ვიცი, აქ მრავლობითი რიცხვი რამდენად გამართლებულია, მხოლობითი ხომ არ სჯობს?)... არიან ლექსის ამომთქმელები. ელა გოჩიაშვილი, ავტორი რომლის შემოქმედებითაც მინდა დავიწყო ჩვენი პანორამული მიმოხილვა, არის არა ლექსის მთქმელი ანდა გამო-მთქმელი, არამედ, სწორედ ლექსის ამომთქმელი... და აქ ისევ ივანე წიკლაურის ნათქვამს მოვიხმობ: „ლექსო ამოგთქვამ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე“. ამას გარდა, დაწყებული მისი იმ პირველი სტრიქონებიდან, ლიტერატურულ სარბიელზე ელას გამოჩენას რომ გვამცნობდა, დღემდე მთელი მისი არცთუ მრავალლექსოვანი შემოქმედება ჩემთვის დათო წერედიანის სტრიქონების დადასტურებაა - „ერთი კარი აქვს ორივეს, სიყვარულსა და სიკვდილს“. თავად ელა კი ამგვარად იტყვის: რა ბედნიერი გიჟი ვარ - სიყვარულსაც და სიკვდილსაც ბოლო წუთამდე ვბედავ. ელას ყოველი ლექსი, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს იგი, ავტორის გავლაა ალესილი დანის პირზე. სხვაგვარად წერა მას უბრალოდ არ შეუძლია. იქნებ ესეცაა მიზეზი, რომ რაოდენობრივად მთელი მისი შემოქმედება არათუ მოზრდილ წიგნს, ერთ სტანდარტული ზომის კრებულს ძლივს ეყოფა. მახსოვს, ერთი დიდი ფიზიკოსის თანაკურსელმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თქვენი მეგობარი ამხელა აღმოჩენამდე როგორ მივიდაო, მახვილგონივრულად უპასუხა - ფიზიკის ლექციებს მუდმივად აცდენდა და არ გაუგია, რომ ეს - შეუძლებელი იყოო. ამის კვალად, მეჩვენება, რომ ელა გოჩიაშვილი ისეთ რაღაცებს მიმართავს ლექსში, გვიბიძგებს, ვთქვათ, მას „არ გაუგია, რომ ეს შეუძლებელია“. ალბათ, ამიტომაც, ამაოდ შევეცდებით მისი შემოქმედების მოთავსებას რაიმე „იზმის“ ფარგლებში. თუ მაინც, სათქმელის მხრივ რაიმე თეორიულ სამანებშუა უნდა მოვათავსოთ ელა გოჩიაშვილის შემოქმედება, ვიტყოდი, რომ ალბათ ეს - უფრო ეგზისტენციალიზმის ქართული პოეტური მოდუსი იქნება. ამ გაგებით, პირადად მე მის წინამორბედად უფრო ბესიკ ხარანაული მესახება. მინდა აქვე დავაზუსტო, რომ აქ საუბარი პირდაპირსა და უშუალო გავლენაზე კი არა მაქვს, უფრო პოეტურ ატმოსფეროსა და ერთნაირ ორიენტაციას ვგულისხმობ. ელა გოჩიაშვილის პოეტურ სახე-კონცეპტებს უჭირთ დარჩენა ტრადიციული გააზრების არტახებში. რაკი ავტორი ლექსში მათზე ან მათთან საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხედვის კუთხე - სხვაგვარი, არატრადიციული აქვს, როგორც ხეებისადმი მიმართულ ამ ლექსში: როგორ არავის ებრალებით გაზაფხულისთვის, როგორ ადვილად გიმეტებენ გაზაფხულისთვის. მარტო ფოთოლცვენისას თანაგიგრძნობენ, რადგან ადვილია შიშველი ცრემლის დანახვა და მოფერება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ელა გოჩიაშვილის ლექსებიდან არაერთი მათგანი ქართული პოეზიის საგანძურის შენაძენია, მათი სრულად ჩამოთვლა უწიგნოდ, მეხსიერების იმედად, ამომწურავი ვერ იქნება და დარწმუნებული ვარ, ბევრიც გამომრჩება, უბრალოდ, ჩემს საყვარელ ლექსებს გავიხსენებ: „ჭეჭეთობის ღამე“ „ძახველი“ „მოლაღურების ჭირისუფალს“, „პარასკევი მამის დღეა“, „შაბიამანი“, „მე მიყვარს მხოლოდ მარტის ჩვიდმეტი, მარტის დანარჩენს ვთხოვ, მაპატიოს“, „ძახველი მედგა ისეთი“, „ცხოვრებაგამტარი“ და „ცხოვრებაგაუმტარი“, „ჩემთვის და ჩემი ორი დისათვის“, „მჭირს!“, უფრო ძველებიდან - „მწვანე იასპის ბეჭედი“, „ადამიანი - ცოცხალმშობიარე“. მჯერა ან მინდა მჯეროდეს, რომ ქართველი პოეზიის მოყვარულნი იმდენად კარგად იცნობენ ამ ქმნილებების პირველივე კოდის, სათაურის დასახელებაც ეყოფათ გასახსენებლად. მე ხშირად აღმინიშნავს, რომ თანამედროვე პოეზიაში რაღაც, ტრადიციული თემები თავიანთი „შლეიფებიანად“, რაც წინა პერიოდებში წარმმართველიც კი იყო, მოიხსნა ან მკაფიო მოდიფიკაცია განიცადა და ასეთ ნიმუშად, პირველ რიგში, პატრიოტულ თემას ვასახელებდი. ძნელი ასახსნელი არ იყო, რომ ღირებულებათა ტოტალური გადაფასების ეპოქაში თვით სამშობლოს ტიპობრივმა მოდელმაც განიცადა უზარმაზარი ცვლილება. სამშობლო ელა გოჩიაშვილის შემოქმედებაში შორსაა „ტურფა საქართველოს“ ტრადიციული ხატისგან. იგი უფრო პირგამეხებულ დედინაცვალს წააგავს, როგორც გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ ამ ლექსში „უარი ეთქვას“: მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო, მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, - შურით მღუარი, პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა, თუ არ გიშხუვლო მათრახივით: „ეთქვას უარი!“ შენი ვალებით პირთამდე სავსემ, თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი, ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო თოვლი ირიბი და ალმაცერი. თუ არ გავერთო შენი გაძლებით, თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: „პოეტო, ანტრე!“ მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ, შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე! შემოქმედის ხვედრი საქართველოში ოდენ ამ ლექსით გამოთქმული სატკივარი როდია, სხვაგან ქართველი პოეტებისადმი მიძღვნილ ლექსში „მათქმევინე, დე!“ იგი ამბობს: სამშობლო ხარ! - ამას აღარ ეშველება, მაგრამ, თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს, იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ, როცა მოგვიკითხავ… „როცა მოგვიკითხავ...“ როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც საგრძნობია, ელა გოჩიაშვილის სათქმელის ინტონაცია, თავისი მახვილები ბევრგან წინააღმდეგობაში მოდის ტრადიციული კონვენციური ლექსის რიტმთან, „ეჯახება მას“ ამის შედეგად იქმნება მისთვის ნიშნეული, ინდივიდუალური, რეალური რიტმი და მე ვიტყოდი, მისი პოეტური ინტონაციაც. იგი ქმნის, როგორც კონვენციურ, ასევე თავისუფალ ლექსებს. თავისუფალ ლექსებში - მიმართავს სასაუბრო მეტყველებისა და დიალოგის ინტონაციისა და ფრაზის სპეციფიკურ მომენტებს. ამ მცირე მიმოხილვის დასასრულ, მინდა გავიხსენოთ მისი ლექსი „ცრემლი სამყაროს თვალზე“, მიძღვნილი ბორენა ჯაჭვლიანისადმი, სადაც ვლინდება ელა გოჩიაშილის სტილისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი - ეპითეტურობა. ამ თავისუფალი ლექსის ფრაგმენტული ციტირება არ იქნებოდა გამართლებული, რადგან აქ სათქმელი და სახეობრივი დინამიკა მთელს ლექსშია განფენილი. ის მეტისმეტად ქალი იყო და შეეხეტა სიყვარულში. აბა, ვინ იტყვის, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, ან გზის აბნევა. ის, უბრალოდ, ცაში ავარდა და მიწაზე ჩაბობღება აღარ შეეძლო. ქალი იყო და თავის ჯვარს შეუდგა მხრები, ქალი იყო და თავისი ქვეყანა ნახა. ჰგავდა წვიმას; მართალია, საკუთარი თავით დაღლილს და ფანჯარაზე თავმიდებულს, მაგრამ მაინც ხომ წვიმას ჰგავდა, და ქოლგები გაშალეს ირგვლივ... ტიროდა მთვარისათვის. არც საყვედური, არც სხვა - წუწუნი. დროდადრო სული ერწყობოდა შვების ლექსებად, მერე თვლემდა, ძალას იკრებდა, სანამ ტკივილი ისევ დაკბენდა, წამოაგდებდა და ქვასავით მძიმე კალამს მისცემდა ხელში. ვამბობდი ხოლმე: ტკივილებს შორის დაამებავ, ტკბილო, ნეტარო, მაგ ქალს ცოტა ხნით გაუხანგრძლივდი, რომ არ მობეზრდეთ მშვენიერ თვალებს ასე დიდხანს, ასე ნამდვილად, ასე ხშირად და ბუნებრივად ტირილი მთვარის მიმართულებით, და არასოდეს გამოილიოს სამყაროს ღაწვზე ცრემლი - ჰიმნი სიყვარულისა... არა, არა, რა შეცდომა, რა გზის აბნევა, ის ქალი იყო და, უბრალოდ, სიყვარულში შეეხეტა. იქ კი, როგორც მოგეხსენებათ, სინათლეები არ არსებობს, ხელისცეცებით უნდა იარო, ბედნიერება კი არ არის, სიყვარულია - საწუხარი და სამგლოვიარო. . . . . . . . . . . . . ხანგრძლივი, მძიმე სიყვარულის შემდეგ გარდაიცვალა... ამ მოკლე მიმოხილვის დასასრულ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელა გოჩიაშვილი არა მხოლოდ ჩემი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია, არამედ იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტი ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი