ინტეგრალი - პოეტური, ინტეგრალი - მათემატიკური
გალაკტიონოლოგიური_ოპუსები ნინო დარბაისელი ინტეგრალი -პოეტური, ინტეგრალი - მათემატიკური ჩემი უსაყვარლესი წიგნი, პოეტური კრებული გალაკტიონის ,,არტისტული ყვავილებია”.(1919) რა ვთქვი ახლა ახალი და განსხვავებული ვითომ! ეს ხომ ისედაც ყველა დროის საუკეთესო ქართული პოეტური კრებულია, რომელსაც წელს 105 წელი შეუსრულდა. ამას წინათ წერილიც გამოვაქვეყნე, რას უნდა ნიშნავდეს გალაკტიონთან სიტყვა “ინტეგრალური” და ინტეგრალური მეთოდი, რომელსაც მან მარტომ მიაგნო, სიმბოლისტური სახეთქმნადობის იმიტირებისათვის, შედეგად კი მისი ორიგინალური პოეზია მივიღეთ. გაგახსენებთ, როცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა, იგი საგანგებოდ ინტეგრალებზე სასაუბროდ შეხვედრია მათემატიკოს ილია ვეკუას და უთქვამს, მეც ვიყენებ ინტეგრალს პოეზიაშიო. ახლა წარმოიდგინეთ, რა გალაკტიონური აღფრთოვანება მოჰყვებოდა იმ ამბავს, შეხვედრისას რომ გარკვეულიყო, რომ რაიმე ჰქონდა მათემატიკის, მაგალითად, ინტეგრალურ განტოლებებთან იმას, რასაც გალაკტიონი შემოქმედებით მეთოდად იყენებდა თავისი სიმბოლისტური ქმნილებებისთვის! რასაკვირველია, მსგავსი არაფერი მომხდარა და ამას თავისი ლექსიკონური ახსნა აქვს. მაგრამ ცოტა შორიდან დავიწყოთ გახსენება: გალაკტიონი თავისი სიმბოლისტური სახე კონცეპტების შესაქმნელად ომონიმებს (ერთი ჟღერადობის, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებს), ომონიმთა კომბინაციებს სპეციალურად ეძებს და იყენებს, (მისი ლექსი - “უცნაური სასახლე” ამისი მწვერვალია. ანუ იგი ახდენს სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობათა ინტეგრირებას და ეს - სინთეზის გზაა. სწორედ ამის საპირისპიროა მათემატიკაში ინტეგრალები, რომელიც ანალიზის (!!!) გზაა. სიტყვა ინტეგრალს კი ორი ლექსიკონური მნიშვნელობა აქვს. პირველი - შეერთება შერწყმა, გაერთიანება (ანუ გალაკტიონის, სინთეზური გზა) მეორე - მათემატიკური გზა, რაც დაშლა დანაწევრებას უკავშირდება (ანუ ანალიზის) (იხ. ფოტო 2) ძნელია ლექსიკონში და შესაბამისად ენაში მოიძებნოს ბევრი ისეთი სიტყვა- ერთეული, რომელსაც ორი ასეთი, სრულიად კონტრადიქტორული მნიშვნელობა ჰქონდეს. ცდას ამ მეორე - მათემატიკური მეთოდის მისადაგებისა გალაკტიონის სიმბოლისტური პოეზიისადმი - აბსურდამდე მივყავართ. ფოტო შემხვდა მათემატიკური ინტეგრალის სიმბოლოთი და იმან გამახსენა. (იხ 1 ფოტო)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი