ბათუ, შენ მაინცა თქვი ანუ კატას - ღვიძლი ესროლეს
ნინო დარბაისელი ბათუ, შენ მაინც თქვი ანუ კატას ღვიძლი ესროლეს ეს რომ ცალკე პოსტად არ დავდო, მოვკვდები ???? ვხალისობ, როგორც შემიძლია. ამას წინათ მოწყენილი ვიყავი და გასართობს ვეძებდი, რა ვქნა, რა ვქნა - მეთქი და მოლა ნასრედინის ცნობილი ხუმრობა გამახსენდა: მოლა, შენს ვირს რამდენი ბალანი აქვსო და ზუსტად იმდენი, რამდენი ვარსვლავიცაა ცაზეო. ეგ როგორაო? როგორა და, დათვალეთ ჯერ ჩემი ვირის ბალანი, მერე ცაში ვარკვლავები, მოდით და თუ ზუსტად იმდენი არ აღმოჩნდება, ეს ვირი თქვენი იყოსო. დავდე პოსტი და დავწერე, ჩემზე მეტი თემატური და ფორმობრივ- ჟანრობრივი სიახლე თანამედროვე ქართულ პოეზიაში არავის შემოუტანია-მეთქი. თან დარწმუნებული ვარ, ამის საპირისპიროს დამტკიცებას ვერავინ შესძლებს საქართველოში, რადგან არც ფორმობრივ- ჟანრობრივად, არც თემატიკურად თანამედროვე ქართული ლექსი, აქა-იქ ცალკეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, შესწავლილი ნამდვილად არ არის ისე, რომ თუნდაც ზოგად სტატისტიკურ მონაცემთან შეიძლებოდეს რამის შედარება, მოლას ვირის ბალნისა არ იყოს. თანაც - ჩემს ნაწერებსაც ხომ უნდა იცნობდეს შემდარებელი, თხუთმეტი წელია, არანაირი კრებული არ გამომიცია, ანუ უნდა დაჯდეს და ჩემი ინტერნეტში გაფანტული ნაწერები ეძიოს ოპონენტმა, მე თვითონ რომ ვერ მიპოვნია???? ვაი- მეეე!!! წამოეგნენ და რა წამოეგნენ! - სწორედ ისინი, აზრზე რომ არ არიან, რა აბსურდთან აქვთ საქმე, სულ ახალ ნიკებად დარეგისტრირდნენ, პროფესიონალებმაც წაიკითხეს და ეგრევე მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, მომეფერნენ და გაიარეს…. აი, ავარდნილებზე კი კარგა გვარიანად გავერთე… მაგრამ ბოლო კომენტარმა, რომლის ფოტოსაც აქვე ვდებ, რომ იტყვიან, მომცელა და დამცა! დანარჩენს ტექსტი გეტყვით: Ucha Sherazadishvili ნინო დარბაისელი ,, ბათუ, შენ მაინც თქვი” ანუ “კატას ღვიძლი ესროლეს” უჩა საყვარელო, მეჩვენება თუ ჩათვალეთ, რომ სხვისი ხელებით გეამებათ ეკლების გლეჯა? კერძოდ, ბათუ დანელიასი? ეს რა სასოწარკვეთილად მომუდარე კომენტარი დაგიტოვებიათ ჩემს კედელზე, ჩემი პოსტის ქვეშ: , ,,ბათუ შენ მაინც თქვი”- ო. პირდაპირ, გული ჩამეთუთქა! ასეთი მოკლე ფრაზა ამხელა, უზღვავ ემოციას თუ დაიტევდა, მომკალით და, ვერც წარმომედგინა, პირდაპირ, სალექსო ტაეპადაა დაბადებული. არა, უნდა მოგებაროთ! კლასი მინდა ავიმაღლო მძაფრი ინტონაციის ლაპიდარული ფრაზით გადმოცემაში. არადა, რას ვწერდი ჩემს პოსტში ტყუილს? აგერ დევს და კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, დაკვირვებით: “თანამედროვე ქართული პოეზიის მთავარი ნაკლი - მისი თემატური და ფორმობრივ - ჟანრობრივი სიმწირეა. ამ მხრივ ჩემზე მრავალფეროვანი პოეტი ჯერ არ ჰყოლია. ეს - ფაქტია და ვისაც უნდა, გასკდეს გულზე”. და მაინც, იმის გათვალისწინებით, რომ “ფეისბუქი” - ყველასა და ყველაფერს მოიცავს და ვისაც პოეზია ან პოეტი უყვარს, არაა ვალდებული, მაინცა და მაინც ლიტმცოდნე იყოს, ერკვეოდეს პოეტურ ხელოვნებაშიც, იქვე, კომენტარებში, თუ კარგად ნახავთ, დამატებით განვმარტე არასპეციალისტებისთვის: “გაგიკვირდებათ და მხარეები, რომელიც მე ჩამოვთვალე, სულაც არაა ის, რაც აუცილებლად დიდ პოეზიას ქმნის. მე თვითონ შემიძლია სხვა არაერთი ბრწყინვალე ქართველი პოეტის დასახელება, რომელიც თავის ჟანრში, ფორმაში თემატიკაში - შეუდარებელია და სულ არ საჭიროებს სხვა რაღაცეების დამატებას. ლექსის ყველა მხრით ყველას ვჯობივარ - მეთქი, ეგრეც ვიტყოდი, მართალი რომ იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია: მე თვითონ ვცდილობ, ბევრი ვიკითხო არა მხოლოდ ქართული, არამედ სწორედ მსოფლიო პოეზია და რაც არ არის ქართულ პოეზიაში, ან ნაკლებადაა, ფორმაა თუ თემა, დავამუშაო, გავაქართულო, ანუ თეთრი ლაქები ამოვავსო ქართულ პოეზიაში, კომუნისტური იდეოლოგიის დიქტატთა შედეგად, განვითარების ხელოვნური კონსერვაციის გამო რომ გაუჩნდა. რეტროც მიკეთებია და ამას ვაკეთებ წლების მანძილზე, სავსებით ცნობიერად. ვინც ლექსის პრობლემატიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, მიხვდება, რომ მხარეები, რომლითაც მე, საქმეში ჩაუხედავთა აზრით, თავი მომწონს, რომ იტყვიან, ზღვაში წვეთია, იმდენად რთული სისტემაა ხელოვნების ის დარგი, პოეზიად რომ იწოდება. ეს პროვოკაციული პოსტი კი იმიტომ უფრო დავდე, რომ საკუთარი თავისა და ზოგადად ლექსის მცოდნეებისთვის შემეხსენებინა და თვალნათლივ დამენახვებინა, სინამდვილეში, რა ცოდნაშეზღუდულია ჩვენს სფეროში მკითხველი, მეტადრე, ვირტუალური, რომლის მზაობის იმედიც და ილუზიაც, თითქოსდა ლექსისა რამე გაეგება, მე და სხვასაც სულ ამაოდ გვაქვს.” *** ისევ პოსტთან დავბრუნდეთ! იმისთვის, რომ ჩემი პოსტად დადებული თეზისი მართლა გააბათილოს ვინმემ, საკმაო მუშაობა მოუწევს. სრულად უნდა დააკმაყოფილოს ოთხივე წინაპირობა. ერთიც რომ გამოტოვოს, თუნდაც ნაწილობრივ, არაფერი გამოუვა, რადგან კიდევ ერთი, უსაბუთოდ მოკნავლის როლში აღმოჩნდება, მრავლად რომაა ამ ვირტუალურ შარაგზაზე, “ფეისბუქად” რომ იწოდება: 1. ჯერ ზედმიწევნით უნდა იცოდეს ბათუს შემოქმედება, 2. მერე ჩემი, ასევე ზედმიწევნით. 3. ესეც არ ეყოფა, უნდა ერკვეოდეს პოეტიკისა და საკუთრივ ლექსმცოდნეობის საკითხებში, თანაც ჩემზე უკეთ. 4. თანაც, თქვენს სიტყვაზე უნდა დაჯდეს და ჩემს საკუთარ კედელზე, ჩემი პოსტის ქვეშ დატოვებული თქვენი კომენტარით შთაგონებულმა მუქთად უნდა იმუშაოს?! აბა, ახლა გონებას ძალა დაატანეთ, - ვის იცნობთ ასეთს ირგვლივ, ამ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს? ან რა ვალი უნდა ამძიმებდეს ასეთი ვინმეს პირადად თქვენი ან სხვისი? თუ ასეთ ვინმეს მაინც იპოვით და ის ამ სამუშაოს პატიოსნად შეასრულებს, რომ დაჯდეს და თვალოს ჩვენი, ორივეს ნაწერების ზღვაში - ქვიშა და ცაში - ვარსკვლავები, (მიწიერ სტატისტიკასაც ვერ ასცდება), პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე და იმედია, ბათუც ერთად ვეთაყვანებით. თუ არა და ნება მომეცით, განვაცხადო, რომ ათი მთავრობის… ახლო მეგობრის, ყოფილი, გამობრძმედილი საბჭოთა პარტიული ფუნქციონერის რამენაირად დასაცავად ირჯებით ასე!… და ნეტავი რატომ? ერთს შეგახსენებთ, კაცთა შორის საუკეთესოც რომ იყოს ვინმე, აუცილებლად კარგი პოეტიც იქნებაო, ლოგიკურად მოაზროვნე ასე ვერა კაცი ვერ იტყვის. (ქალი - კიდევ შეიძლება) დასასრულ, ამაზეც დავფიქრდებოდი თქვენს თუ სხვა ოპონენტთა ადგილას: - იქნებ ამ პოსტით ყურადღების დეფიციტის დაძლევის მარჯვე საშუალებას მივაგენი და სწორედ იმიტომაც წამოვიწყე ეს ინტრიგა, რომ თქვენი და თქვენნაირების ძვირფასი ყურადღება მიმეპყრო, ზოგიერთი კი ანკესზე მართლა წამოეგო, თან სასაცილოდ, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის???? როგორ არის ის ძველი ხალხური? - ,, კატას ღვიძლი ესროლეს და იმასაც ეგ უნდოდაო”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი