ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ! ( თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის გამო
ნინო დარბაისელი სტრონი ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ! ამას წინათ ქართული ენის სწავლების პრობლემებით შეწუხებულმა მეგობრებმა მთხოვეს, მეცნობებინა რა მდგომარეობაა მშობლიური ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მხრივ ამერიკაში. აღმოჩნდა, რომ აქ ინგლისური უმაღლეს დონეზე ისწავლება დაწყებითი კლასებიდანვე და ის იყო, უნდა მიმეწერა კიდეც, რომ რაღაცამ არ მომასვენა და უფრო ჩავუღრმავდი საკითხის შესწავლას. ამჯერად სრულიად სხვა დასკვნამდე მივედი, კერძოდ, საერთაშორისო ენის - ინგლისურის - ფუნქციათა არეალს ოდნავაც ვერ უახლოვდება უძველესი ენა ქართული, რომელზეც დღეს მაქსიმუმ, 7 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. ერთი- ორი თაობა სრულიად საკმარისია, რომ მან როგორც ცოცხალმა, საკომუნიკაციო ენამ არსებობა შეწყვიტოს. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ჩვენი ენისაგან განსხვავებით, ინგლისური არის ე.წ “ლინგვა ფრანკო” - თავისებური ენა-ხიდი სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე, ერთმანეთის ენის არმცოდნე მხარეებისთვის საკომუნიკაციოდ, მისი გავრცელების უზარმაზარ არესა და სხვა ფუნქციებზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი, ქართულად მწერი და მოლაპარაკე, ენის მატარებელი, მეტადრე დღეს - გასაფრთხილებელია, მით უფრო, უცხოეთში მყოფი და თანაც პოეტი. პოეზიაზე ნათქვამია, ენის ზარდახშააო. ჩვენი ემიგრანტები პოეზიის ენაზე გვეხმიანებიან ქართულად და საკუთარ ტკივილსა თუ სიხარულზე ლექსად, ქართულად გვიამბობენ. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს ჩვენი გენიოსის სიტყვები: “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!” ცხადია, ყველა ტექსტი ერთი ღირებულებისა ვერ იქნება ამ კრებულში, მაგრამ მისი ეროვნული მნიშვნელობა გაცილებით მეტია. კერძოდ, გვინარჩუნებს ქართულ პოეტურ ენაზე მეტყველების საშუალებას, თანაც სად? უცხოეთში. იგი თავისებური პოეტური ხიდია, გადებული საქართველოდან - მსოფლიოში გაფანტული ჩვენი თანამედროვე ქართველებისკენ. უთუოდ ეს იყო ძირითადი კონცეფცია, მიზანი, რომელიც ახალგაზრდა მოღვაწე კაცმა - ლევან გოგაბერიშვილმა დაისახა. მას უფრო გორვანელის სახელით იცნობენ ჩვენი დროის ერთ -ერთი წამყვანი ჟურნალის “ აფინაჟის” - მკითხველები. სიტყვას აღარ გავაგრძელებ, დასასრულ მოკლედ აღვნიშნავ, რომ ძალზე მახარებს ამ ანთოლოგიის გამოცემა, მომავალ წარმატებებს ვუსურვებ მასში გაერთიანებულ ავტორებსა და შემდგენელს და შემდგომ ტომებსაც (ანუ მათ ელვერსიებს) დიდი გულისყურით მოველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი