გარანტირებულად ცალმხრივი სიყვარულისთვის (გ. ჯაბუშანურის მზექალი)
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა ნინო დარბაისელი გარანტირებულად ცალმხრივი სიყვარულისთვის (გ.ჯაბუშანურის მზექალი) ადრე, ერთ ინტერვიუში ვამბობდი, საერთოდაც რომ არ იყოს ნახსენები ‘’ სიყვარული’ ლექსში, სულაც სიძულვილზე რომ ლაპარაკობდეს მისი რომელიმე ნიმუში, პოეზია მუდამ - სიყვარულზეა. იმსჯელო სიყვარულის გამოსახვის თავისებურებებზე პოეზიაში, ნიშნავს, არასოდეს გაჩუმდე. ამოუწურავია ეს თემა. იქნებ ამიტომაც, ამჯერად მინდა ცოტა სხვაგვარად შემოვწერო კვლევის არე და სიყვარულის გამოსახვის თავისებურებაზე მსჯელობისას ერთი კონკრეტული პოეტის - გაბრიელ ჯაბუშანურის ოდენ ერთ, თუმცა მაგისტრალურ ასპექტს დავჯერდე. ამთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ საკითხის იმგვარად დაყენება, რაგვარადაც მე ვაპირებ, უფრო შემოქმედებითი ფსიქოლოგიის სფეროს უახლოვდება. როგორც სათაურშივე ვცადე დაკონკრეტება, მე მაინტერესებს, რა ფენომენი უდევს ერთ- ერთ მთავარ საფუძვლად გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიაში სასიყვარულო თემატიკას, კერძოდ კი - მზექალის ციკლის ლექსებს. *** ჯერ კი ცოტა რამ პირადი ბიოგრაფიიდან: მე წილად მხვდა, ახლო მცნობოდა გ. ჯაბუშანურის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი - ალექსი ჭინჭარაული. ჩვენს ოჯახში ამ პოეტსა და პიროვნებას ხშირად ახსენებდნენ. ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა ასაკის გამო, არ მეყო გონიერება, ჩამეწერა მემუარული მასალა. ლექსო პაპასგან ვიცოდი, რომ მზექალის გარდაცვალების კარგა ხნის მერე გაბრიელი დაოჯახდა კიდეც და კახელი მედმუშაკი ჰყავდა ცოლად, სახელად სარა, რომელიც ძალზე ზრუნავდა ქმრის ჯანმრთელობაზე, ხოლო მის მეგობრებთანაც, მერეც ღირსეულ ურთიერთობას ინარჩუნებდა. თავს ვერ დავდებ გახსენებულის სიზუსტეზე, მაგრამ ასე ჩამრჩა, თითქოს სარა საავადმყოფოში მისი მომვლელი იყო, იქიდან რომ გამოეწერა გაბრიელი, მწერალთა კავშირიდან რაღაც პატარა ბინა ჰქონია მიღებული, იქაც ხშირად აკითხავდა და უვლიდა. ბოლოს მასთან ოფიციალურადაც გააფორმა ქორწინება. ლექსო ჭინჭარაული გაბრიელს, როგორც მახსოვს კაცების საუბრიდან, რატომღაც გიგლა სარიშვილს ადრიდა და ამბობდა, რომ “აი, გიგლა ხოა უთავბოლოდ განათლებული, გაბრიელი ნაკითხობით მასზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრით ყოფილა. მთელი მსოფლიოს მწერლობა და ნააზრევი იცოდაო.” ასევე მახსოვს, რომ გაბრიელს ქაღალდის ფურცლისადმი განსაკუთრებული მოწიწება მოსდგამდა. ერთ ნაკუწსაც არ გადააგდებდაო და რაც შემხვედრია თაროებზე, წიგნებში მისი ხელნაწერები, ლექსები თუ წერილები, რვეულის ფურცელზე ძალიან წვრილი, უწვრილესი, ” უმინდვროდ’, წმინდად ნაწერი იყო (არ ვიცი, ახლა ეს არქივი სადაა.) ხომ ასე დაჰკანკალებდა ყველა ფურცელს გაბრიელი! ერთ დღეს, მგონი, არხოტში მოუგროვებია თავისი ნაწერები და ცეცხლი მოუკიდებია. ალი ცასა სწვდებოდაო, ეს დაუნახავს იქვე მყოფ ერთ მეგობარ პოეტს გ. გ-ს , თავისი რვეულები მოუხვეტია და იმასაც ცეცხლისთვის შეუკეთებია. გაბრიელს ჯოხით გამოუჩხრეკია, გამოუყრია ალმოდებული იმისი რვეულები სიტყვებით : - ვეჟო, აქ მაგათი ადგილი არ არის, აქ - ნამდვილი პოეზია იწვისო. *** ცხოვრებისეული რეალიებიდან, ვფიქრობ, საყურადღებოა კიდევ რამდენიმე შტრიხი, რაც გონებას შემორჩა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენციაზე, უჩემოდაც, სხვათა მიერაც აღინიშნება. გაბრიელს ჰყავდა უმცროსი ძმა ლეო, რომელიც ხევსურული წესისამებრ ადრიდანვე იყო დანიშნული მზექალზე. ღილღოში რაღაც ლხინის, ქორწილის დროს ეს ძმა ვიღაც მთვრალ მოქიშპეებს შუაში ჩაუდგა და მოკლეს. როგორც ხევსურები იტყვიან, გაბრიელს მზექალის შერთვა ან საერთოდ, სიყვარული, “არ ეკუთვნოდა”. ხევსურეთში ძველი აღთქმისეული ტრადიციები კია არეული ქრისტიანობაში და იმ ტრადიციათაგან ერთი, უძველესთაგანი - ძმის სიკვდილის შემთხვევაში მისი ცოლის შერთვას დასაშვებად კი არა და, აუცილებლობადაც მიიჩნევს, რათა გარდაცვლილი კაცის შტომ არსებობა არ შეწყვიტოს, მაგრამ მზექალი - ხომ მხოლოდ-ღა დანიშნული იყო და არა ცოლი. ამ პრობლემის მეორე მხარე კი ისაა, რომ ძმის ტრაგიკული სიკვდილის ყველაზე ახლო “გარე” მოზიარეც მზექალი იყო გაბრიელისათვის. მზექალი, როგორც მახსოვს, საავადმყოფოში ჭლექით გარდაიცვალა და თბილისიდან ღილღოში დასაკრძალად გაბრიელმა გადაასვენა. *** თან თანაგრძნობაზე, თან მწარე გამოუვალობაზე, ტაბუზე დაფუძნებული ეს სიყვარული არის ის, რასაც ალბათ აპრობირებული, ტერმინიც არანაკლები წარმატებით მოერგებოდა, მაგალითად ,, უპასუხო სიყვარული” , მე კი გარანტირებულად ცალმხრივ სიყვარულად მოვიხსენიებ. რას ვგულისხმობ ამ სინტაგმაში? რანაირად შეიძლება ცალმხრივობა - გარანტირებული იყოს? ვფიქრობ, რომ “უპასუხო სიყვარული” შეიძლება უბრალოდ, უპასუხო იყოს იმის გამო, რომ მეორე მხარე რაღაც გარემოებათა გამო, მოცემული მომენტისთვის არ იყოს მზად, გრძნობაზე იმავე გრძნობით პასუხისათვის. შეიძლება დროთა ვითარებაში გარემოებები იმგვარად შეიცვალოს, რომ ადრე უპასუხო სიყვარული მერე ქორწინებითაც კი დაგვირგვინდეს. თითოეულ ჩვენგანს მოგვეძევება მეხსიერებაში რაიმე, მსგავსი მაგალითი. ამისაგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული მარად ცალმხრივად რჩება. არ არსებობს ქვეყნად რაიმე გარემოება, რომლის ცვლილებაც შედეგად მის ორმხრივობას გამოიწვევდა. ანუ პოეზიის ცეცხლს შეკეთებულობა, მუდმივი შორიდან წვა - ბოლომდე მისი (შემოქმედის) ხვედრია. ეს - არის თავისებური მინუს/ნიშნიანი გარანტიაც, რომ შემოქმედი, მისი შემოქმედებითი ცეცხლი მუდმივია, შენარჩუნებულია რა ოპტიმალური დისტანცია. ეს ყველაფერი ძალზე უახლოვდება ე.წ. პლატონურ სიყვარულს, ოღონდ მთლად მასზე არ დაიყვანება. პოეტი, ზოგადად ხელოვანი - ადამიანია და გარდა შემოქმედებისა, მას სოციალურ, ფიზიკურ გარემოშიც უხდება არსებობა. კიდეც რომ გაეცალოს იგი ყოველდღიურ, წუთისოფლისეულ რუტინას, მაინც მასთან დიალოგშია ჩართული. თუმცა ეს დიალოგი განსხვავებული და თავისებურია. აღმოაჩენს რა საკუთარ თავს ცალმხრივი სიყვარულის პირობებში, შემოქმედს სჭირდება, რომ შენარჩუნებული იქნეს ფიზიკური დისტანცია, დისტანცია, რომელიც ოპტიმალურია სინათლისა და სითბოსათვის, მაგრამ ამ მანძილის დარღვევამ - სიახლოვით გამოწვეულმა მეტისმეტმა მხურვალებამ, ცეცხლმა შემოქმედი შეიძლება გადაწვას და დაანაცროს. რა მოხდება მეტისმეტად დაშორების - მაგალითად, სიკვდილის შემთხვევაში? შეიძლება, ფიზიკური დაშორება შინაგანი დაახლოების მიზეზადაც აქციოს მძაფრმა მონატრებამ, როგორც ეს გაბრიელ ჯაბუშანურის შემთხვევაში გვაქვს, ფიზიკური სიახლოვის წინაშე ძრწოლის წარმოსადგენად კი გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი ბენო ქელბაქიანის ნაამბობიდან, თუ როგორ მიატოვა ტერენტი გრანელის თაყვანისმცემელმა გენერალი ქმარი და პოეტს შემოუთვალა, რკინიგზის სადგურზე დამხვდიო. დასახვედრად მისულმა ტერენტიმ კი მძიმეჩემოდნებიანი ქალი შორიდან რომ დაინახა, სადგურიდან უკამნოუხედავად გაქრა, მანამდე კი მასზე წერდა: მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, გხედავ და გარეთ დღეა მზიანი, ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა, ძვირფასო, რატომ დაიგვიანე! უთუოდ ამავე კონტექსტში უნდა გავიაზროთ გენიოსი გალაკტიონის სიტყვებიც, ‘’რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემიო’. რა ამაოდ ცდება პოეტის მუზად წოდებული არსება, თუ მის ძახილს მართლა დაიჯერებს და ‘’ჩემოდნებით გამოეცხადება’! მოკლედ, შემოქმედს არაერთი გარანტია მტკიცე გარანტია სჭირდება, რომ აუცილებელი დისტანცია არ დაერღვევა, ყველაზე მყარი გარანტია - ყველაზე ტრაგიკული რამ - სატრფოს გარდაცვალებაა, მაგრამ გარანტიათაგან უმთავრესად მაინც, ბიოგრაფთა მიერ, სოციალური არათანაბრობა მიიჩნევა, მაგალითად, ქალი - არისტოკრატია, მეტრფე - სოციალურად შედარებით დაბალი წრიდან გამოსული პოეტი, რომელსაც ისღა რჩება თუ იმის უფლება-ღა ენიჭება, რომ ტრუბადურულად, შორიდან შეამკოს საკუთარი ტრფიალების ობიექტი, საკუთარი ადგილი კი მაინც არ უნდა დაავიწყდეს… აქ, საქმეში ჩახედულ მსმენელსა თუ მკითხველს ალბათ, უპირველესად გოეთეს “ტორკვატო ტასოსადმი” ვეზირის რეფრენი- შეგონება გაახსენდება - ,,ადამიანმა კი თავისი ადგილი უნდა იცოდეს!” მზექალი და გაბრიელი სოციალურად ერთსა და იმავე გარემოს მიეკუთვნებოდნენ. საქმეც ისაა, რომ სწორედ ის გარემო, ის საერთო საარსებო სივრცე კრძალავდა მათ შორის სასიყვარულო პასუხს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვაფრივ, მზექალი ისედაც არ პასუხობდა პოეტის სიყვარულს, რაც ამ ციკლის ლექსებში საგანგებოდ ხაზგასმულია, ანუ ეს არ ყოფილა ორმხრივი, ურთიერთსწრაფვითი სიყვარული, რომელსაც სოციალური გარემოს მიერ ედო ხუნდები და რომლის ნიმუშებსაც მთის პოეზია ცოტას როდი იცნობს.,, სიყვარულსა გაგვიგებენ, დაგვაშორიშორებენო” და მისთ. აქვე ისიც გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ მზექალით არ შემოიფარგლება გაბუშანურის მიერ ხოტბაშესხმულ ქალწულთა გალერეა, (მაგ.’ მეზობელ ქალწულს” და მისთ), საკუთრივ, მზექალის ციკლის ლექსები კი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს: ა) სიცოცხლის პერიოდისა ‘’არა, არა, ეს მზექალი არ არის, ის მშვიდია და თავშალით დადის", აქვე შევიტანდი მზექალის სნეულების ამბებს. ბ) მზექალის სიკვდილისშემდგომი. “მეუბნებიან, რომ აღარა ხარ, ღმერთო, რამხელა სისულელეა! ან მაგალითად, ასეთი: *** გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი, რამდენი გეძებე, რამდენი გეძახე, რამდენი ვიღვაწე, ხმა არ გამეც და უშენობა მეტად ვერ შევძელი, რამდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ იცოდე, მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი, გაიღვიძე, კუბო მორთე, შენს გვერდით მომიწოდე, ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა. ხომ იცი, ხალხს და სოფელს განვერიდე, მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი, გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი? სნეული მზექალისადმი მიძღვნილი ერთი ლექსი ასეთი წინსართი გამიზიარებია ქართველი ინტერნეტ- მკითხველისათვის: მსოფლიო მწერლობის, საკუთრივ კი მსოფლიო პოეზიის ტრადიციას - გარანტირებულად ცალმხრივი სიყვარულისა, საუკუნეთა მანძილზე ქართული გარემოც ერთვის. გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნის პროლოგიდან: იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქია” საუკუნეთა მანძილზე შოთა რუსთველის წყალობით, ჯიქი - სიმბოლოდ იქცა უპასუხო, შორით წვა-დაგვის ამსახავი სიყვარულისა. იქნებ სულაც არ იყოს აქ უადგილო გრიგოლ აბაშიძის საქრესტომათიო ლექსის გახსენება ,, ჯიქთახათუნი” , რომელიც მან მეუღლეს, ლამარას უძღვნა… თუმცა ვიდრე ლექსს შეგახსენებდეთ, აქვე აღვნიშნავ, რომ “ჯიგთა” და არა “ჯიქთა ხათუნი”(!) - დავით მეშვიდე ულუს მონგოლი ცოლის სახელია, მაგრამ გ. აბაშიძე, აკავშირებს რა მას ვეფხისტყაოსანთან, სიყვარულის მარადიულ საგალობელთან, ახალ, “პოეტურ ეტიმოლოგიაში ‘გადაჰყავს’,- ,, ჯიგს” “ჯიქად” გარდაქმნის, ანუ ეს მისი პოეტური ნოვაციაა. ...და შედგა ჩემი ბედის ბორბალი, შეჩერდა შენი თმით დახლართული, შენ ერთადერთი ხარ დედოფალი, ჩემი ოცნების ჯიქთახათუნი. მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება, წვრილი წარბები, წყვილად გართხმული. რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება, და რაღაც კიდევ უფრო ქართული. სად წავალ? შენსკენ მომაფრენს ქარი, ფრთად მექცა შენი ყრმობის უღელი. ყველგან თანა გდევ ფიქრივით ჩქარი, ჩრდილივით ჩუმი და განუყრელი. დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს, შეჩერდეს შენი თმით დახლართული, ვეფხვზე უწყალოვ, ჯიქზე უწყალოვ, შენა ხარ ჩემი ჯიქთახათუნი. , გრიგოლ აბაშიძესთან ვეფხისტყაოსნისეული ალუზიები, კონოტაციული გარემო ზედაპირზევე დევს, მისგან განსხვავებით, ჯაბუშანური საკუთარი კონკრეტიკით ავსებს ქმნილებას და ერთი მონასმით შემოაქვს ვეფხისტყაოსური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. მონასმზე საუბრისას აქვე დავამატებდი ერთ პოეტურ დამთხვევას, მზისმეტყველება ვეფხისტყაოსანში - ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვიტყოდი, ეს - მზიური ნათებითა და მხურვალებით, განსაცდელითა და გმირული ცრემლით გაჯერებული პოემაა. ჯაბუშანურის შორით ტრფიალების ობიექტს კი რეალურადაც მზე-ქალი ჰქვია. თითქოსდა მისი სახელდება იმთავითვე ბედისწერულია, რაღაცით მზე ნესტანის სადარია. ''მზე მოიყვანეს ნავითა' - ვეფხისტყაოსანი წამოდი ცაში .. *** წამოდი ცაში, მაგ სნეულ სხეულს, მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით; მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს, მაინც გამოვთხოვ, არ მოვეშვები! და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა, არ გაიმეტა შენთვის წამალი, გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს, და შენ ჩაგიდგამ! დაე, ალალი იყოს ის შენთვის! თუ ბედნიერი იქნები მგოსნის ქალღმერთი ჯიქი! ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა, თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი! ამ ლექსს რახანია, ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს შორის აქვს ადგილი დამკვიდრებული. აქ ბუნებრივად მახსენდება ორი რამ: ისევ გოეთეს სიტყვები, რომ “დიდ ხელოვნებას - გამოუვალი მდგომარეობა ქმნის” და სანდრო ბოტიჩელის ისტორია, რომელზეც პასუხი არ მომეძევება. მისი მარადი მუზა, სიმონეტა ვესპუჩი, 22 წლის ასაკში ჭლექით გარდაცვალების მერეც რომ სულ ხატავდა (ვენერას დაბადება, პრიმა ვერა და აშ), ბოტიჩელამდე ჯერ ფლორენციის მეფის კარმა უკვე გათხოვილ, თუმცა ასაკით ნორჩ ქალად გაიცნო. უცნაურია ბოტიჩელის ანდერძი - გათხოვილი ქალის ფეხებთან დამკრძალეთო და კიდევ უფრო უცნაურად მეჩვენება ის, რომ ვესპუჩების - ქმრის გვარმა ეს ანდერძი შეასრულა. მზექალის საფლავი ქისტეთში, ღილღოშია, დიდუბეში, გაბრიელ ჯაბუშანურის გვერდით კი მისი მეუღლე, ბოლო წლებში მასზე თავდადებით მზრუნველი სარა მეზვრიშვილია დაკრძალული…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი