ამირან გომართელის “დაფარულსა გავაცხადებ” (გამოხმაურება)


#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
Lali Goguadze
ამირან გომართელი

ნინო დარბაისელი სტრონი

ამირან გომართელი - “დაფარულსა გავაცხადებ” 

  (გამოხმაურება)

აი,  კიდევ ერთხელ, დავასრულე ფაილის კითხვა და  ვიგრძენი, რა მადლიერი ვარ იმ მეგობრებისა, როგორ წრფელად მიყვარს ისინი, ჩემთვის  საკუთარი რაიმე ახალი გამოცემის ‘პდფ“-ისგამოგზავნას რომ არ იზარებენ. ამასობაში   მთელი ქართული თანამედროვე კულტურისა და აზროვნების „ფაილოტეკა“ მომიგროვდა.
  ჩამოვთვლიდი, მაგრამ ჩემი  ამბავი რომ ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება.   
ამჯერად კი  ამირან გომართელის ახალ წიგნს ვგულისხმობ, სათაურით  - “დაფარულსა გავაცხადებ”’ (გამ.  ‘ უნივერსალი, თბ.   2025)
      ვერ ვიტყოდი, რომ მასში გაერთიანებულ  გამოკვლევებს ახლა პირველად გავეცანი. მაგრამ წიგნად შეკრული მაინც რაღაც სხვა, - მთლიანობის განცდას აღმიძრავს. 
      ბესიკ ხარანაულს აქვს ერთი ლექსი ,,ვერ გავიგეთ ეს ანბანი, მეცხრამეტე საუკუნე’.  ამირან გომართელის ამ ახალი წიგნის   რეალურად დისტანცირებული,  მაგრამ ვირტუალურად ახლო და ახალი შთაბეჭდილებით განმსჭვალულს მეუფლება ფიქრი, რომ   პირადად არა მხოლოდ მეცხრამეტე, არამედ მეოცე საუკუნის ანბანიც გასაგები მქონია. 
 და იქნებ ამ მხრივ  მარტო სულაც არა ვარ.
     სათითაოდ შეიძლება ამ გამოკვლევებზე საუბარი და დარწმუნებული ვარ,  ქართული კრიტიკული აზრი ცხოველი  ყურადღების გარეშე უჩემოდაც არ დატოვებს ამ,  ქართული ლიტერატურული კულტურის გულშემატკივართა, მეტადრე სკოლის ქართულის მასწავლებლებისა და   ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჭირო გამოცემას, მე კი ამას-ღა  დავიტოვებ წინასწარ სათქმელად:
        ეს წიგნი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ  ამირან გომართელი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენს ქართველ მკითხველს  საკუთარ ნააზრევს, თუ რაიმე, ხედვის ახალი  კუთხე, ახალი  და მოულოდნელი აქცენტები ეგულება. 
     მისი წერის მანერისათვის არ არის დამახასიათებელი ჭარბი   გატაცება უცხოური ტერმინოლოგიით, რაც უკურნელ სენად გვექცა ქართველებს;  მეტყველებს შესაშურად სადა ქართულით და გარიდებულია დაყენებას ტერმინოლოგიური ბუქისა, გონებაში რომ დაჯდება და დარწმუნდები, ბუქს  შეფარებული მსჯელობა არცთუ იშვიათად  - ტრივიალურზე  ტრივიალურია.
       ამ სტრიქონების წამკითხავს, ვფიქრობ, აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, ვიზიარებ თუ არა,  პირადად წიგნში გადმოცემულ  მის ყველა დებულებას.  
     დავაკმაყოფილებ ამ ცნობისმოყვარეობას და ვუპასუხებ, რომ   ამირან გომართელმა, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ლექტორმა  მეც და სხვებიც თავიდანვე დაგვაჩვია  საკითხის განხილვისას , საკუთარი დასკვნების წარმოდგენამდე, თანა-ფიქრის შეუზღუდაობას, თავისებურ ღიაობას, რომელიც შენ, მკითხველსა თუ მსმენელს პასიური აღმქმნელის   პოზიციაში კი არ გტოვებს, არამედ  შენგან  მუდმივ თანა-აზროვნებას მოითხოვს.  
 თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ეს ყველაფერი  კომუნისტების დროს, იდეოლოგიური შეზღუდულობის პირობებში ჩვენთვის, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჟანგბადივით იყო, ადვილი გასაგები გახდება, რატომ  მეძვირფასება მისი ყოველი ახალი ნააზრევი, რატომ მოველი და მოველი.
     სიტყვას არარ გავაგრძელებ, რადგან ვვარაუდობ, რომ   წიგნი უკვე გამოსულია, იყიდება და ქართველ მკითხველს ჩემი  შორიდან შუამავლობის გარეშეც ელის  ახალი ან კიდევ ერთი საინტერესო, მოულოდნელობებით გაჯერებელი  შეხვედრა  თავის  რჩეულ ავტორთან.

დოქტორი ნინო დარბაისელი სტრონი
აშშ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი