პოეტური აკრობატიკა
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები პოეტური აკრობატიკა სიბერის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იცით, რა არის? არა ადვილად დაღლილობა, ძალის კლება, მხრებში მოხრა, ნაოჭები და დამოკლებული ნაბიჯი, მოჭარბებული სიფრთხილე მოძრაობისას და ა. შ. , აი, გუშინ რა ჭამე, რომ არ გახსენდება, სამაგიეროდ, უფრო ცხოვლად რომ გიბრუნდება ადრეული ბავშვობის შეგრძნებები, განცდები, ფერები, გემოები, სუნები, არომატები და … აი, მაგალითად, მახსოვს, პატარობისას სახემღიმარ, ბაც-ვარდიფერ თუ ბაც- ცისფერ ბრჭყვიალა ტრიკოიან, ოქროსკულულებიან აკრობატებს დაძაბული როგორ ავცქეროდი; ვხედავდი, როგორ ისროდნენ და იჭერდნენ ცირკის ჭერში ჩამობმულ წვრილი ბოგირებზე დაკიდული წვრილივე საქანელებზე მდგომნი ერთმანეთს, ან პირში ჩადებულ რაღაც მრგვალზე ჩამოკიდებულს ჰაერში როგორ ატრიალებდნენ! სადღაც, ჩვენს ზემოთ, მარცხნივ, თავგამეტებით ჭექდა სასულე ორკესტრი, სასიკვდილო ნომრების დროს მუსიკა წყდებოდა, თითქოს სულს იგუბებდნენ მუსიკოსები და უცებ გატრუნულობაში ერთდროულად დასარტყმელს და ციმბალებს (ასეა ქართულად, ბრინჯაოს თეფშები როა, არა?) შემოჰკრავდნენ, რაწამს ნომერი წარმატებით შესრულდებოდა. სადღაც, გულის-გულში, ფიქრის-ფიქრში თუ გრძნობის-გრძნობაში კი ბჟუტავდა სახელდაურქმეველი, მაყურებლური ავი იმედი, რომ შეიძლება, უცებ რაღაც გამწყდარიყო, აკრობატებს წამის-წამი ვერ მოეზომათ და ჩემს თვალწინ საშინელებაც მომხდარიყო. (ახლა ალბათ ვიტყოდი, ქვეცნობიერში გააქტიურებული ამბივალენტური მოლოდინები-მეთქი, მაგრამ მაშინ ხომ ეს სიტყვები არც გამეგონა, ადამიანური ქართულით ვაზროვნებდი და ვლაპარაკობდი). ყოველ წარმატებულ ჯერზე დაძაბულნი ამოვისუნთქავდით და აღტაცებულს იმწუთას მეგონა და მჯეროდა, მეც შემეძლო იმ ყველაფრის ისევე და კიდევ უკეთესად გაკეთება; ო, როგორ მინდოდა, ვინმეს უცებ მეც მათთან ავეშვი! ვხედავდი კიდეც წარმოსახვაში საკუთარ, ჰაერში მოსკოვური ფოჩიანი კანფეტივით მობრჭყვიალე, კოხტად შეკრულ-მოტრიალე სხეულს, ქერა, მოკლე კულულებს, სახეზე - უხვად გრიმსა და დიდ ღიმილს. ახლა ვიცი, სწორედ ესაა მაყურებლური ექსტაზი, ეიფორიული განცდა, ილუზია, რომელიც გამოუცდელ ბავშვს მრავალგზის გამოცდილ მოზრდილთან შედარებით, ადვილად, უცებ ეუფლება და რომლის გამოსაწვევადაც ასეთ სამკვდრო- სასიცოცხლო რისკზე მიდიან სახეღიმილიანი აკრობატები. *** ვფიქრობ, ხელოვნების სხვა დარგებში, საკუთრივ კი ჩემს სფეროში - პოეზიაშიც არსებობს ანალოგიური, რაღაც მკითხველ- მსმენელური ექსტაზი. რას ვგულისხმობ? აბა შეხედეთ, რა უნდა ამის დაწერას! *** _ არაყი? _ ლუდი! _ ერთი? _ ერთი! _ ინებეთ!... _ გმადლობთ! _ ვჯდები კუთხეში... გარეთ წვიმს... ... გნატრობ... არადა, როგორი “ძალიანუმაგრესობაა” , არა? - როგორც ჩემები სლენგურად იტყოდნენ. წარმომიდგენია, რა გულისკანკალით გამოაქვეყნებდა იმდროინდელი პოეტური კონტექსტიდან თითქოს სრულიად ამოვარდნილ, სხვანაირად მსუნთქავ, ამ ლაპიდარულ ლექსს მუხრანი. გაეცნობა ვინმე მუხრან მაჭავარიანისგვარი უმაღლესი პილოტაჟის ოსტატის ლექსს და იფიქრებს, ეს რა არის, ამის დაწერას რაღა უნდა, ეს ხომ მეც შემიძლიაო, ის კი არა და, ამაზე უკეთესადაც კი გამომივაო. მაგრამ ირგვლივ ყველა შურიანია, ბოროტულად მეღობებიან და წინ არ მიშვებენო. გულწრფელია, სრულიად გულწრფელი ამ დროს ადამიანი. უბრალოდ, ვერ აცნობიერებს, რომ თრობისმაგვარი რაღაც, მკითხველური ექსტაზი, ეიფორია აქვს იმ დროს დამართული. *** რამდენი ლექსი იქმნებოდა საუკუნეთა მანძილზე და იქმნება ქართულ პოეზიაში ამის წყალობით. ეტყობა, ადრე ცხოვრებისეული გამოცდილება, პრობლემის ფართო ხედვის უნარი დიდად მაკლდა და ამგვარი თანამედროვე ავტორებისადმი შეუვალად მკაცრი ვიყავი. ნეტა ვინ დამავალა ეს ქართული პოეზიის ციციკორეობა. ლეონიძე კი წერს, ციციკორე - დარბაისელი იყოო, მაგრამ ეს გვარი კი არა, ეპითეტია, მე წინაპრად რატომ ჩავთვალე. დრომ ჭკუა მასწავლა. ეროვნული სათვალმჩენოდან თუ შევხედავთ. დღეს გადასარჩენი - საზღვრებმორღვეული ჩვენი ქართული ენაა, რომელზეც ასე, ათი მილიონი ცოცხალი ადამიანის გარდა, მთელს მსოფლიოში კიდევ რამდენიმე სპეციალისტი ლაპარაკობს და ლექსისქმნადობა - -ავი თუ კარგი უძველესი ქართულისათვის დღეს - პრაქტიკული, წერილობითი “ცოცხლადყოფნის” გზაა. ამოცანას ისიც ამარტივებს და თან ართულებს, რომ გენიოსი გალაკტიონის მოვლენიდან არც ისე დიდი დროა გასული, ამ სფეროში ვინმე ახალ გენიოსს რომ ელოდეს ერი და იმისი მაღალი გადმოსახედიდან ყველაფერი, ეს მისხლური მეტნაკლებობა რაღაცნაირად მაინც, ბავშვურ თამაშად რჩება. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. უმჯობესოა, აქ კონკრეტიკა არ დავკარგოთ! *** კონკრეტული მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: კოვოდის დროს რაღაც ქართული ლიტერატურული გვერდი , ჯგუფი არსებობდა ფეისზე, ,,პარნასი” ერქვა- ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახი, ქართველ-ებრაული წყვილი ედგა სათავეში. თავისთავად რამხელა ამბავია, არა?! იყო ისრაელში და უსასყიდლოდ, 24 საათიან რეჟიმში, სიყვარულით ქართულ ლიტერატურას ემსახურებოდე! იმ გვერდზე ძირითადად დამწყებთა ეროტიკული ლექსები იდებოდა, ეროტიკა ძაან მოდაში იყო მაშინ. ზოგი ვარგოდა, ზოგი - არა, კონვენციურებიდან - ორიოდეს არა უშავდა, სხვა კი ძირითადად თავისუფალი ლექსები იყო, თავადაც სუსტი, მაგრამ საცდურზე წამოგებას, მათი გარეგნობის იმიტირებას - ჩამოგრძელებას და სტრიქონებზე დასახსრვას, თუ პოეტური ტექსტის შინაგან ბუნებაში ვერ წვდები, თუ საკუთარ პოეტურ სმენას, ტემპო- რიტმს არ მისდევ, ან არ გაგაჩნია, ან არ ენდობი, მეტადრე კომპში აკრეფილისას - რა დიდი შრომა უნდა! იყო რაღაც სიმართლე ძველ პოლემიკაში, რომ ამბობდნენ, კონვენციურ ლექსში უნიჭობა უფრო ვერ ინიღბებაო, თუ რაღაც ასეთს. პრინციპში მე ნიჭიერება- უნიჭობის ანტონიმურ წყვილს ვერ ვიღებ ლექსის ავკარგის განმსაზღვრელ კრიტერიუმად, ვთვლი, რომ ნიჭი - პირველი, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა … თუმცა პირველსავე სიტყვასთან მივიდეთ! … და როგორც ჩანს , ფეისბუქელ დამწყებთა ბაძვით, სპეციალობით არალიტერატორმა ვაჟმაც მოინდომა და სცადა რაიმე “პოეტური აკრობატობა”. თან მთხოვეს, ლექსზე აზრი გამოთქვიო. წავიკითხე და ჩემში კრიტიკოსი ლექსმცოდნის თავმოყვარეობამ (ან იქნებ პატივმოყვარეობამ) უდროოდ გაღვიძებულივით თვალები ბრაზით მოიფშვნიტა. იმ ლექსში ასეთი რამ ეწერა ,,შენი თმების ნაზი ქათიბიო”… გავგიჟდი და გადავირიე, ქათიბი - ხომ ხევსურული უკლავო მოსაცმელია, მარტივად ჟილეტი! ამას რას ამბობს, სექსის დროს ადამიანს თავზე ჟილეტი აქვს წამოცმული? ეს როგორ არ იცის, ქათიბი ჟილეტს რომ ნიშნავს, ენაში სალექსიკონო დონეზე ვერ გარკვეულა და პირდაპირ პოეზიას შებედა-მეთქი. საფიქრებელია, რომ იქ, შორეულ ისრაელში, საქართველოს ნოსტალგია მოეძალა და ბავშვობა-ყმაწვილობაში წანაკითხი ვაჟა- ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობის” დასაწყისიდან ეს სიტყვა კი გაახსენდა, მაგრამ მნიშვნელობა ჟღერადობით რაღაცას - მორჩილსა(?) და სილბილეს დაუკავშირა (ქათიბი - სათიბი-?). ეს როგორ იქნება, სადაა ჩემი პროფესიული ღირსება, როგორ ვთქვა - კარგია - მეთქი ლექსზე, სადაც ეროტიკაზე ლაპარაკობენ თავზე ჟილეტდახურულები. არადა ხომ შემეძლო წყნარად მერჩია, ეგ სიტყვა და კიდევ პატარა რაღაცეები ჩაასწორეთ და აზრს მერე ვიტყვი-მეთქი. მოკლედ, სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდაო, რომ იტყვიან, ისე გამოვიდა. მას მერე წლები გავიდა.იმ ჯგუფს კი არა, მთელს ისრაელს დაემუქრა, როგორც ახლა უყვართ თქმა, ეგზისტენციალური უბედურება. ეს დღეები თავს სინანულით ვეუბნებოდი - რა იყო, შე დალოცვილო, შორ ისრაელში შენს “შეიწრებულ” ენაზე ებრაელი ახალგაზრდა კაცი ცდილობს და ლექსს წერს. იმის ნაცვლად რომ გაგხარებოდა და მოფერებოდი, რა “ქოში უკუღმა ყარე”-მეთქი. ეს დღეები მთელი ისრაელისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის და მათიანებისთვის ვლოცულობდი, ღმერთო, მშვიდობით გადაარჩინე- მეთქი. ეჰ, კიდევ რამდენჯერ უნდა მასწავლოს ჭკუა ამ ცხოვრებამ, ამასობაში კი დავბერდი ადამიანი! წეროს ყველამ ქართულად, თუ უნდათ, ბაძონ, თუ უნდათ, იორიგინალონ, ჩვენს მეტი პატრონი ქართულ ენას, რომლის გავრცელების არეც ყოველდღიურად, უკიდურესად ლიმიტირებული ხდება, მსოფლიოში ორიოდე მკვლევარის გარდა, მაინც არავინა ჰყავს და მით უფრო, მოვეფეროთ ქართულად მეტყველ საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებსა თუ არაქართველებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი