გ. ლეონიძის ,,მყვირალობა” - პატრიოტული?
#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები ნინო დარბაისელი ლეონიძის “მყვირალობა” - პატრიოტული? მე ქართულ ლიტერატურას თანდათან ვშორდები და ეს ლოგიკურია. აქ ქართული ბიბლიოთეკა თან არა მაქვს და ადამიანის მეხსიერებას წლობითა და ათწლეულობით განა რამდენი რამის დაუკარგავად შენახვა შეუძლია, თანაც ასაკის მატებასთან ერთად? იქნებ რის თქმასაც ახლა ვაპირებ, ქართულ ლიტმცოდნეობაში გადაღეჭილი საკითხია, საყველპურო ცოდნააო, რომ იტყვიან. თუ სხვის მიერ აქამდე გამოთქმულ აზრს ვითვისებ უნებურად, ამ და სხვა შემთხვევებშიც, წინასწარ ბოდიშს ვუხდი და დაე, ეს თვითნებობა ამსიშორიდან მონატრებულ ქართულ ლიტერატურასთან შეხმიანებად ჩამეთვალოს! ვიდრე სათქმელზე გადავიდოდე, ჯერ გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის შედევრთაგან ერთი: “მყვირალობა” ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი, ტყეები გადიყირმიზა, ენკენისთვეში მთებიდან ისმის ყვირილი ირმისა. ― რასა ჰყვირიან ირმები ყორან-მთას, ყარაიასა? სახუნდარიდან მარეკი გულში გაარტყავს ტყვიასა... ხარი ირემი ფურს ეძებს, მთაში ნასუქი ღიჭითა; ქაფსა ჰყრის გადაკაწრული ეკლებითა და ხიჭვითა. თავი ანება ცალისთვის იალაღების მწვანესა, მოამტვრევს რქების ლაწანით ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა. დაშტერებული ჯოგები მორბიან თავდაყირანი... ხარი ფურს ეძებს ღრიალით, მე - სიყვარულსა მყვირალი! გახელებული ხარი ვარ, გეშს ვიღებ ნიავქარზედა, მაჩვენეთ ჩემი ოცნება, რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა! სულ მივამტვრიო, მივლეწო, გულში რაც გადაირაზა, შევყვირებ, როგორც ირმები ჰყვირიან ყარაიასა! 1928 დაბალი შაირის, უფრო ზუსტად ხალხური შაირის რიტმზე, ხალხურ კილოზე გაწყობილი ეს ლექსი რამდენიმე თვალშისაცემი ნიშნით გამოირჩევა: 1. ლექსის მთავარი მოქმედი არის ხარ- ირემი, ვთქვათ სიმარტივისთვის, მამრი (!) ირემი. 2. ლექსი მის გახელებულ, ვნებიან ტრფობაზეა. 3. ბგერწერულად აშკარად ყურშისაცემია “ია”, იო” ხმოვანთკომპლექსები, ლეონიძისეული პოეტური ხელწერისთვის დამახასიათებელ მკვეთრ, ლოკალურ თანხმოვნებთან კომბინაციებში. ადრე, მახსოვს, ვწერდი, რომ პრინციპულ სხვაობას გალაკტიონისა და ლეონიძის პოეტურ იდიოლექტებს შორის ქმნის სწორედ ერთი მხრით, გალაკტიონის სწრაფვა - “მნრლ”- სონორიკის გზით ლექსის გაკეთილხმოვნებისკენ, მათ შორის სარითმო ადგილებში და ამის საპირისპიროდ - ლეონიძის სწრაფვა “მძიმე“, ლოკალური თანხმოვნებიანი კომპლექსების, მაქსიმალურად გა- ვიტალურებული მეტყველებისკენ. ეს არის ამ ორი პოეტის ორი ურთიერთსაპირისპირო ვექტორი. მოდით და ამჯერად უჩემოდ დაითვალეთ, რამდენჯერაა ლეონიძის ლექსში გამოყენებული ზემოთნახსენები ხმოვანთკომპლექსები ასევე “მძიმე” (“ღიჭის” ,, ხიჭვის “, თავდაყირანის” და ა.შ. ტიპის სიტყვები). ზოგჯერ, თუმცა არა ყოველთვის, პოეტურ ტექსტში დევს ხოლმე რაღაც შინაარსობრივი ან ფორმობრივი გასაღები (კამერტონი?), საიდანაც შესაძლებელია სხვა შრეების გახსნა, გასვლა სხვა ავტორთა ტექსტებზე, ინსპირაციის წყაროებზე. ჩემი აზრით, ამ ლექსში ასეთი სიტყვაა “იალაღების”. ზედმეტად რომ არ ვისარგებლო მკითხველის მოთმინებით, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ლექსის ინსპირაციის ერთ -ერთი მთავარი წყაროდ ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,სიმღერა” მიმაჩნია. საყურადღებოა, რომ ვაჟას ლექსს აწერია ასე - “ (ვუძღვნი ახლგაზრდა მგოსნებს)”. იგი 1896 წლით თარიღდება ანუ ლეონიძის დაბადებამდე ოთხი წლით ადრეა დაწერილი. მიძღვნაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ლეონიძე სამწერლო ასპარეზზე ვაჟასშემდგომი თაობის ახალგაზრდა მგოსნად შეიძლება მივიჩნიოთ ანუ იმად, ვისაც ვირტუალურ დრო-სივრცეში ეხმიანებოდა პოეტი. ჩემი აზრით, ვაჟას პოეტური ნათლული გ. ლეონიძე მისგან მიღებულ ნათელს ამ შემთხვევაშიც ღირსეულად პატრონობს. აქვე გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას ლექსიც, მიძღვნილი მისდამი: გიორგი ლეონიძეს სიჭაბუკის დროს პირველად როს ვახილებდი თვალებსა და ვუცქეროდი მტირალი სამშობლოს განაწვალებსა - ვეძებდი აქეთ-იქეთა ქვეყნის დამხმარე ძალებსა, არავინ უჩანდა დარაჯად ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა. ვტიროდი უფრო ძალიან, ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა... დღეს, ვხედავ, გაჰმრავლებიან მშობელ ქვეყანას შვილები; მტერს არ მისცემენ სათელად თავის სამშობლოს გმირები, მირჩება წყლული გულისა, ბყუჩდები ანატირები. მე დაბლა კი ვდებ ვაჟას მთლიან ლექსს, ,, სიმღერას”, რომ წაკითხვის მსურველს გახსენების საშუალება მივცე, მაგრამ ამ არცთუ მცირე მოცულობის ლექსიდან ჩვენთვის საინტერესო, ორგზის გამეორებულ, ვაჟასთვის ჩვეულ, გალიტერატურულებული ხალხური ,,დაბალშაირის” ოთხტაეპედს, რომელსაც რიტმულადაც მიჰყვება გ. ლეონიძე, თვალსაჩინოებისთვის ცალკე ვაციტირებ: ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ. ამ კატრენს ქართველი მკითხველისათვის ლამის ლექსისგან დამოუკიდებელი არსებობა აქვს მოპოვებული. რა არის აქ მსგავსი, გარდა რიტმიკისა?! - ხარი და “ია” ხმოვანთკომპლექსი; თავად სიტყვა “იალაღი” (საძოვარი ღია ცისქვეშ)- ვაჟასთან -წარმოდგენილია ნამყო დროის მიმღეობად (ნა- იალაღ- არ- ი)- “სიმილის”, ჩვენებურად, შედარების მხატვრული ტროპის გამოყენებით - ხარს “ვგავარ”(!); ხოლო ლეონიძესთან ხარი უკვე ხარ-ირმადაა გარდაქმნილი. მეტიც, იგი უკვე მეტაფორაა. ანუ იგი კი არ ჰგავს(!) ხარს, არამედ უკვე ხარი არის(!) ლეონიძისავე სიტყვებით: გახელებული ხარი ვარ, გეშს ვიღებ ნიავქარზედა. თანაც ლეონძესთან მოქმედებას, ჩემი ამჟამინდელი ფიქრით, ეროტიკულ, ფასადურ პლანს აწმყოს დინამიკა, სიმძაფრე აქვს მინიჭებული. ვინც ჩემს ოპუსებს თვალს ადევნებს, იქნებ გაახსენდეს კიდეც, რომ ადრე , დაახლოებით ათი წლის წინ გიორგი ლეონიძის ეს ლექსი “მყვირალობა” ეროტიკული პოეზიის ნიმუშად განვიხილე. ახლა ვიტყოდი, რომ გვაქვს უნიკალური შემთხვევა არათუ ქართული პოეზიისთვის ტრადიციული - სატრფიალოთი (სამშობლო- სატრფო), არამედ მთლად ეროტიკული ფასადით პატრიოტული სათქმელის ნიღბვისა. შევეცდები აქ უკეთ ავხსნა: ამჟამინდელი, ახალი წაკითხვით მექმნება აზრი, რომ პატრიოტული თემატიკით ცნობილი გ. ლეონიძე “მყვირალობაში” . ვაჟასეულ პატრიოტულ მოტივს კი არ ახშობს, არამედ სამშობლო - სატრფოს ჩვენში ცნობილ მოდელს მიჰყვება, მეტად, თვით ეროტიკამდე ამძაფრებს მას. და თუ ეს დაშვება სწორია, ლექსი “მყვირალობა” - პატრიოტული გამოდის. ერთიც: ლეონიძის ლექსში შავი ფერი ორგანაა აქცენტირებული “ყარაიასა” და “ყორან-მთა ყარაიასა” (ლეონიძე)( შეგახსენებთ: ყარა - შავს ნიშნავს და აქვე ალუზიური გასვლა მევარაუდება ვაჟას პატრიოტულ არწივზე ,,ყვავ- ყორანს ეომებოდა”. ჩემი ფიქრით, გასული საუკუნის ოციანი წლების ტოტალიტარისტული ვითარების წარმოსადგენად ყურადღებოა სტრიქონი “სახუნდარიდან მარეკი გულში გაარტყამს ტყვიასა”. სახუნდარი - სანგარია, ჩასაფრების ადგილი, ხოლო “მარეკი”- ადამიანია, რომლის ფუნქციასაც არა ნადირის კვლა, არამედ მონადირისთვის მარჯვე ადგილას მისი შერეკვა წარმოადგენს, მაგრამ იგი ჩასაფრებული მკვლელია (ჩეკა?) თუ ლეონიძის ლექსის დაწერის თარიღსაც მივაქცევთ ყურადღებას(1928) და შავ ჩოხოსნების ანუ ყარა-ჩოხელების ამბავსაც გავიხსენებთ, იქნებ დამატებითი მოტივი გვეძლეოდეს ლეონიძის ლექსის პატრიოტულად მიჩნევისათვის. ერთი რამ აშკარად იგრძნობა. რაღაც მთავარი და ძლიერია ამ ლექსში უკანა პლანიდან მომუშავე. ეს გ. ლეონიძის პოეტური ხელწერისთვის უცხო ხერხი არაა. გავიხსენოთ თუნდაც მისი ,,ღიმილის ბიჭი ვიყავი” და მისი ძმის ლევანის დაღუპვის ისტორია. და მაინც, ეს ის შემთხვევაა ჩემთვის, როცა ვარაუდებით მივიკვლევ გზას, ამიტომ ჩემგან დასკვნის გამოტანა აქ არ ეგების. თქვენ კი, იქნებ ამ თვალით წაკითხვაც გეცადათ და აზრი გაგეზიარებინათ. ვაჟა-ფშაველა სიმღერა (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთისოფლის თორნეში ბევრი სხვა გამოცხობილა. ჩემს გარდა ასეთს ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა. ყველას სამარე მიგველის, ვინც დედის მუცლით შობილა. საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი, თავი მდიდარი მგონია, ისეთი, თქვენმა ძმობამა, ჯერ არვის გაუგონია. მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა: მთაში - მთა, ბარად - ბარია, ზღვა და ხმელეთი ერთიან, ცას - ვარსკვლავების ჯარია, დილით მზე მანათობელი, ღამის გუშაგი მთვარია, მდიდართ სიმდიდრით ღიღინი, ბეჩავთ ქვითინი მწარია, ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა, ცა მოწმენდილი, დარია; დილით გაფურჩნა ვარდისა, მთელი იმისი გვარია: ია, უღრანს ტყეს მოსული, თალხ-კაბა, ენა-მტკბარია, კლდის თავს გაშლილი პირიმზე, - მთის სასახელო ქალია; მარგალიტივით მდელოზედ ბრჭყვიალა დილის ცვარია. ზამთრის ზვავების ქუხილი, გაზაფხულს წვიმის ღვარია, იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის თუ დამიკეტეს კარია. ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ; საწყალთ საწყლობა რომ მესმის, იმათ ვარამზე ვწუწუნებ; არცროს უსაქმო არა ვარ, მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ. ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გავუზიარებ. სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ. ავის თქმით, ავის ქცევითა გულს არვის დავუზიანებ. ხარს ვგავარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ: ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ; საწყალთ საწყლობა რომ მესმის, იმათ მაგივრად ვწუწუნებ; ხანდახან ჟინი ამიღებს, სიმღერას დავაგუგუნებ. 1896
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი