ტახი
#კალეიდოსკოპი #დილაუზმოს_ფიქრებიდან ნინო დარბაისელი ტახი დღეს სულ ედმონდ კალანდაძეზე ვფიქრობ. მდიდარი პალიტრით, ცხელი და ცივი ფერების თამამი, მე ვიტყოდი, ,,დაუნდობელი” მონაცვლეობით, უხეში, არარაფინირებული მონასმებით სხვა ფერმწერებიც მეგულებიან საქართველოში, მაგრამ მთელი ცხოვრება მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მჭახე, აგრესიული ფასადის იქით, ფერწერა და გრაფიკა თითქოს უნისონში რომ მუშაობენ, გაღწევას შესძლებდი თუ არა, რაღაც უკიდეგანო სევდა გელოდა. (სევდა ცოცხალ არსებად ყოფნა-გაძლებისა? - ვიტალურობის მძაფრად გამოხატვისა, როცა იქნებ სულაც დიდი მარტოობა გაქვს დასაძლევი). როგორი ნახატია, იცით?! თითქოს ოსტატმა-შემოქმედმა უნდა მოასწროს, ჩვენ დაგვიტოვოს და თვითონაც მოასწროს და სიცოცხლის საერთო ზეიმს შეერთოს, მოიხელთოს ,,ცხელი” მომენტი და მნახველისთვის გააუკვდავოს! თბილისში ყველა ყველას ნაცნობია, ყველა ყველას ესალმება კულტურული ღონისძიებაა, თუ ლხინისა და ჭირის სუფრა-თავშეყრა, (ახლა, აღარ ვიცი, ისევ ასეა თუ არა) აი, პირადად კი ისე არ ვიცნობდი, რომ გავკადნიერებულიყავი და მეთქვა, რომ განსაკუთრებით მიყვარს მისი “ტახი”. მგონი, როგორც მახსოვს, მისი ერთი ვერსია ქართული ხელოვნების მუზეუმშია დაცული, არა? ვერ ვიტყოდი, რომ ქართულ ინდივიდუალურ მხატვრობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ( ან ინდივიდუალურ ქანდაკებას, ან მუსიკას და აშ) ამიტომ, მისი ისტორია, შეიძლება ითქვას, ქმნადობის პროცესშივე იწერებოდა, როცა იწერებოდა. შეფასების კრიტერიუმების გამომუშავებასთან ერთად. ხელოვნების კრიტიკოსებს უჩემოდაც გამოწვლილვით ექნებათ შესწავლილი ეს ნახატი. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის, როგორც არასპეციალისტი მნახველისთვის, გამოსახატავად ერთი სიტყვაც საკმარისია - ,,მაგარია!” (მაპატიეთ, ილუსტრაციები აქ ვერ იდება. ფეისბუქზეა, ჩემს გვერდზე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი