პოეტური ეტიმოლოგიების თარგმნის პრობლემისათვის


#ოპუსები

ნინო დარბაისელი

“პოეტური ეტიმოლოგიების” თარგმნის პრობლემისათვის

ამას წინათ ცვეტაევას ერთი ლექსი ვთარგმნე, მარჯვენა ხელს გიწვდი, რადგან  ,,პრავაია რუკა - პრავედნაიააო” . ეს - “პოეტური ეტიმოლოგიის” კერძო  ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.
    ენათმეცნიერული მიდგომის შემთხვევაში “პრავაია” - “ პრავედნაიასგან” არ მომდინარეობს.  პოეტი კი ასეთ კავშირს ხედავს და საგულისხმო სათქმელისთვის იყენებს. პოეტთა ნაწილი არცთუ იშვიათად იქცევა ასე.
შეგახსენებთ:
  პრავედნიკებად იწოდებოდნენ ქრისტეს ცხოვრების გზის  მიმდევარი ქრისტიანები.    გააკეთებ  “მართალს”?! “მართლმავალს”?!მართმიმდევარს? - შინაარსობლივად კი სწორია, მაგრამ  რას ჰგავს!
  ფინალი მთლიანად ფუჭდება.
    მთარგმნელობით საქმეში არის ერთი მუდმივი დილემა - რაკი არავინ გავალდებულებს, მაინცა და მაინც ეს ლექსი თარგმნეო, რატომ იკლავ თავს, შვილო!
უთარგმნელია?!
- შეეშვი და რამე სხვა ნახე!
მაგრამ.. მაგრამ არის რაღაც, სპორტული ჟინივით. მაინცა და მაინც ის  სირთულე რომ გინდა დასძლიო.
  მარჯვენასთან ეტიმოლოგიურად და შესაბამისად, ბგერობრივად ახლოა მარჯვე - მარჯვენა, მარჯვეს კი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს ჩვენს ენაში,  ყოჩაღი, მოხერხებული და  მისთ. აქ არ გამოდგება.
    ვარიანტებიდან საბოლოოდ ამაზე შევჩერდი ,,ტანჯული მარჯვენა”.
  ბგერობრივი კავშირი - მკვეთრია, თან კონოტაციურად ტანჯვა ხომ არის დაკავშირებული ჯვარცმასთან. კავშირი კი არაა პირდაპირი, კონოტაციურია, მაგრამ მე სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. სხვისას - უკეთესს - მივესალმები.
ნათქვამი  რომ უფრო თვალნათლივი გამომივიდეს,  მთლიანად დავდებ ორიგინალს თარგმანიანად:

მარინა ცვეტაევა

არ გაცბუნებ
***
არ  გაცბუნებ, არ გასმევ
ქალურ ბალღამებს.
მარჯვენა ხელს გიწვდი მე-
წერით ნაღამებს.

პირჯვარს ამით გადავწერ
ღამით - სალოცავს,
მას,  ვისთვისაც რამეს  ვწერ,
ღვთით რაც მომეცა.

მარცხენას -  ტლუს ვუწოდებ,
ცრუსი არ მჯერა.
აჰა, გამოგიწოდებ -
ტანჯულ მარჯვენას!

1918
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

He смущаю, не пою

Не смущаю, не пою
Женскою отравою.
Руку верную даю —
Пишущую, правую.

Той, которою крещу
На ночь — ненаглядную
Той, которою пишу
То, что Богом задано.

Левая — она дерзка,
Льстивая, лукавая.
Вот тебе моя рука —
Праведная, правая!

1918

***

შემთხვევა მეორე:
გუშინ ესენინის ერთი ცნობილი,  უწმაწური ლექსი ვთარგმნე, მის ყველაზე მცირე მოცულობის ლექსად რომაა მიჩნეული. ამბობს,  დამიჯერეთ, ახალ”სენოში” ანუ  თივაში სექსს არაფერი სჯობია, დამეჯერება, იმიტომაც, რომ ჩემს გვარში ,, სენოაო”
    ესენინის პოეზიის მოყვარულებმა იციან ერთი პარადოქსის შესახებ.
  გარდა მისი საყოველთაოდ ცნობილი რამდენიმე  “წესიერი” ლექსისა,  ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის,  დღეს მითუმეტეს, იგი უწმაწური ლექსებით უფროა ცნობილი და შეიძლება ითქვას, მთელი ზეპირსიტყვიერი თუ ლიტერატურული ციკლებიც კი შეიქმნა მისი სტილის  ზედმიწევნითი იმიტირებით,  რომელთა აუთენტურობა - არააუთენტურობის პრობლემას  დარგის სპეციალისტებიც კი ვერ უმკლავდებიან.
  …. და  აქ ისევ ფინალში, ლექსის ყველაზე მგრძნობიარე ადგილას -,,პოეტური ეტიმოლოგიაა”!
    ესენინის ამ მცირე  ლექსს წერილის სტილი აქვს.
თქვენი “სერგეი ე- სენ- ინ”- იო ბოლოს  ამბობს ანუ საკუთარ გვარს ,, სენ- ოს” - თივას უკავშირებს.
გვარს ხომ ვერ შეცვლი, მთიბელაშვილზე ხომ არ გადმოიყვან, არა?!
  გვარ-სახელიც ერთად - ნამეტანი ვრცელ სალექსო ტაეპს გვაძლევს.
    რა ვქენი?
    სერგეისთვის წინა ტაეპში გავაკეთე ბგერწერული კავშირი- “ სარგოა” და ქვემო ტაეპში მხოლოდ  “ს”- ინიციალი დავტოვე.
ესენინს კი ზვინი- გავურითმე. (ზვინი/ ესენინი).
  ქართული რითმის კულტურის კვალობაზე ეს კი დიდი ვერაფერი რითმაა, მაგრამ უკეთესიც არაფერი ერგება…
ანუ მუღამის  ერთი მეოთხედი კი გადმოვეცი, რაღაცნაირად, მაგრამ სამი მეოთხედის დაკარგვა მომიხდა. თარგმანში ლამის მთელი ტვირთი - ფრივოლურობას წამოეკიდა.
აქაც, თვალსაჩინოებისთვის, გადმომაქვს ორიგინალი-თარგმანითურთ:

***
მდედრის სახმარად სულ ახალი სარგოა ზვინი.
გწერთ სიყვარულით, მარად  თქვენი  ს. ესენინი.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ебите баб на свежем сене
С приветом к Вам, Сергей Есенин!

და საბოლოოდ, აქაც -
ვინმე უკეთეს ვერსიას თუ გაგვაცნობს, გულით გამიხარდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი