წარმართობა ბარათაშვილის “მერანში”
#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები #ზარდახშა ნინო დარბაისელი წარმართობა ბარათაშვილის “მერანში” საერთოდ მიღებული ტრადიციის მიხედვით, “მერანს” ქრისტიანული რწმენით შთაგონებულ ნაწარმოებად მიიჩნევენ. მეტიც, არსებობს შრომები, რომელიც პირდაპირ მამათა ცხოვრებას, ბიბლიურ სიღრმეებს აღმოაჩენს მასში. აქ, ჩემი ფიქრით, არის ერთი პრინციპული, საწყისი შეცდომა. კერძოდ, ლექსი ერთმნიშვნელოვნად აყენებს ბედის, მისი გადალახვის მაგისტრალურ პრობლემას - ეს წარმართობაა, ხოლო ქრისტიანული სარწმუნოება აღიარებს არა ბედს, არამედ პროვიდენციას - განგებას - უზენაესის, ღმერთის ნებას, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, ღმერთის ომნიპოტენტურობის, ანუ ყოვლისშემძლეობის ძალით. ამას გარდა, “ფეითი” - ფატალურობა, ბედი ანუ წინასწარ დეტერმინებული, კონკრეტული პიროვნებისა/ პიროვნებათა თუ მოვლენის განსაზღვრული რამ მომავალი, ქრისტიანობის მიერ პრინციპულად აუღიარებელია. უპირისპირდება რა მის არსს. ქრისტიანობა - კი გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ ამ არჩევანის, გადაწყვეტილების მერე პასუხისმგებლობისაგან უკვე აღარ გვათავისუფლებს. ამ გაგებით, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იგი პასუხისმგებლობის რელიგიაა, იმ უპირატესობით, რომ მონანიებული, აღიარებული ცოდვების მიტევებით, თანა წასატანების “შესუმბუქებით” ცათა სასუფევლისკენ გზას მივუყვებით. ესაა - გზა ქრისტესმიერი. *** ვიცით, რომ ბარათაშვილი - ქრისტიანულ გარემოში აღზრდილი პიროვნებაა, არსებობს აზრიც, რომ სოლომონ დოდაშვილის წყალობით, იგი თავისი დროის პროგრესულ ფილოსოფიურ მოძღვრებებსაც იყო ნაზიარები. არაა გამორიცხული, რომ “მერანში” (გვიან, ი.კერესელიძემ უწოდა ასე, “თავგანწირული მხედარიც” - სხვათა, შემდგომდროინდელთა გამომცემელთა შერჩეული სათაურია, ხელნაწერში ეს ლექსი უსათაუროა და პირველი სტრიქონითაა მონიშნული - ,,მირბის, მიმაფრენს”) - ბარათაშვილი რაიმე მსგავს ფილოსოფიურ მოძღვრებასაც ეყრდნობოდეს, მაგრამ ამჯერად, როგორც ძველები იტყოდნენ, ტყეში პანტის მაძიებელი თურაშაულის პატრონივით არ მოვიქცევი და მე ქართულ არეალში დავრჩები. ჯერ გავიხსენოთ, რა უნდა ამ ლექსის ლირიკულ გმირს, ანუ რას ესწრაფვის იგი! მარტივად, მას უნდა, ქროლვით (ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია - გალაკტიონი - “ლურჯა ცხენები”) გადალახოს საკუთარი ბედის - ფატალობის სამზღვარი, რათა თანამავალ ვარსკვლავებს ამცნოს გულისა მის საიდუმლო. ( მნათობებთან - პიროვნული ბედის დაკავშირება, მათი განლაგებით განსაზღვრა - წარმართულია) და თუ ამას ვერ შესძლებს, მის გაკვალულ გზაზე მის შემდგომად, მის მოძმეს მაინც, ჰუნეთი გაუადვილდება ამ მიზნის მიღწევა. თანამავალ ვარსკვლავების - სხვაფრივ, ბედის ვარსკვლავთა თემას პოეტი სხვაგანაც ეხება, (“რად მჭმუნვარებ ჩემის ბედის ვარსკვლავო”), ხოლო მის ისტორიულ პოემას საკუთარ პ დიდ პაპაზე ერეკლე მეორეზე პირდაპირ, “ბედი ქართლისა” ჰქვია. თუ ბარათაშვილის მთელს წერილობით ტექსტებს, შემოქმედებასა და პირად წერილებს ერთიან მოცემულობად ავიღებთ, (“მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს მხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარებისათვის დაბადებულიო!”) შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედის - ფატალურობის კონცეპტი ერთ-ერთი მაგისტრალურია მასთან. განსხვავებით ძველაღთქმისეული ტექსტებისაგან, ახალი აღთქმა, ქრისტიანთა მთავარი წიგნები, ახალ ქადაგ-მკითხავთა, პროფეტთა და ასე შემდეგ როლის შესახებ არაფერს გვამცნობს, გვყავს მხოლოდ ქრისტე,რომელზეც გაცხადდება ძველ წინასწარმეტყველთა სიტყვები და მოციქულნი, რომელნიც მის ღვთიურ სიტყვას ამცნობენ ადამიანებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ მართლმადიდებელ ქრისტიანობაში, მრავალსაუკუნებრიობის მიუხედავად, დღემდე ძლიერია ქართული წარმართობის ნაკადი. ეს განსაკუთრებით საცნაურია მთის - ფშავ-ხევსურეთის რელიგიებში, რომელნიც დღემდე ინახავენ მსხვერპლშეწირვის რიტუალებს, ქადაგ-მკითხავთა ინსტიტუტსა თუ ბედისწერის გამოცნობის, ბედით დეტერმინებულობის რწმენას, ანუ შიდა და გარე სამყაროს წარმართულ აღქმას. ვფიქრობ, ეს ქმნის პირობას, ქართულ მართლმადიდებლობაზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე ფიქრისა და საუბრისა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილი როდია პირველი, ვინც სამყაროს წარმართულ აღქმას გამოხატავს. წარმართული პლანი, ფატალურობის აღიარება ყველაფერთან ერთად - ვეფხისტყაოსანშიც ძლიერია. (“ ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდა, მოცაგხვდების”, “ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა”). სარწმუნოებრივად - ვეფხისტყაოსანში ჭიდილია წარმართობისა და მონოთეიზმისა, ბედისა და განგებისა (“არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა”). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რომის იმპერიაშიც, რომლის წიაღშიც წარმოიშვა და განევრცო ქრისტიანული სარწმუნოება, განსაკუთრებით ადრეულ საუკუნეებში, ქრისტიანობამ მემკვიდრეობად მიიღო არა მხოლოდ წინარექრისტიანული მონოთეიზმის, ებრაული რწმენა ერთი ღმერთისა, არამედ მთელი ბერძნულ-რომაული პაგანური მსოფლმხედველობა და კულტურა და მოახდინა მისი შემდგომი მოდიფიკაცია. (აქ სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან ამ საკითხზე არაერთი ფუნდამენტური გამოკვლევა არსებობს.) ეს მიბიძგებს, ბარათაშვილის ,,მერანი” მივიჩნიო საკუთრივ ქართული მართლმადიდებლობის გამომსახველ ტექსტად, მისი ლირიკული სუბიექტი კი მართლაც მემკვიდრედ თავისი მოძმის “წამლის ყოვლი ღონითა მძებნელი”, ცხენზე ამხედრებული ავთანდილისა. ნიკოლოზ ბარათაშვილი მირბის, მიმაფრენს მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა! რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა; საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო! კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას, და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის; შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის! სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი! გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი! დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი! ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება; და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს! მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი