ანაფორა


#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
#ჭაშნიკი

ანაფორა

     შეგიმჩნევიათ ალბათ, ზოგ ლექსს იმგვარი სინტაქსური პარალელიზმები - ანუ მეორადი მარიტმირებელი საშუალებანი  ახასიათებს (პირველადი - ჩვეულებრივ, მეტრული სქემის მიმდევარი რიტმია ქართულში, ზოგი - რითმასაც აქ განიხილავს) - რომ მაგალითად, ტაეპი (კონვენციურობის შემთხვევაში) ან სტრიქონი  ვერლიბრისა)  რაიმე, ერთი და იმავე სიტყვით იწყება. 
    ამის კლასიკურ ნიმუშია შექსპირის  საყოველთაოდ ცნობილი 66-ე სონეტი, რომელსაც რეზო თაბუკაშვილის ბრწყინვალე თარგმანით იცნობს ქართველი მკითხველი. 
    ორიგინალისეული, თანწყობითი “და” კავშირი (And needy nothing trimm'd in jollity, And purest faith unhappily forsworn,
And guilded honour shamefully misplaced)  მასში მთარგმნელმა წარმატებით შეანაცვლა ქვეწყობითი, მიზეზობრივი კორელატით ,,რადგან” :

66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

საკუთრივ ქართული მასალიდან ჯერ ხალხური გავიხსენოთ,  ამირანის ეპოსიდან
ყამარს რომ ეუბნება  განწირული მამა:

რისთვი გაგზარდა დედამა, 
რისთვი გეტყოდა ნანასა…

და ყამარი პასუხობს:

არცრა გამზარდა დედამა,
არცრას მეტყოდა ნანასა…

შემდგომში ეს გამოიყენა ვაჟა-ფშაველამ:

***
მარტო გამზარდა დედამა,
გამიშვა ქვეყანაზედა,
ის მიანდერძა, რო მევლო
საქვეყნო ბეგარაზედა.
მეც არ ვღალატობ ანდერძსა,
ვჯახირობ ახირებული:
გზას ვწალდავ ნარ-ეკლიანსა
საშრომლად აბირებული,
დღე და ღამ თვალ-ცრემლიანი,
მუდამ ჟამს ატირებული.
მაინც არ ვსდრკები, წინ ვიწევ
და მტრობა დაძინებული
იღვიძებს, როდი მასვენებს,
კისერშია მცემს მჯიღითა…
უიარაღოდ შთენილი
ზოგან კლდეს ვამტვრევ კბილითა,
ზოგჯერ. ნუ გაგიკვირდებათ,
წყალსაც კი ვზიდავ ცხრილითა.
არ იქნა. ჩემი სიცოცხლე
ვერ დავაყენე დონეზე:
ხან მოთმინება დავიწყე,
ხან დავემყარე ღონეზე.
ვერაფერს გავხდი, ვყიყინებ,
როგორც ბაყაყი ოლეზე.

ვაჟას უყვარს ანაფორები, მათ შორის ფლექსიურებიც ანუ როცა უცვლელად კი არ იმეორებს, არამედ ლექსითი ტექსტის სხვა მაორგანიზებელი ელემენტების წყალობით, მასში ცვლილება შეაქვს , თუმცა ფუნქციურად - პოზიცია იგივე რჩება.
(მაგ  რაფიელ ერისთავის:

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.)

 ვაჟამ  ზემოთ მოხმობილ ლექსში ასეთი ანაფორა გამოიყენა:

ხან მოთმინება დავიწყე,
ხან დავემყარე ღონეზე.


 გავიხსენოთ ამასწინ დადებული ლექსი მუხრან მაჭავარიანისა, რომელიც  ქართულებიდან ამ მხრივ ჩემთვის  ყველაზე თვალნათლივი ნიმუშია.         
     საერთოდაც,  ვიტყოდი, რომ ეს ლექსი ინტონაციური გრადაციის საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია ქართულ პოეზიაში. 
   ცოტა გადავუხვევ საკითხს და აღვნიშნავ, რომ ყოვლად ტრივიალური, მე ვიტყოდი, საგაზეთო კლიშე-ფრაზით, უწყნარესად დაწყებული ეს მცირე ქმნილება, ფინალში, ანაფორული და სხვა გამეორებების წყალობით, კიბურად  უმაღლეს რეგისტრში ადის (იქნებ  მერე მთლიანად განვიხილო კიდეც ამ თვალსაზრისით, თუ უკვე გამოკვლეული არაა) 

საქართველო

ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,
ვინც არ უნდა იყოს იგი - ფინელი თუ ინდოელი,
ვინც გლეხია,
ვინც მუშაა,
ვინც სიმართლის მძებნელია -
საქართველო არ უყვარდეს - ყოვლად შეუძლებელია!

კიდევ უფრო, კიდევ უფრო იღორძინე, საქართველო,
კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო,
კიდევ ერთი რუსთაველი,
კიდევ ერთხელ აამღერო;
შენც იხარო -
ჩვენც გვახარო, -
გამხნევდე და გაგვამხნევო,
გევალება,
საქართველოვ!
შეგიძლია,
საქართველოვ!
გაგიმარჯოს,
საქართველოვ!

    დღესდღეობით, რაკი ვერლიბრი ძირითადად უარს ამბობს  ლექსში პირველადი მარიტმიზირებელი საშუალებაზე - კონვენციურ, “ მეტრულ”რიტმზე ან იყენებს მას,  არა საზოგადოდ დადგენილი წესით, არამედ ინდივიდუალური სურვილით, ანუ სადაც და როგორც საჭიროდ მიაჩნია ავტორს, პოეტური ტექსტის მეორადი მარიტმიზირებელი საშუალებების აქტუალიზება ხდება. მათ შორის, ამჯერად  ჩვენთვის საინტერესო -  ანაფორა, (რეფრენისა და პარალელიზმის სხვადასხვა სახეობასთან ერთად)  აქტიურად გამოიყენება. 
  აქ უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ  უმჯობესია,  ეს თქვენი დავალება იყოს!

დავალება:

მოიძიეთ და დადეთ, ან თავად შეთხზეთ კონვენციური ან თავისუფალი ლექსი ანაფორის გამოყენებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი