ფიროსმანი - დუქნის მენიუები


#ოპუსები

ნინო დარბაისელი

ფიროსმანი - დუქნის მენიუები

     ველოსიპედი - ორი საუკუნის წინ უჩემოდაც აღმოჩენილია. 
    ფიროსმანზე დიდი სახელი ქართული ინდივიდუალური მხატვრობის ისტორიაში - არა გვაქვს. 
სირცხვილი ჩვენი! 
თუმცა  ზოგადად კი, მაგრამ უშუალოდ ჩვენი  - რატომ? 
ჩვენი ლამის უშუალო წინაპრებისა!
 - კაცი,   აგერ, წინა საუკუნეში გარდაიცვალა და  დღემდე  ზდანევიჩის ნაამბობის მიხედვით,  პიკასომ რომ  მის უნახავად  აბსტრაქტული გრაფიკული პორტრეტი შექმნა,  ფიროსმანის იმაზე “უტყუარი” რამე  სურათი, რაიმე  ფოტოც არ მოგვეძევება.
    დარწმუნებული ვარ, ეს “საჩემო ველოსიპედი” - ჩემი ახალი აღმოჩენა სახვითი ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებს ისე ექნებათ აქამდე საქრესტომათიოდ გადაღეჭილი, მომისმენენ და მოწყალედ გამიღიმებენ!
   ჩემს და დარწმუნებული ვარ, სხვა მნახველთა ყურადღებას ფიროსმანის, ასე ვთქვათ,  ,, დუქნური” სერიის ნამუშევრებში ერთი მომენტი განსაკუთრებით იქცევდა:
    საჭმელები, რომელიც მოქეიფეებს წინ “ბრტყლად” ეწყოთ, სრულყოფილად,  ლამის  ფოტოგრაფიულ  დონეზე იყო გამოსახული.
    ბოლო დრომდე საჩემო დასკვნაც კი მქონდა. 
ფიროსმანი გაჭირვებული კაცი იყო, მშიერ-მწყურვალი დადიოდა და საჭმელს ასეთი პირზე ნერწყვის მოსაყენებელი მანერით იმიტომ გამოსახავდა, რომ  ალბათ  სულ მშიერი ხატავდა-მეთქი…
    მაგრამ, მგონი,  სწორი  პასუხი (კიდევ ვიმეორებ, საჩემოდ, თორემ ცნობილიც იქნება!!!) იტალიაში ვიპოვე.

***
    კატა რასაკვირველია, პატარა ცხოველია, მაგრამ მასსავით არა ცხოველი არა ჰგავს ლომსა” - გოგებაშვილის დედაენის საკითხავიდანაა, არა?
   აკაკისაც ხომ  აქვს თავის თავზე  ,,და შენც ტარიელს მიჰგავხარ, ისე ვით კატა ლომსაო”
   თბილისი რომს სწორედ ასე მიჰგავს, როგორც კატა - ლომს.
   რეალურად, მთლად მასსავით ძველი და ისტორიული  ვერ არის, ვერც მასსავით მშვენიერი,  (მშობლიურობის გამო მშვენივრად აღქმა - სხვა ამბავია), მაგრამ მაინც ძალიან ჰგავს, თუნდაც იმით, რომ მასსავით მრავალეროვანი იყო და არის.
  დღეს ტექნოლოგიები ისე განვითარდა, ლამის ყველას ტელეფონში გვაქვს უფასო აპლიკაცია, უცხო ენაზე მოლაპარაკეს მიაპყრობ და შენთვის სასურველ ენაზე გინდა წერილობით, გინდა ხმოვანად. იმწუთას გითარგმნის, შენს პასუხსაც ასევე წამებში გადასცემს მშობლიურ ენაზე და კომუნიკაცია უპრობლემოდ განხორციელდება.
     თბილისელმა მედუქნეებმა, ყველა თბილისელივით საყველპუროდ და იქნებ მეტადაც  ქართული, სომხური, “თათრული”, რუსული - ეს ძირითადი  ოთხი ენა იცოდნენ, მაგრამ  - ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური? მეცხრამეტეს ბოლოს და მეოცის დასაწყისში კი სწორედ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ნაკადმა იმატა.
ორი დღის წინ პომპეის ბორდელებზე რომ გიამბეთ,  ის ფოტოებიც  ხომ დაგიდეთ, სექსუალური მომსახურების სახეობები რომ იყო გამოსახული - მხატვრობის ფრესკულ ენაზე გადმოცემული მენიუ, რაც უადვილებდა ენის არმცოდნე მეზღვაურებს, აერჩიათ და მოეღოთ სასურველი მომსახურება/ მომსახურებები.
    რომის  ძველ რესტორნებშიც სწორედ ასე, კედლებზე, ფრესკული ტექნოლოგიით ან უფრო გვიან, თეთრ ზედაპირზე, კიდევ უფრო გვიან - კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე, შესასვლელში დახატულია მენიუ.
    შეხედავ და აირჩევ, თითით ანიშნებ,  რაც გინდა, ინგლისური ცოტამ იცის და არც სჭირდებათ.
ანუ ფიროსმანის ეს ნამუშევრები არც მეტი არც ნაკლები,  არის  ამა თუ იმ თბილისური დუქნის მენიუები!
    ფოტოებზე
მენიუ იტალიურ რესტორანში, ოღონდ ფლორენციაში. ჰქონიათ შებოლილი შაშხი, პური, ღვინო, ლიმონჩელო იტალიური ლიმნის ლიქიორი), ძეხვეული და კიდევ რადაც, უსათვალოდ ვარ და ახლა კარგად ვერ ვხედავ.
ფიროსმანის ნამუშევრებს კი ყ ელა ცნობთ, სხვაც ცოტა როდი აქვს ასეთი ტიპისა, ესენი უცებ მოვძებნე გუგლით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი