ჩუბჩიკას ,,ციური რიდე”


#მემორია
 #გალაკტიონოლოგიური_ოპუსები

 ნინო დარბაისელი

ჩუბჩიკას ,,ციური რიდე”

დაგვიზამთრდა…როცა გარეთ ასე ცივა და ბუხარს ვეფიცხები,  გულში გალაკტიონის ლექსებს ვიმეორებ:

გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,
კიდევ ედება გედები მწუხრის
გედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.

რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო,
უფრო სავსეა გზა ამ გედებით,
და სიყვარული, ვით ვატერლოო,
მოფენილია ამ იმედებით;

სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,
რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.

სულ ერთი არის: ღვინით ან ქალით,
ან ყვავილებით - გაჰქრენ ვნებები.
შუბლზე გადვისობ ხელებს კანკალით,
რომ გაიფანტონ მოგონებები. 
(გ. ტაბიძე - დგება შემოდგომა)

მახსოვს, ერთხელ, წინა საუკუნეში,  ლევან ბრეგაძემ თქვა, კომპიუტერის შემოსვლა იმას გამოიწვევს, რომ ადამიანები საკუთარი ხელით წერას შეწყვეტენ და მათ ხელნაწერს დიდი ფასი დაედებაო. ეს ახლა გამახსენდა,  გალაკტიონივით წერილების დაწვა მეც რომ მომინდა და აღმოვაჩინე, ბუხარში შესაკეთებელი და დასაწვავი არათუ წერილი, საერთოდ არაფერი მქონია, ქვითრების მეტი.   ისიც - ორიოდე. ტახტიდან განძრევად არ ღირს!
…
 და როგორ შეიძლება ამ დროს
გალაკტიონის ლირიკამ  ჩემთვის ძვირფასი გარდასული ადამიანების ხსოვნაც არ მოიყოლოს! 
 ეს ლექსი უყვარდა ჩუბჩიკას (მხატვარ თენგიზ მირზაშვილს - ეს მათთვის, თუა საქართველოში ვინმე,  ვისაც ჩუბჩიკას ხსენებაზე  - განმარტება სჭირდება)

* * * 

სანამ წვიმა გადივლიდეს -
გზები გამშრალდებოდეს -
ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს,
რომ ბურუსში ჩნდებოდეს.

თითქო სული სადმე ვლიდეს
და გულს ცეცხლი დებოდეს,
სანამ წვიმა გადივლიდეს,
გზები გამშრალდებოდეს.

ამ ლექსზე ბევრიც დაწერილა და კიდევაც დაიწერება, მეც კი უნდა მქონდეს ამაზე  სადღაც, რაღაც გალაკტიონოლოგიური ოპუსი გამოქვეყნებული. 
  იქ, სადაც  ხელნაწერში გარკვევით “ცბიერი რიდე” წერია, ჩვენ სულ  “ციურ რიდედ” ვკითხულობდით და  ყოველ წარმოთქმაზე ფრთებს ფართოდ შლიდა ჩვენი ინტერპრეტაციული ფანტაზიები.
   ის ხომ მოყოლილი მაქვს, ერთხელ  მიამიტურად რომ ვიფიქრე,  მოდი, დათო წერედიანს გავაოცებ ჩემი აღმოჩენით, 
ბიბლიური წიგნი “იობი”, მისი  მოთმინება - გოეთეს “ფაუსტს” საფუძვლად უდევს და სტრუქტურასაც  კი იმეორებს-მეთქი  და დათომ დიდსულოვნად რომ მითხრა, “ მართლა?! რა საინტერესოაო!”
… და  მალევე, ჩემდა სამარცხვინოდ, რომ გავარკვიე -  ჩემი “დიადი აღმოჩენა” - გერმანული ლიტერატურის მცოდნეებისთვის - ასე ვთქვათ, საყველპურო ცოდნა ყოფილა..
და ვის ვაწონებდი თავს? თვით დათო წერედიანს - გოეთეს “ფაუსტის” ფენომენალურ მთარგმნელს!
დღესაც “იობს” ვუტრიალებ და  ასეთ რაღაცას წავაწყდი,  იქ,  სადაც  იობის მეგობარი ელიფაზ თემანელი   ინტერპრეტაციულად იმეორებს  მის მანამდე ნათქვამს (17:13-14)

Yet you say ,,what does God know?
Does he Judge through such darkness
,, thick clouds veil him, so he doesn’t see us  (Job 22:13-14)

 ახ. ინტ ვერსიის თარგმ : “შენ ამბობ, რა იცის ღმერთმა, განსჯის ამ სიბნელეში! სქელი  ღრუბლები ბურავს მას ( რიდედ ეფარება), ასე რომ,  ვერ გვხედავს იგი.”

ახალი ქართულით:

“13. შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?
14. ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.” (იობ 22:13-14)
ძვ- ქართულით:
“14. ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის.(იობ. 22:14)

ანუ   ღმერთი -   კი ჭეშმარიტება არს, მაგრამ  მას სქელი ღრუბლების ცბიერი რიდე, საბურველი გვაშორებს და ჩვენს დანახვაში ხელს უშლის, ბურუსი აქვს ირგვლივ.
 ამწუთასმეჩვენება, რომ ამგვარი წაკითხვით თითქოს ყველაფერი გასაგები ხდება ლექსში.  და რაკი ღრუბელი ცაშია, ის შეიძლება  ერთდროულად ცბიერადაც გავიაზროთ და ციურადაც, ანუ  ერთ შემთხვევაში ციურობა თუ  მისი მდებარეობის განმსაზღვრელია, მეორეში - მისი თვისების  - ცბიერების აქცენტირება ხდება.
 
     ჩემი გამოცდილებით, შინაგანი დიალოგი  თუკი ოდესმე დაიწყო, მერე არც არასოდეს წყდება.  მისთვის არ ჰქონია მნიშვნელობა იმიერ-ამიერ ქვეყანათა შორის მანძილსაც. ამ დიალოგის დროს ისე ახლო ვგრძნობ მეგობრებს, რომელთაც შორიდან  მუდმივად ვესაუბრები, ვეკამათები, მეგობრებს რომელნიც უკეთეს ქვეყნად არიან…

ჩემი თეორიით, გალაკტიონის  სიმბოლისტურ პოეტურ სახეთა ინტეგრირებული ხასიათის შესახებ, ხომ, მგონი , თავიც შევაწყინე მკითხველს.
აქ მოკლედ აღვნიშნავ, რომ გალაკტიონი, ქმნის რა საკუთარ სიმბოლისტურ ესთეტიკას, განგებ არჩევს მრავალმნიშვნელოვან პოეტურ სინტაგმებს და ამ ხერხით  მკითხველს ინტერპრეტირების შესაძლებლობებს მაქსიმალურად  უზრდის.
დაე,  ღრუბელი, როგორც “ცბიერი რიდე”, რომელიც ხელს უშლის ღმერთს, რომ ადამიანური  ყოფა, მისი ტანჯვა იხილოს, მკითხველურ ინტერპრეტაციათა რიგს შეემატოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი