ეფემერა და ფეერია


#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნინო დარბაისელი

ეფემერა და ფეერია

 აქამდე რამდენიმე ოპუსი და წერილი მივუძღვენი იმის ჩვენებას, რომ ქართული პოეზიის ყველაზე ევროპულ,  ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო კრებულში -  ,,არტისტულ ყვავილებში” გ. ტაბიძე მრავალმნიშვნელოვან სიტყვებს განგებ არჩევს,  - სიმბოლისტური ესთეტიკის საკუთრივ მისეული გაგების შესაბამისად.
   აღვნიშნე ისიც, რომ ფრანგულმა და ზოგადად ევროპულმა სიმბოლიზმმა მსგავსი ესთეტიკა არ იცის.
   სიმბოლიზმი ევროპისათვის  - უფრო სტილად მოიაზრებოდა და იმგვარი ფილოსოფიური  კონტექსტი, რაც სოლოვიოვის ნააზრევის წყალობით, რუსულ პოეზიაში მიენიჭა,  არ გააჩნდა.
    დასავლელმა მკვლევარებმა მოგვიანებით “აღმოაჩინეს”, რომ რუსულ სიმბოლიზმს, დიდი  სახელებით რომ გაამდიდრა  ლიტერატურა,   არა მხოლოდ ფრანგულის იმიტირება, არამედ მთელი ფილოსოფიური მოძღვრება ედო საფუძვლად.
    
     (რუსულის დარად, ქართული მესიანიზმის იდეები უფრო ცისფერყანწელებთან, მეტადრე -  მათ გვიან წევრთან გ. ლეონიძესთანაა ექსპლიცირებული)
    აქვე გარკვევით მინდა აღვნიშნო, რომ თუმცა გალაკტიონი თავისთვის კულტურული კომუნიკაბელურობის  თვალსაზრისით, მეტად ახლობელ - რუსულ გამოცდილებას დაეყრდნო, ეს ესთეტიკური გამოცდილება პირდაპირ არა და არ გადმოუღია.
  მან გაცილებით მაღალი რანგის ამოცანა დაისახა, კერძოდ:
1. აკაკი წერეთლის მიერ დაწყებული ქართული ლექსის გაკეთილხმოვნების პროცესის ახალ, უმაღლეს საფეხურზე აყვანა  - საკუთარი პოეტური ენის მაქსიმალური “გასონორულება”.
2. ევროპული ლიტერატურულ- კულტურული გამოცდილების საკუთარ პოეტურ მემკვიდრეობად მიღება და მისი გამითება.
3. ქართული ლექსის რიტმულ-რითმულ -ინტონაციური რეპერტუარის   უკიდეგანოდ გამდიდრება,  არა მხოლოდ ევროპული და რუსული ლექსის   მყარ თუ დამკვიდრებულ ანალოგთა  შექმნით, არამედ   ქართული მივიწყებული რიტმის სახეობათა გაცოცხლებითა  და ახლების შექმნით.
3.  ქართული ლიტერატურულ-კულტურული გამოცდილების საკუთარ პოეტურ მემკვიდრეობად აღიარება.
5. ქართული პოეტური ენის ლექსიკური ფონდის   აქტუალიზაცია და გამდიდრება ნეოლოგიზმებით. 
4 ქართული  ენის  ბუნებაში ღრმა წვდომის წყალობით, სიტყვათწარმოებითი პოტენციის სრულიად ახალ, უმაღლეს საფეხურზე აყვანა.
5. იმგვარ მრავალმნიშვნელოვან სიტყვათა თუ შესიტყვებათა  აღმოჩენა და/ან შექმნა, რომელიც აერთიანებდა არა მხოლოდ ქართულ მნიშვნელობათა სპექტრს, არამედ ქართულსა და ევროპულს ერთდროულად (საუკეთესო ნიმუში -  ლექსი  დასახელებული კრებულიდან “უცნაური სასახლე”)
 6. ამას მიმატებული საკუთარი პოეტური -  სულიერ მენტალური გამოცდილება…
და ხელთ გვექნება არასრული ჩამონათვალი იმ ძირითადი ინგრედიენტებისა, რასაც  გალაკტიონის პოეზიის  “პოეტური ალქიმია”  და მეტადრე კრებული ,,არტისტული ყვავილები”დაეყრდნო.
   აქ უკვე მესმის ფარული ოპონენტის ხმა:     
    განა ცისფერყანწელებიც ამასვე არ ესწრაფვოდნენო. 
    ვუპასუხებ:
    - დიახ ,, დრაფტი” - მონახაზი, საწყისი რეფორმისტული მიმართულება თითქმის ანალოგიური ჰქონდათ,  რამდენიმე და მით უფრო პირველი პუნქტის გამოკლებით, მაგრამ  ერთია -  სწრაფვა და მეორე - რეალობად ქცევა, ანუ ის, რაც მათთან ტენდენცია იყო,  ცხადია,  გარკვეული  წარმატებული შედეგებით, გალაკტიონისთვის -  რეალიზებული სისტემაა, თვალნათლივი  ნაყოფია და ეს ყველაფერი, ამხელა ამოცანა, რომელიც ვფიქრობ, ასე ზერელედ, ნაუცბათევად  გახსენებულიც, ნაკლულოვანიც  კი შთამბეჭდავია. 
და ეს ყველაფერი გალაკტიონმა  განახორციელა სრულ სიმარტოვეში!

***
დღეს რაღაცამ ეს ლექსი გამახსენა.
მასში გალაკტიონისებურად მარკირებული ორი სიტყვა გვაქვს:
 ეფემერა და ფეერია.
    ჯერ ვთქვათ რა ამსგავსებს ამ ორ  უცხოენოვან სიტყვას:
- ეს მათი ბგერობრივი მსგავსებაა,  შედგენილობა.   ასო-ბგერები  ფ, რ და  ეხმოვანი , ხმოვნები,  ხმოვნები. ( განსხ.  ერთადერთია -  მ)  ანუ ბგერწერულად  ეს ყველაფერი , მღერითობა ზუსტად ერგება გალაკტიონის ესთეტიკას.
ვნახოთ შინაარსები:
შინაარსობრივად ეფემერა - მრავალმნიშვნელოვანია და უამრავ რაღაცას ნიშნავს, ეკლესიურად - სხეულის დროებით დასასვენებელს; უდაბნოს ყვავილს, რომელიც ერთი დღით ცოცხლობს, ურბანისტული ლექსიკის მიხედვით - გაზეთებსა და ზოგადად,   ერთდღიანი ინფორმაციული სიცოცხლის მქონე ბეჭდურ ბუკლეტებს,  ანუ აქტუალობადაკარგულ, წარმავალ გამოცემებს … და მისი ანტონიმი ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ერთია - მარადიული. 
    გალაკტიონმა ამ მრავალმნიშვნელოვან სიტყვას თავის პოეტურ ენაში დამატებითი,  ახალი მნიშვნელობა შესძინა. იგი  მოკვდავთა ენაზე ,, ითარგმნება”, როგორც ზმანებისეული.
     ჟღერადობით მასთან ახლოს მდგომი სიტყვა ფეერია - ყვავილის სახელია, ამ ძირითადად იისფერ ყვავილს მტევნისებური აგებულება  აქვს.  სუბტროპიკული კულტურებს კი მიეკუთვნება, მაგრამ  არ ვიცი, საქართველოში ხარობს თუ არა. 
,, და ფეერიულს მივცე სიყვარულს” შეიძლება გავიგოთ, როგორც მშვენიერს მივცე სიყვარულს.
    ბარემ ერთ რაღაცასაც ვტყვი, თუმცა დარწმუნებით - ვერა, საკვლევი საკითხია.
    გალაკტიონს  რეალურად, სასულიერო განათლება ჰქონდა  მიღებული. ლოგიკურად -  იგი ორთოდოქსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ  ღვთისმშობელი მარიამის ასეთი გაღმერთება (რასაც შესაძლოა ძირები რუსული პოეზიიდან ჰქონდეს, იისფერისთვის (viola odorata-  
 ღვთისმშობლის  სიმბოლური ფერისთვის) გამორჩეული სტატუსის მინიჭება საკუთარ პოეზიაში  და კიდევ სხვა პლანები - მას კათოლიციზმთან  უფრო აახლოებს.  
   ზოგადად, ქრისტიანობის თვალსაზრისით  კი მე გამიჭირდება დავით გურამიშვილის მერე, დავასახელო ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებაშიც ამდენი ბიბლიური ალუზიაა (ერთის შესახებ - დაელოდეთ მომდევნო ოპუსს)
     ბიბლიურ-მისტიური ლექსი,  რომელსაც დღეს ვიხსენებთ, ზმანებისეულთა  რიგს მიეკუთვნება, მე ვიტყოდი -  შესაქმისეულისას და მისი ზმანებითი განწყობის შექმნაში გარდა სიტყვებისა “ეფემერებით” ,,ფეერიულს”, ვფიქრობ, მონაწილეობს  ალუზია გალაკტიონისთვის რჩეული “ქაოსისა” - აივაზოვსკის ნახატისა, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ.

გალაკტიონ ტაბიძე
* * * 
(მე თან წავიღებ უცხო მხარეში)...

მე თან წავიღებ უცხო მხარეში,
ჯერ ყველასათვის უცხო ფერებით,
ტკივილს, მონახულს სიმწუხარეში,
და სულს, დაღალულს ეფემერებით.

ქვეყნიურ ღელვით ძალადაკარგულს,
ცივი მზეების შუქით მიღვარულს,
უკანასკნელი ბასრი დაჰკარ გულს,
რომ ფეერიულს მივცე სიყვარულს.

შეგხვდები ნისლში - გიცნობ, შორეო,
მე ქაოსებში მოვალ.. დამიცა.
ღიმით მიგვიღებს ცა უმორევო
და იდუმალი დგას დედამიწა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი