ტყე ტაძარივით (გალაკტიონოლოგიური ოპუსები)
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ტყე ტაძარივით
(სახეთა განსაზღვრულობა, განუსაზღვრელობა და მრავალმნიშვნელოვნება ლექსში)
- - - - -
რა პრინციპული განსხვავებაა ამ ორი ტიპის სახეს შორის, სიმბოლისტური ესთეტიკის თვალსაზრისით?
1. ვწუხვარ, ერთადერთი ვარ
2. ტყე ტაძარივით იყო მაღალი.
აქ ერთ მხარეს გვაქვს განსაზღვრულობა ,, ერთადერთი” - ანუ რაოდენობრივი მაჩვენებელი (არა ერთი - ისედაც განსაზღვრებითი, რაოდენობითი რიცხვითი სახელი, რომელიც ლიტერატურასა და ზეპირმეტყველებაში განუსაზღვრელობის გაგებას შეიცავს, მაგ. “,, ერთ კაცს ცოლი აუხირდა”, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” და ა.შ. , არამედ ერთადერთი)
ანუ პოეტური გამონათქვამი უგამონაკლისოდ დაზუსტებულია.
არსით - არასიმბოლისტურია.
მეორეში საქმე გვაქვს განუსაზღვრელობასთან (და არა - მრავალმნიშვნელოვნებასთან … მაღალი არის განუსაზღვრელი ზედსართავი სახელი. ყოველთვის გულისხმობს რაღაც ინსტანციას, რომლის მიმართაც საგანი ასეთ თვისებას ავლენს. (მაგ. ორი ლილიპუტიდან მაღალს - ლოყაზე ხალი ჰქონდა)
აქ ავტორს შემოაქვს ასე ვთქვათ, ფსევდო- დაზუსტება.
ტყე - ტაძარივით მაღალი იყოო.
ზოგი ტაძარი - ძალიან მაღალია, ზოგი - ისე, რა! ზოგადად სიმაღლე - ტაძრის თვისებადაც კი შეიძლება მოიაზროს ადამიანმა, თუმცა ტაძარი შენობის ტიპია და შენობა - ჩვეულებრივ, ადამიანზე მაღლად წარმოიდგინება და აქ ცხადია, ადამიანი, პოეტი გვეუბნება ამას.
ტაძრის შემოტანით კონოტაციურად რწმენის, ლოცვის მომენტი კი შემოდის თავისი ატრიბუტიკით, მაგრამ გამონათქვამის დაზუსტებას ეს არ ეხმარება.
არც სიმბოლისტურ მრავალმნიშვნელობას აჩენს, რომლითაც გამორჩეულად სავსეა გალაკტიონის პოეზია.
სანაცვლოდ გვაქვს განუსაზღვრელობა, რომელიც ასევე სიმბოლისტური ესთეტიკის არსობრივი ნიშანია.
ანუ აქ გვაქვს ორიდან - მრავალმნიშვნელოვნება და განუსაზღვრელობა - ერთი!!!
- ეს უკანასკნელი.
ნათქვამი რომ უფრო ხელშესახები, ადვილად გასაგები გამომივიდეს, მოდით, სიტყვა “ტაძრის“ ნაცვლად აქ ჩავსვათ იმავე ბრუნვაში მდგარი რაიმე სასულიერო ნაგებობის სახელი. ცხადია, პირველ რიგში გალაკტიონის ადრეული, ქუთაისური პერიოდიდან გელათი გაგვახსენდება:
ტყე გელათივით იყო მაღალი.
გელათის სიმაღლე - თანამედროვე ინტერნეტმკითხველს ერთ წუთში შეუძლია გაიგოს.
თუ შედარების მიზანი გაუგებრის გასაგებად ქცევაა, აქ - გაუგებრის გაუგებრითვე განსაზღვრის, ან უფრო ზუსტად, გასაგების გაუგებრით განსაზღვრის შემთხვევა გვაქვს.
ტაძრის გელათით ჩანაცვლების შედეგად, სახემ კონკრეტიკა შეიძინა, სასულიეროს ამით ეროვნული, ლოკალური კონოტაციები შეემატა, გაჩნდა პატრიოტული მოტივის ნიუანსიც, სანაცვლოდ - გლობალური პლანი დავიწროვდა.
***
რატი ამაღლობლის პიროვნებაზე ჩემი ნეგატიური აზრი არც არასოდეს დამიმალავს და არც შემცვლია, მაგრამ პოეზია რა შუაშია!
ყველაზე უკეთ მისი ლექსი გამოხატავს აქ მოხმობილი მაგალითის ამჟამინდელ ინტერპრეტაციას , გლობალურ-ლოკალურ ოპოზიციურ მიმართებათა შესახებ. საგულისხმოა, რომ მის ლექსს ეპიგრაფად სწორედ გალაკტიონის ჩვენ მიერ ციტირებული სიტყვები აქვს წამძღვარებული
რატი ამაღლობელი
ტყე
(“ტყე ტაძარივით იყო მაღალი”- გალაკტიონი)
ეს ტყე ხშირი არის, მაგრამ ნათელია
თითქოს ტაძარია, თითქოს ათენია,
ტყეში უვნებელი ცეცხლის ხანძარია
ყოველ გამთენია
როცა მზე ამოდის, ჩასვლა მდუმარეა -
აქ ხომ იშვიათად ვინმე სტუმარია.
ფხიზლად მთვლემარეა, თუ დანისლიანდა.
უსასთუმალოა
მისი სარეცელი. გზები ცარიელი
მუდამ წრიულია, სუნთქვა განიერი
სუნთქვა გონიერი - სუნთქვა იოლი აქ.
დავათვალიერე -
ტყეში მრავალია ხეთა კონფესია:
ეს ხე ლაოძია, ის ხე - კონფუცია,
ნაყოფმა სიმწიფით ტოტი ჩამოწია,
ხვავი მოუცია.
ტყეში იზრდებიან ზმნების საწყისები,
სიტყვის საწყისები, სიზმრის საზრისები,
ოქროს საწმისი, თუ უფლის სასმისია -
ხმაა ამ ტყისებრი,
ექო ამ ტყისებრი დროში უწყვეტია,
ვისაც არასოდეს არ მოუწყვეტია
მსგავსი რამ სიტყვები, ტყე, თუ სასიტყვეთი,
ეს უცხოეთია.
რა შეიძლებოდა გვეთქვა ამ მცირე ოპუსის ბოლოს, დასკვნის სახით?
- რომ გალაკტიონი იყენებს სიმბოლისტური ესთეტიკით შეპირობებულ სხვადასხვაგვარ გამომსახველობით საშუალებას?
თუ ის, რომ ზოგადად, არაა აუცილებელი სიმბოლისტურად მიჩნეული ტექსტის ყველა მომენტი სიმბოლისტურ ესთეტიკას
ექვემდებარებოდეს?
მოდით, ამჯერად თავი შევიკავოთ დასკვნისგან და სხვა ოპუსებს დაველოდოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი