ისევ ვდგებოდი და მივდიოდი - გალაკტიონოლოგიური ოპუსებიდან
#ზარდახშა
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნინო დარბაისელი
ისევ ვდგებოდი და მივდიოდი
ეს არის ჩემი ერთ- ერთი უსაყვარლესი ლექსი გალაკტიონის შემოქმედებიდან:
გალაკტიონ ტაბიძე
მე ერთადერთი მქონდა წუხილი
მინდოდა წყაროს წყალი გემოთი
და მშობლიურით სუნთქვა სიოთი,
მე მივდიოდი და ვეცემოდი,
ისევ ვდგებოდი და მივდიოდი.
როცა თოფების ატყდა ქუხილი
და ზარბაზნების გრგვინვა და ჭექა,
მე ერთადერთი მქონდა წუხილი:
თქვენი სოფლების ღვია და დეკა.
შორს ერთადერთი ენთო სანთელი,
უუძველესი ბაღის ტოტებით,
აქ კი გრიგალი, კორიანტელი
და ტყე მშფოთარე თავგამოდებით.
1923 წლის 19 აპრილი
მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება ჩემი დევიზი იყო სიტყვები აქედან:
მე მივდიოდი და ვეცემოდი,
ისევ ვდგებოდი და მივდიოდი.
გავიზარდე, მეტი წავიკითხე და აღმოვაჩინე ძველი ჩინური სიბრძნე, რომელსაც ზოგჯერ კონფუცის მიაწერენ:
“მთავარია არა ის, რამდენჯერ დაეცემი მიზნისკენ მიმავალი, არამედ რამდენჯერ წამოდგები დაცემული”.
არ იყო გალაკტიონის დროის პირობით ქართულ თეზაურუსში ჩინური სიბრძნეებისთვის ალაგი. მსოფლიო აზროვნებაში მათი გააქტუალურება გაცილებით გვიანდელი ამბავია და მგონი, უფრო მეორე მსოფლიო ომის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, დასაზუსტებელი მაქვს მე თვითონ, თუმცა ჩემი სფეროდან ის კი ვიცი, რომ მოდერნისტული ინტერესი - ჩინური პოეტური სამყაროსადმი - ძირითადად ეზრა პაუნდის სახელს უკავშირდება.
აზროვნებას რა შეაჩერებს, ვიდრე ადამიანად მყოფობ და მერე სადღაც ასეთ აზრსაც შევხვდი, მგონი, ნინოლო მაკიაველისას:
მთავარია არა ის, შენ თვითონ რამდენჯერ წამოდგები დაცემული, არამედ ის, თუ რამდენ დაცემულს წამოაყენებ.
რის თქმასაც ახლა ვაპირებ თანამედროვე გალაკტიონოლოგიაში იქნებ ნათქვამიცაა და მოწყენილიც, მაგრამ მე ახლა ვიპოვე და მიხარია.
გალაკტიონი რომ უკიდეგანოდ თვითგანათლებული იყო, ვიცით. თუ არ ჩავთვლით რაღაც, რამდენიმეთვიან სარეჟისორო კურსებს, გავლილს ცეცხლმოკიდებულ მოსკოვში, მას ბავშვობიდან ერთადერთი ოფიციალური - სასულიერო განათლება ჰქონდა.
მისი ლირიკა სავსეა ბიბლიური ინსპირაციებითა თუ ალუზიებით. ეს ბევრჯერაა შესწავლილი სხვადასხვა დროს.
ახლა ვკითხულობდი ერთ თავს ბიბლიური წიგნიდან ,,სიბრძნე სოლომონისა” და აი, რა შემხვდა:
“რადგან მართალი კაცი შვიდჯერ დაეცემა და წამოდგება, ბრიყვს კი გარყვნილება საბოლოოდ დასცემს. [24:16]
რაც ამას მოსდევს, კავშირში ჩანს მომდევნო სიბრძნესთან:
ნუ დასცინი დაცემულ, ან დასაცემად მოქანავე მტერს! გულით ნუ გაიხარებ, თორემ ღმერთი იხილავს და მას რისხვას ააცილებს! [24:17-18]
მოკლედ, აღარ იცი, მორწმუნე ადამიანმა, რა უნდა ქნა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი