ქრთამი - თილისმა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ქრთამი - თილისმა!
ბიბლიაში მექრთამეობა მრავალგზის არის დაგმობილი, მიჩნეული ცოდვიან, ცუდ საქმედ და აქ ზედმეტი ციტატებით არ დავიღალოთ.
მექრთამეობას მუდამ ორი მხარე, ინსტანცია აქვს, ანუ მასში ორი პირი მონაწილეობს:
1. ქრთამის გამღები და 2. ქრთამის მიმღები.
“სოლომონის იგავებში” ქრთამის მიღება მთელი ბიბლიის დარად - დაგმობილია. …თუმცა, ვფიქრობ, ერთი საყურადღებო მომენტია, ჩემ ხელთ არსებულ სხვადასხვა ინგლისურენოვან ვერსიებში. რომელთაც ქვემოთ მოვიხმობ.
ქართული ბიბლიებიც გავსინჯე შესაბამის ადგილებში და ვასკვნი, რომ ეს მომენტი ძველქართულად - ბუნდოვნადაა გადმოტანილი და საერთოდაც, ძველ ქართულ ბიბლიას მე უფრო ინტერპრეტაციულ თარგმანთა რიგში მოვიაზრებდი, დედანთან კონცეპტუალური კონგენიალობის თვალსაზრისით და არა მხოლოდ ამ კონკრეტული მომენტის გამო (იხ მაგ. ქვემოთ):
რაც შეეხება თანამედროვე ქართულად ბიბლიის თარგმანს, მან უამრავი რამ ორიგინალის ტექსტთან უფრო ახლოდან გადმოიტანა, თუმცა რიგ ადგილებში, შეძლებისდაგვარად, ანგარიშს უწევს ტრადიციულ, ძველ თარგმანებსაც,
როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში
მაგ, მასში გვაქვს:
“ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება”.(17:8)
იგივე მომენტი ძველ თარგმანში ასეა:
უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს. [17:8]
(წურთილება - ძვ ქართ. ლექსიკონის თანახმად, წვრთნას, ვარჯიშს ნიშნავს. სად - ვარჯიში და სად - ქრთამი - არა?!)
რუსულ “სინოდალურ ბიბლიაშიც თითქმის თანამედრივე ქართულის ანალოგიურადაა, ოღონდ სიტყვა “ქრთამი” - საჩუქრითაა” შერბილებული. ამ მხრივ, თანამედროვე ქართული უფრო ერთგულია ორიგინალისა:
«Подарок — драгоценный камень в глазах дающего его: на что ни обратится он, всему успеет». (Притчи Соломона [17:8]Синодальный перевод)
ინგლისურენოვანი თარგმანები ძირითადად ასეთია:
A bribe is a charm in to the one who gives it, wherever he turns he succeeds. [proverbs [17:8]
ქრთამი - თილისმაა გამცემისათვის. საითაც მიტრიალდება - წარმატებულია.
( “საჩუქარი - ძვირფასი ქვაა მქონის თვალში, სადაც მიტრიალდება, წარმატებას მიაღწევს” - მეფე ჯეიმსის” ვერსია)
ახლა არ ვიცი, როგორაა ქართულ კანონმდებლობაში, მაგრამ ძველი მახსოვს, ქრთამის მიმღებიც ისჯებოდა კანონით და გამღებიც.
მე ეს ერთი დასკვნისკენ მიბიძგებს:
ბიბლიის, კერძოდ “სოლომონის იგავთა” მიხედვით - ქრთამის მიღება - ცოდვაა, ცუდია; ხოლო ქრთამის გაცემით საქმის მოგვარება - კარგი.
თუ გასაცემი გაქვს რამე, თილისმა გამოდის, აბა, რა!
მაგალითი მშობლიური ლიტერატურიდან:
ვეფხისტყაოსანში განსხვავებული რიტმული საზომისა, ოცმარცვლიანი (5/5/5/5) ერთადერთი სტროფია. იგი იმდენად განცალკევებით დგას, რომ მკვლევართა ნაწილი ინტერპოლაციადაც მიიჩნევს.მასში ავთანდილის მოქმედებაა გადმოცემული:
„შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
სამოცი თვალი ლალიაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.“ (771)
აქ ავთანდილი ქრთამის გამღებად/ გამცემადაა წარმოდგენილი და არა- მიმღებად, რაც ბიბლიური ხედვით, კარგი საქმეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი