სავალენტინობო


#თარგმანები
#ეტიუდები
#კალეიდოსკოპი

ნდს 

სავალენტინობო

მოდის ვალენტინობა. 
გილოცავთ წინასწარ!

ეს არის  ინგლისურენოვან სამყაროში სავალენტინობო ყველაზე ცნობილი ლექსი.
 მისი წინარე ვერსია შექმნილია  1590 წელს  სერ ედმუნდ სპენსერის მიერ, მერე გახალხურდა, ფრანგულშიც შევიდა
 და ვიქტორ ჰიუგოც იყენებს  თავის რომანში - ,,საბრალონი”, როგორც იავნანას.

წითელია  - ვარდები, 
ლურჯთვალა  - იებია,
თაფლივით მიყვარდები,
სიტკბო - დაგბედებია!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Roses are red
 Violets are blue,
Honey  is sweet
And so are you.

ასეთი - განვრცობილი ვერსია გვაქვს ლექსისა  1784 წელს ჯოზეფ ჯონსონის მიერ ლონდონში გამოცემულ  “იავნანათა “ ვერსიაში:

წითელია  - ვარდები,  ლურჯთვალა  - იებია,
თაფლივით მიყვარდები, სიტკბო - დაგბედებია!
ჩემი სიყვარული ხარ, ხოლო მე ვარ შენი,
ვალეტინად გიგულე,   შენ ამ ზეიმს შვენი,
ნაყარია წილი და ამ გულს ეიმედე.
 ყველაფერი მაცნეა, შენ ხარ ჩემი ბედი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

The rose is red, the violet's blue,
The honey's sweet, and so are you.
Thou are my love and I am thine;
I drew thee to my Valentine:
The lot was cast and then I drew,
And Fortune said it shou'd be you.

“წითელია ვარდები, ლურჯთვალა იებია”,  - ეს გახალხურებული დასაწყისი სავალენტინობო ბარათებზე უამრავნაირად, ხშირად იუმორისტულადაც გამოიყენება, ჩვენც ვითამაშოთ ცოტა:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
შენზე მეტად არასდროს
არავინ მყვარებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ყვავილებით მოვედი,
შენთვის დამიკრეფია.

წითელია - ვარდები,
ლურჯთვალა -  იებია,
მე  - შენ გარდა ამქვეყნად
არავინ მდომებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ჩემი სიყვარული ხარ,
სიტკბო დაგბედებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
შენისთანა ქმნილება
ქვეყნად საძიებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ტკბილი ვალენტინობა
შენთვის მიხარებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დავკრიფე და მოგართვი,
შენებრ ლამაზებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ჩემი გულის შველი ხარ,
სხვები- ბაჭიებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
მოსვლა  დამაგვიანდა,
ყველგან საცობებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ამ ზეიმის მოლოცვა
მე არ დამვიწყებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დამახვედრე სადილი,
კარგად მომშიებია.

დანარჩენი - თქვენ განაგრძეთ!

P.S

ეს საიტ ურაკპარაკიდან გადმომაქვს ჩემივეები,  იქ კომენტარად დატოვებული:

.ახლა წარმოვიდგინე გაბუტული შეყვარებული, რომელმაც გადაწყვიტა,  ვალენტინობას შეურიგდეს და ასეთ ბარათს უგზავნის შეყვარებულს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დღემდე რაც მაწყენინე,
სულ მიპატიებია!

ან ცოლმა, პატარა ბავშვებიანმა გადაწყვიტა, დედასთან კი არ წავიდეს უქმეზე, ოჯახურად გაატაროს ეს დღე და ქმარს უგზავნის ასეთ ბარათს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია, 
დღეს შინ დაგელოდებით
მე და ბაიებია.

ან ეჭვიანი ცოლი თუ შეყვარებული  აფრთხილებს, ჩემს მეგობრებს  ნუ უყურებო და ბარათზე უწერს:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
ჩემს დაქალებს შეეშვი,
შენი დაიებია.

ან ქმარი ალკოჰოლიკია და ცოლს წერს, შენი ხათრით დღეს ფხზელი ვარო:
:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
სიყვარულის დღე არის
და არ დამილევია!

ან მივიდა სახლში უყვავილოდ, ვაიმეეეე!:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ყვავილების მორთმევა
როგორ დამვიწყებია.

ცოლმა თუ მარტო წინდები აჩუქა თავისი მოქსოვილი:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
მარტო წინდა მეყოფა,
ცოლი ხარ თუ ბებია?

კაცს სახლში  ცოლის გარდა,  სხვა ქალები-  შვილებიც ჰყავს და უწერს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
საჩუქრების ძებნაში
თავიც ამტკიებია.

ცოტა სხვამაც დაწეროს, რა, დავიღალე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი