ტყუილი თუ კონფაბულაცია
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნდს
ტყუილი თუ კონფაბულაცია
ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად, იტყუება თუ არა ადამიანი, მაგალითად, პოეტი, როცა საკუთარ წარსულს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად გადმოგვცემს, ზეპირად თუ წერილობით?
ცალკეულ, მაგ. ტოტალიტარისტულ პირობებში - ეს თვითგადარჩენის მოტივითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ შემთხვევები, რომელიც ამ ფარგლებში ვერ თავსდება?
ყოველთვის სანდოა თუ არა ავტორისეული ნათქვამი, როგორც წყარო?
შეიძლება თუ არა მასზე, როგორც უტყუარ, დოკუმენტურ მონაცემზე დაყრდნობა, სხვათა მიერ სტენოგრამულ ოქმადაც( http://galaktion.ge/?page=Diaries&year=1947&p=1&id=6861 )
რომ იყოს გაფორმებული, თუნდაც, ხელმოწერილ-ბეჭედდარტყმულიც კი?
სხვათა მიერ, მოგონებების სახით გადმოცემული, მემორიალური მასალა რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციფიკური, ობიექტურ-სუბიექტური წყაროა, მოტივთა, ხედვა-ინტერპრეტაციათა, მეხსიერებით ცდომილებათა და ა.შ. მთელ სიმრავლეს რომ შეიცავს და კვლევისას უტყუარ დოკუმენტად არ გამოდგება ან ყოველ შემთხვევაში, დიდი სიფრთხილითაა გამოსაყენებელი, - ეს ხომ ცნობილი ამბავია!
…
ამ პრობლემას არცთუ იშვიათად აწყდება ამა თუ იმ ავტორის ბიოგრაფიის რეპროდუცირებისას, მისი “ფაქტობრივი” მონაცემების, როგორც შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის ამხსნელ-გასაღებად გამოყენებისას ქართული ლიტმცოდნეობა.
კითხვაზე- მუდამ სანდოა თუ არა თვით ავტორისეული
ნათქვამ- ნაწერიც კი, როგორც წყარო?
თუნდაც გალაკტიონის მდიდარი არქივის მონაცემთა გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ - არა!
…და ფსიქოლოგია- ფსიქიატრიაში ამას თავისი ახსნა აქვს.
***
ზოგადად, საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, მათ რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საზოგადოებრივად, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ფორმითაც კი - დაავადებადაც არ მიიჩნევა; თავისებური გამამართლებელიც კი არის ამა თუ იმ კანონდარღვევისა საზოგადოებაში .
,,მთვრალი კაცი - კაი კაცი” - გაიგონებთ ხშირად.
რაღა დროს ალკოჰოლის ამბებია, ან თუნდაც ნიკოტინისა, ნარკოლოგიური პრობლემები უდგას ქვეყანას მთელი სიმწვავითო - მეტყვის ვინმე.
კი ბატონო, მსმენია!…
მაგრამ მიუმატეთ ალკოჰოლიზმს ალცჰაიმერის, დიმენციის ადრეული ფაზების გამოვლენათა შემთხვევებიც და თითქმის სრული პაკეტი გამოვა უამრავი კრიმინალის მოტივთა ასახსნელად.
თუმცა სად - კრიმინალი და სად - ლიტმცოდნეობა!
სულ სხვა - არა ჩვენი კომპეტენციის სფეროს მივადექით…
ბრუნი უკან!
***
იტყუებიან თუ არა პირები, რომელნიც რეალურად არმომხდარ ამბავთა გადმოცემისას გულწრფელნი არიან?
საქმე ისაა, რომ, როგორც მეცნიერული გამოკვლევები გვარწმუნებს ისინი კი არ იტყუებიან, საკუთარ წარმოსახვას რეალობისგან ვერ მიჯნავენ და მას უტყუარ რეალობად აღიქვამენ.
ისევე რეალურად განიცდიან მას, როგორც ნამდვილად მომხდარს და აქ გარეშესათვის კი არა, თვით კონკრეტული პირისთვისაც ძნელია, გამორკვევა და გამიჯვნა გარემო საშიშროებისაგან თვითგადარჩენის მოტივით ნათქვამი სიცრუისა და წარმოსახვისა.
ეს მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ადრეულ ასაკში განცდილი, პოსტ-ტრამვული მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ტრამვა კი თავისი მხრით, ფსიქიკურიც შეიძლება იყოს და ფიზიკურიც.
***
თვით ყველაზე რეალისტურ მწერლობასაც კი საქმე წარმოსახვასთან და გარკვეული დოზით , გამონაგონთან აქვს, ამას განაპირობებს თუნდაც ვერბალიზაციისა და ლიტერაციის ფენომენი, ენა.
მაგრამ ეს არის შემოქმედებითი, მხატვრული წარმოსახვა, გამონაგონი. შემოქმედებითი აბცესის მდგომარეობის მიუხედავადაც კი, საღი ფსიქიკის მქონე ავტორს შესწევს უნარი, გამოაღწიოს, ასე ვთქვათ, დროებითი, “ნებაყოფლობითი სიგიჟის მდგომარეობიდან” და კვლავ გაწონასწორდეს. დარღვეული, უკვე დაავადებული ფსიქიკის პირობებში ეს შეუძლებელია და შეიძლება ვთქვათ, ამით განსხვავდება “შემოქმედებითი სიშმაგე, სიგიჟე” ავადმყოფობისაგან.
ეს გარეგნულად ძალიან ჰგავს იმას, რასაც მეცნიერნი კონფაბულაციას უწოდებენ. თუმცა ძირეულად განსხვავდება მისგან. მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი თემაა და ერთ ფეისბუქურ პოსტში გაშუქება - წარმოუდგენელია.
უმჯობესია, გავარკვიოთ რა არის კონფაბულაცია. გავეცნოთ ტერმინის მნიშვნელობას!
თარგმნისგან რომ თავი ,, გადავირჩინო”, სიმარტივისთვის ქართულ ინტერნეტ წყაროს მოვიხმობ.
იგი წარმოდგენას კი გვიქმნის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სავსებით ასახავს საგანს… მაგრამ სალექსიკონო განმარტებას ეს ხომ არც მოეთხოვება. ჩვეულებრივ, მას თავისი “გაცნობითი ფუნქცია” აქვს:
“კონფაბულაცია
კონფაბულაცია - (confabulation) მეხსიერების დარღვევა, რომელიც აღინიშნება ნათელი ცნობიერების ფონზე და ხასიათდება ცრუ მოგონებებით წარსულ მოვლენებსა და საკუთარ გამოცდილებაზე. ცრუ მოგონებები, ჩვეულებრივ, ცუდად ორგანიზებულია და იმისათვის, რომ მათი პროვოცირება მოხდეს, აუცილებელია დამატებითი სტიმული; იშვიათად, შეიძლება იყოს მყარი და სპონტანურად აღმოცენდეს; ზოგჯერ აქვს გრანდიოზულობის ტენდენცია. ჩვეულებრივ, კონფაბულაცია აღინიშნება ორგანული ამნეზიური სინდრომების (მაგ., კორსაკოვის სინდრომი) დროს. მისი გამოჩენა და განვითარება შეიძლება იატროგენულ ბუნებას ატარებდეს. არ უნდა მოხდეს მისი აღრევა შიზოფრენიისათვის დამახასიათებელ მეხსიერების ჰალუცინაციებთან ან pseudologia fantastica-სთან (Delbruck–ის სინდრომი).”
https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/კონფაბულაცია
დამატებით განვმარტავდი, რომ აქ ნახსენები “კორსაკოვის სინდრომი” , რომლის შესახებაც დაინტერესებულ პირს ინტერნეტშიც შეუძლია მოიძიოს კონკრეტული მასალები, სწორედ ალკოჰოლიზმს უკავშირდება.
აქ კი კვლავ ქართული ლექსიკონიდან ვდებ განმარტებას:
“კორსაკოვის ფსიქოზი - (Korsakov psychosis) სინდრომი ხასიათდება მეხსიერების მნიშვნელოვანი და მყარი დაქვეითებით. იგი აერთიანებს უახლეს მოვლენებზე მეხსიერების გამოხატულ დარღვევას, დროში ორიენტაციის დარღვევას და კონფაბულაციებს. სინდრომი აღენიშნებათ ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის (განსაკუთრებით, delirium tremens-ის ანუ თეთრი ცხელების) გადატანის შემდეგ ან, უფრო იშვიათად, ვითარდება ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თან ახლავს პერიფერიული ნევრიტები და შესაძლოა შერწყმული იყოს ვერნიკეს ენცეფალოპათიასთან. პირველად კორსაკოვმა აღწერა 1889 წელს.”
***
ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიურ- ფსიქიატრიული ტერმინი დაგვეხმარება არაერთი ლიტმცოდნეობითი პრობლემის არსში გასარკვევად.
მეტადრე, გალაკტიონის შემოქმედებისა და ბიოგრაფის არაერთი ბუნდოვანი მომენტის ახსნაში. თუნდაც “მერის ციკლის” ლექსებისა და ავტორისეული მოგონებების ასპექტთა გარკვევაში,
მაგალითად, გასაგები გახდება, ტყუილი თქვა, თუ კონფაბულაციის წყალობით, მართლაც რეალობად განიცადა პარიზში 1935 წელს წარგზავნილმა ეს წარმოსახული შეხვედრა და შესაბამისად ყვებოდა კიდეც, როგორც რეალობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი