თოვდა და თბილისს ეხურა თალხი ანუ ერთი კოლექტიური პერსევერაცია


#ლიტმცოდნეობითი ოპუსები


ნინო დარბაისელი სტრონი

“თოვდა და თბილისს ებურა თალხი” ანუ კოლექტიური პერსევერაციისათვის

ამ ბოლო  დროს, რაღაც, ფსიქოლოგიური ლიტერატურის კითხვამ გამიტაცა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ,  საცნობარო ხასიათის გამოცემები მიტაცებს. პრინციპში, ყველა  სფეროში მუდამ  ასე არა ვარ?  
   ახლა, მაგალითად,  პერსევერაციის შესახებ ვკითხულობ და ჩემი გამოცდილებიდან თუ გარემოდან მაგალითებს ვეძებ.
პერსევერაცია რას ეწოდება?!
ასეთი რაღაც თუ მოგსვლიათ,  აი, რაღაც ფრაზა, მელოდია, გეგონება ტვინში გაგეჭედა, გინდა,  სხვა რამეზე გადახვიდე, მაგრამ თავს არა და არ განებებს… 
    ასეთ ახსნებს  85 წლის დედაჩემისთვის ვწერ ხოლმე,  რომ  რაც შეიძლება, მარტივად და უცებ გავაგებინო, რაზე ვლაპარაკობ. 
    თქვენ ხომ არ გაკადრებთ, არა?!
    იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მკითხველებიდან ასში ერთიც არაა  პროფესიონალი ფსიქოლოგი,  რომ მასზე გამეთვალა გამონათქვამის სიზუსტე, პოპულარულ განმარტებას დავდებ,  ონლაინ ლექსიკონიდან. დანარჩენი - თუ საკითხით დაინტერესდებით, ბევრია ინტერნეტში. ამჯერად   კი ჩვენი მშობლიური ‘უცხო სიტყვათა ლექსიკონი’  გვირჩევნია:
პერსევერაცია (L. persevero) - "ავიხირებ", "ავიჩემებ"
აკვიატებული, არანებისმიერად მრავალგზის განმეორებული მოქმედება; იწვევს თავის ტვინის ქერქის დაავადება (ან დაღლილობა).

     პერსევერაციის მექანიზმს, სხვათა შორის,  აქტიურად იყენებს მარკეტინგი,   მაგალითად,  ტელევიზიით  უსასრულოდ განმეორებად რეკლამებში.  გამოიყენება საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვისაც, პერსევერაციას იყენებენ  პოლიტიკაში, ამომრჩეველი მასის ‘’დასამუშავებლად’ და ასე შემდეგ.
    ჯერ რასაც ვკითხულობ, არ შემხვედრია მსჯელობა ამაზე და  მექმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს…არსებობს..   ჩემი აზრით, არსებობს კოლექტიური პერსევერაციაც.   
… თუკი არსებობს და შესწავლილია  კოლექტიური ცნობიერება, კოლექტიური არაცნობიერი, რა დააშავა კოლექტიურმა პერსევერაციამ, რატომ არ შეიძლება შევისწავლოთ იგი, თუნდაც  საქართველოს მაგალითზე?
     აბა,  სხვა რა უნდა ვუწოდოთ ამ მოვლენას, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ.  “სტერეოტიპების თეორია” თითქოს კი უახლოვდება, მაგრამ ვერ მოიცავს მას.
    რას ვგულისხმობ?!
     აი, მოვა მარტი და დაიწყება ფეისბუქზე ერთი ცხოველი დებატები,  დედის დღე სამშია ნამდვილი თუ რვაში,  დაიწყება დიდმარხვა და თითქოს ახლა პირველად დაუდგათ პრობლემა, სექსი მარხვის დროს შეიძლება თუ არა და  რა ქნას ქალმა, თუ ქმარი, სხვაფრივ კარგი შემომტანი,  კარგი ვაჟკაცი,  სქესობრივ კავშირს აიძულებს შუა  გაგანია მარხვაში!   მოახლოვდება აღდგომა და ჩახოცავენ ერთმანეთს, რა არის სწორი, ‘’ქრისტე აღსდგა” თუ ქრისტე აღდგა’, წლების მანძილზე , დღემდე არკვევენ განქორწინების შემთხვევაში გამართლებულია თუ არა’ ჯვრის აყრა’ და რამდენჯერ? ან  შეიძლება თუ არა,  ერთხელ მონათლული მეორედ მოინათლოს,  თუ პირველი ნათლიის მხრიდან ყურადღებით დიდად არაა კმაყოფილი არც თვითონ, არც თავისი ოჯახი.   მოახლოვდება მაისი და ატყდება ერთი ამბავი, უნდა ვიზეიმოთ თუ არა გამარჯვების დღესასწაული;სინამდვილეში რვა მაისს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, ცხრაში თუ საერთოდ,  სექტემბერში.      
    უნდა ვიზეიმოთ თუ არა დიდგორობა და თუ უნდა ვიზეიმოთ, როგორ მოვახერხოთ რომ ჩვენს გუშინდელ მტრებსა და დღევანდელ პარტნიორებს არ ეწყინოთ…
   და ასე, სეზონ-სეზონ!
    ყველაზე დიდი ამბავი მაინც შობა-ახალი წლების მოახლოებისას იწყება - რომელია ნამდვილი შობა, როდის ვიზეიმოთ, მარხვას რა ვუყოთ. თებერვალი დადგება, ხეში წყალი ჩადგება და გაიხსენებენ’’ შემოდიოდა სიკვდილი ცელითო”, რა მაგარი ლექსიაო, დაიწყება ახლიდან განხილვა წიგნის ყდაზე ფაქსიმილედ განზრახ გამოაქვეყნა ვინმემ თუ შემთხვევა იყო. ჯგუფური გმირობა/დანაშაული იყო  თუ პიროვნული?  ტრიალებს ჩაკეტილ წრეში  ერთი და იგივე ვერსიები.
     ვინმეს  შეუძლია ახლა, ამ წუთას შეუმცდარად, ბოლომდე  ჩამოთვალოს ცისფერყანწელთა ორდენის წევრთა სახელები?  პაოლოსა და ტიციანის გარდა,  მრავალ  მკითხველს ბევრიც არ ეხსომება.  არ შეეშლება ალბათ იმას,  მკვლევარს, მეცნიერს, ვინც უშუალოდ  საკითხზე მუშაობს.
    სულო ცოდვილო და ასე მგონია,  დღეს  კოლაუ/ნიკოლოზ ნადირაძის სახელი   მკითხველს კარგა ხნის   დავიწყებულიც ექნებოდა, სხვა მრავალი კარგი ქართველი პოეტის სახელივით,  ‘’პოეტის ათასი სტრიქონის’ ყდაზე გამოქვეყნებული მისი ფაქსიმილეს სკანდალის გამო,   ყოველწლიურად,  თებერვლის ავბედით დღეებში  რომ არ გვახსენდებოდეს.
    რას ვფიქრობ თვითონ ლექსზე?
    გულწრფელად?
ქართულ პოეზიას არ აკლია უკეთესი ქმნილებანი, თავად კოლაუს სხვა უამრავი უკეთესი ლექსი აქვს, ვფიქრობ,  დამეთანხმება ის, ვინც მის შემოქმედებას  იცნობს.
    უფრო ტრივიალური ფორმა - რიტმი  -  ძნელი წარმოსადგენია,   გაგყიდეს/ აგკიდეს /დაგინდეს; გვამებს/მკლავებს - ასეთი  დონის  რითმები ცისფერყანწელებს და თვით კოლაუსაც სხვისი  არ მოეწონებოდათ.  იმდროინდელი ქართული პოეზიისათვის (დაიწ. სამოციანის ბოლოს).     
     ღირსება ამ   სამგზის გამეორებული რეფრენიანი ლექსისა (‘თოვდა და თბილისს ებურა თალხი” ) მაინც  უფრო ის მგონია, რომ ჩვენთვის  კომუნისტების მიერ დაფარული ისტორიული სინამდვილის სურათია მძაფრად, მთელი ტრაგიზმით  გადმოცემული  თავად ამბის შემსწრის მიერ.  მომხდარიდან  ნახევარი საუკუნის მერე   და  ამ  ამბის შემსწრე - პოეტი კოლაუ ნადირაძე ლექსის შექმნის დროს  უკვე ღრმად მოხუცია. 
    არ არის დამაფიქრებელი ამბავი?

    1895 წელს დაბადებული პოეტი იმ ავბედით დღეებში  26 წლისა იყო.  
   სასწაულებრივად გადარჩენილმა,  მამაცმა ადამიანმა, რომელიც  არა მხოლოდ ცისფერყანწელთაგან, არამედ  ზოგადად, ქართველ  პოეტთაგან ერთადერთი იყო, პაოლო  იაშვილი 1937 წელს  ბოლო გზაზე ვინც გააცილა (!) საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერე 1990 წლამდე იცოცხლა,  გარდაიცვალა 96  წლისა. სულ რაღაც,  ოთხი წელი დააკლდა საუკუნემდე და მარტივ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ,  გამოვა, რომ  დაახლოებით ცხოვრების  ერთი მესამედი  გაუტარებია თავისუფლებაში და დანარჩენი 65 წელი  - ტოტალიტარულ რეჟიმში იყო გამოკეტილი.
   მთელი სამყაროსაგან რკინის ფარდით გამოყოფილ  ტოტალიტარულ სივრცეში,  მთელს ხელოვნებაში ბატონობდა სოციალისტური რეალიზმი - საბჭოთა იდეოლოგიის მიერ ერთადერთი სანქცირებული მიმდინარეობა.   შემოქმედებითი შეჯიბრი და მეტოქეობა, როგორც თამაშის სახეობა,  ხელოვნებისთვის დამახასიათებელია თუნდაც ძნელბედობის ხანაში,  ცოცხლად გადარჩენილი, მაგრამ   შიშის კლანჭებში მოქცეული  მაშინდელი შემოქმედნი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სულ სხვა რამეში -  ვინ უკეთ მოერგებოდა  სოცრეალიზმის ესთეტიკას.   ერთმანეთის ნაწერებში გაფაციცებით ეძებდნენ გადაცდომის მაგალითებს. 
  1953 წელს, მარტში  გარდაიცვალა სტალინი  და  თანამედროვე ისტორიკოსების მიერ მიიჩნევა, რომ ხრუშოვული “ოტტეპელიც’  ამ მომენტიდან იწყება,  თუმცა ნიკიტას მოსვლამდე ხელისუფლებაში ჯერ ორი წელია.  
    ქვეყნის ახალი მეთაური  გ. მალენკოვი წყვეტს ძიებას ’’ექიმთა საქმისა’, იხურება   სხვა არაერთი გახმაურებული გამოძიებაც, იწყება ეტაპობრივი რეაბილიტაცია.
    დაე,  ნურავინ განიკითხავს პოეტს, რომელიც  ლამის მთელი ცხოვრება  შიშის იმგვარ ღრმა დამღას ატარებს, რომ  უკვე ორწლიანი წინარე  ,, ოტტეპელის” დროსაც კი,  1955 წლის  7 თებერვალს  ასეთ რამეს  ამბობს:
“ ჩვენ ვიყავით ხალხთან 1917 წლის ოქტომბრის დიადი გარდატეხის დროს,
ჩვენ ვიყავით ხალხთან, როდესაც იგი შეუდგა ახალ მშვიდობიან მშენებლობას, რათა მშვიდობიანად და ბედნიერად ეცხოვრა ჩვენს მშვენიერ, მზიურ საქართველოში,
ჩვენ ვიყავით ხალხთან - როცა ის იცავდა თავს თავდამსხმელი მტრისგან, როცა ამ მტერმა მოინდომა თავისუფალი და სამართლიანი უფლებების ფეხქვეშ გათელვა;
და ჩვენ  ხალხთან ვართ დღესაც, ღრმად შეჭრილნი  მის ყოველდღიურ ცხოვრებაში,  ვართ თანამონაწილე იმ დიდებული მშენებლობისა,  რომელიც სწარმოებს ჩვენი კავშირის  სხვა ძმურ  ერებთან ერთად, ვართ ჩაბმულნი ბრძოლაში უკეთესი მომავლისათვის, საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად კომუნიზმის ასაშენებლად!”
    ნუ გაგაკვირვებთ ხალხის ასეთი წამდაუწუმი ხსენება!
    კომუნისტების მიერ ჩადენილი ყველა ვერაგობა ხომ  მუდამ  ხალხის სახელით ხდებოდა.  
   დასასრულ, გაუგებრობის გასაფანტად  ერთიც დავაზუსტოთ, ვრცელი ციტატა, რომელიც გაგაცანით,  ეკუთვნის არა კოლაუ ნადირაძეს, არამედ გალაკტიონ ტაბიძეს, მისი წარმოთქმული საზეიმო სიტყვიდანაა. იგი აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოს გახსნაზე გაჟღერდა  და რაკი ტიპობრივია, ასახავს იმდროინდელ გამომსვლელთა საერთო პათოსს  და ხელთ მქონდა,  ეს დავიმოწმე. 
    რით დავიწყე, პერსევერაცია-მეთქი, ვითომ ლოგიკური ხაზიც გამყავდა  და  აგერ, ტოტალიტარიზმამდე მივედი. 
    ნეტა მე თვითონ ხომ არ მჭირს ტოტალიტარიზმზე პერსევერაცია, ოღონდ არა კოლექტიური, არამედ ინდივიდუალური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი