პაოლო იაშვილის დარიანული დღიურები და ჟურნალი - ცისფერი ყანწები N1
#ავდარიანული_ოპუსები
ნინო დარბაისელი
პაოლო იაშვილის ,,დარიანული დღიურები” და ჟურნალი “ცისფერი ყანწები”(N1)
ამ დღეებში, კერძოდ 28 თებერვალს სრულდება ჟურნალ ,,ცისფერი ყანწების” გამოცემიდან 108 წელი.
ეს, რასაკვირველია, არ არის მრგვალი თარიღი, რომ კულტურულმა საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნოს, ან თუნდაც მოიხსენიოს. ქართული პოეტური მემკვიდრეობის მცოდნეთა და მოყვარულთა ხსოვნაში კი წარმოსახული კალენდრის ერთი ნათელი ფურცელია.
წინამდებარე მცირე ოპუსიც ჩემს გონებაში განათებულ ამ ფურცელს ეძღვნება.
დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, რომ რამე ახალსა და განსაკუთრებულს ვამბობ, ადრე აუცილებლად მექნებოდა აღნიშნული რომელსამე ოპუსში, როგორც პაოლო იაშვილის “დარიანული დღიურების” ისტორიის ერთი ფაქტობრივი მომენტი.
მე თუ არა, სხვაც იტყოდა ჩემამდე, უბრალოდ, ყველაფერი ზეპირად ხომ არ მეხსომება, არა?
***
კითხვა იყოს ასეთი, მაინც რამდენი და რომელი ლექსები გამოაქვეყნა საკუთარ შედგენილ- ნარედაქტორალი ჟურნალის ,, ცისფერი ყანწების “ პირველ ნომერში პაოლო იაშვილმა საკუთარივე შექმნილი ლიტერატურული მისტიფიკაციის სახელით ანუ ფსევდონიმით “ელენე დარიანი”?
ჩავხედოთ სარჩევს! (იხ. ილუსტრაცია)
მასში ზემოდან მეოთხედ (გვერდები არ ეთითება) დგას ფსევდონიმი ელენე დარიანი და მის გასწვრივ მითითებულია ორი ლექსი - ,,უვერტიურა” და “პირამიდები”
ახლა გადავშალოთ ჟურნალი!
აქ მეათე - მეთერთმეტე გვერდზე სინამდვილეში მოთავსებულია არა ორი, არამედ სამი (!) ლექსი “დარიანული დღიურებიდან”,
ანუ ემატება მესამე ეროტიკული ლექსი , რომელიც ჩასმულია დასახელებულ ორს შუა. ესაა უსათაურო, ,, უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი”.
ანუ სარჩევში გამოტოვებულია ,, დარიანული დღიურებიდან” ერთი, კრებულში დასტამბული ლექსის სათაური(!)
სიზუსტისათვის:
ეს უსათაურო ლექსია და წესისამებრ, ასეთ შემთხვევაში, სამი ვარსკვლავი და ფრჩხილებში ჩასმული ლექსის პირველი სტრიქონი გადის სათაურად სარჩევში.
ლექსს ახლავს ეპიგრაფად პაოლოსეული თვითციტირება.
გავიხსენოთ ლექსი.
***
(“მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი” - ჩემიდან)
უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
დამეძინება... გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები;
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.
კიდევ ერთი ამბავი:
სარჩევში მეორე ლექსის სათაური მოხსენიებულია, როგორც ,, პირამიდები” - სახელობით ბრუნვაში,
შესაბამის გვერდზე კი ლექსი მესამედ დგას და სათაურად აწერია ,”პირამიდებში”- ანუ ნათესაობითი ბრუნვის ფორმით.
ეს ორი ფაქტი, ჩემი ფიქრით, კიდევ ერთი დასტურია საყოველთაოდ ცნობილი ამბისა, კერძოდ, თუ როგორი დაუდევარი იყო პაოლო საკუთარი შემოქმედების მიმართ, როცა შეეძლო, ყველას დადგომოდა მხარში, ეზრუნა ყველაზე, პატარა ბიჭს “ყანწებამდე” გამოეცა ჯერ სხვა ჟურნალი ,, ოქროს ვერძი” , ისიც საკუთარი სახსრებით, რედაქტორობით და არც კი მიეთითებინა ეს.
ამ ქვეყნიდან კი ისე წასულიყო, საშინელი თვითმკვლელობით, რომ …(გავიხსენოთ ლ. ბერიას ცნობილი ნათქვამი, პაოლო იაშვილმა ამ თვითმკვლელობით პროვოკაცია მოუწყო საბჭოთა ხელისუფლებასო) 1937 დან 18 წლის მერე ნაღირსები რეაბილიტაციის შემდეგ, შალვა დემეტრაძეს ძლივს მოეგროვებინა აქა-იქ გაბნეული მისი ქმნილებანი, რათა პირველ პოეტურ კრებულად გამოეცა.
ამ გარემოებით კი ესარგებლა სიბერეში მეგალომანიით შეპყრობილ მის ერთ-ერთ, ახალგაზრდობისდროინდელ სიძვის დიაცს, ელენე ბაქრაძე-ბერიშვილ- ქართველიშვილს და ლექსების ავტორად თავის გამოცხადება ეცადა…
თუმცა კმარა ამაზე!
ეს ხომ უკვე ძველი ამბავია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი