ლექსმცოდნეობითი ოპუსები - მთათ ორბის ფრთები მოისხეს


ლექსმცოდნეობითი ოპუსები 

ნინო დარბაისელი

ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

მთათ ორბის ფრთები მოისხეს ანუ
არქაიზაცია, როგორც ნოვაცია

მეც რომ ერთი იმ ბედნიერთაგანი ვარ, შესაფასებლად და აზრის გამოსათქმელად ყოველდღიურად უცნობ-ნაცნობები ლექსებს რომ უგზავნიან, ეს ხომ ისედაც იცით.
  ამას წინათ ერთ უცნობ ავტორს ვურჩიე, თავი დაანებეთ სხვისი სიტყვებით სხვათა სათქმელის გადმოცემას ლექსში.
    ჩათვალეთ, რომ რაც დღემდე დაგიწერიათ, ხაზი უნდა გადაესვას. წინ თეთრი ფურცელი გიდევთ და ყურადღებით გისმენთ, გვაინტერესებს თქვენი ცხოვრება და შინაგანი სამყარო, თქვენივე ენით გადმოცემული, რაიმე თქვენეული სცადეთ და  ამ ეტაპზე ყურადღებას ნუ მიაქცევთ ფორმას.
    თქვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობთ და ისე აღარ მეტყველებთ  ძველი სიტყვებითა და ნართანიანი მრავლობითებით, როგორც ჩემთვის გამოგზავნილ ლექსებში წერთ- მეთქი
და პასუხად  მომწერა, ნართანიან მრავლობითს რატომ მიწუნებთ, ანა კალანდაძეც ხომ წერს:

“მთათ ორბის ფრთები მოისხესო”

რაკი ჩემი პასუხი  სცილდება კერძო მიმოწერის ფარგლებს და ზოგად პრობლემას შეეხება, აქაც გადმომაქვს:

ნინო დარბაისელი:

“გაგიკვირდებათ ალბათ, რასაც გეტყვით, ანა კალანდაძე როცა მაგ არქაიზმებს აკეთებდა, მაშინ ქართული პოეტური მეტყველების კონტექსტში ეს - უკვე თავისებური ნოვაცია იყო, თანაც დიდი..
ნელა, წვალებ-წვალებით მაგრამ მაინც, ქართული პოეტური მეტყველება იდეოლოგიური კონსერვაციის ჩარჩოებიდან გამოდიოდა.  ლიტერატურული რადაქტორის ერთ- ერთი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ასე იყო ჩამოყალიბებული : ,,მისი  სამსახურებრივი მოვალეობაა, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს გამოსაცემი ტექსტი”.
მას მერე ქართულმა პოეტურმა მეტყველებამ  ნახევარსაუკუნოვანი გზა განვლო, მოხდა  მისი დროში განვრცობილი, მაგრამ მაინც - ხელახალი მოდერნისტული რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში ბესიკ ხარანაულის სახელს დაუკავშირდა, თუმცა მაგისტრალი მაშინ არ დაუკავებია.
    (ჩემთვის, სამუშაოდ, ბესიკ ხარანაულისეული, ახალი ესთეტიკური ფენომენის მოსახელთებლად  მის ამ ფრაზას ვიყენებ ,,ვარდებისათვის კი არ ვიხრები, პალოებს ვაძრობ”)
    ეს გამოცდილება გააქტუალურდა  საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალი საქართველოს ფორმირების სოციალურ ფონზე მომწიფებული ზოგადად სახელოვნობო კრიზისის პერიოდში.
    მეტს ნუ გამრჯით, არსებობს ამაზე გამოქ ეყნებული გამოკვლევები, ნაწილი ინტერნეტშიც იქნება.
- - - - -

ნინო დარბაისელი

ესთეტიკა და პორნოგრაფია ლექსში
ანუ ვაგინა და ფალოსი

რაკი ერთგან მეკითხებიან,  პორნოგრაფიული ლექსი თუ დაგიწერიათო, არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყოს.
  დამიწერია, თანაც ბევრჯერ და აი, როგორ, …. მანამდე კი გავიხსენოთ, პორნოგრაფიის ყველაზე მოკლე, თანამედროვე განმარტება:
ეს არის ტექსტში სქესობრივი აქტის პირდაპირი გამოსახვა, გენიტალიური ორგანოების პირდაპირი დასახელებით.
 
    მე ვთვლი, რომ სიტყვათა, მეტადრე რითმათა თამაშითა და ირონიულ- პაროდიული კონტექსტის შექმნით, ანუ ესთეტიზაციით,  გარკვეულწილი ალეგორიზაციით - პორნო-შინაარსის, მოქმედების გადმოცემა სავსებით შესაძლებელია ლექსში.
    ამას წინათ  ხომ მედო ინცესტის ამსახავი ,,ტაძრის მეძავი”, ასევე ეროტიკული ,,პომპეი, ორი”, სადაც მეძავი პირდაპირ აღწერს სქესობრივ აქტს, მაგრამ ტექსტი ისეთ კონტექსტშია ჩასმული, რომ, როგორც იტყვიან, ,,არ ყვირის”…
  ვაგინა  და ფალოსი - შესაბამისად - ქალისა და კაცის გენიტალური ორგანოების ლათინური სახელებია.
ესენი ძველებია, ეტიუდები და მოვიძიე.
  და ბოლოს, კეთილსინდისიერებისთვის უნდა ითქვას, რომ  ეს მე არ მომიგონია. ქართულ პოეზიაში ეროტიკისა და პორნოს ესთეტიზაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
    ვფიქრობ, აქ  მაგალითად დავით გურამიშვილის ,, ქაცვია მწყემსის” დასახელებაც კმარა.

ნინო დარბაისელი

ეროტიკული ფლს
(ეტიუდი)

ყოლა გსურს დედოფალასი, თანყოფით კმაყოფილისა,
სხვასთან არგაყოფილისა,
თქმა ,,ჩემო დედოფალოსი”,
მაგრამ ერთია სიმკვრივით  ფლასი და შენი ფალოსი?
- ხარჯვა მოგიწევს ფულისა, იმისი სამყოფელისა.
მოუკლებ? - იტყვის, “რად უნდა  ფული მიწაში დაფლასო,
კაპიკს ვერ  გააგდებინებ, ამ გულის დასათაფლასო,
ან რას უშველის ხშირ- ხშირად თქმა “ მიხსენ, შენ, უფალო”-სი?
ჰორიზონტალში - სიცივით  მიჰგავს ყინულის ფილასო”.
ჰოდა, სჯობს, რაც გაქვს, დასჯერდე,
საშენოდ დაიფალ ასო!

ნინო დარბაისელი

ზაფხულის ვაგონი
(ეტიუდი)

ვაგონი,
ზაფხულის ვაგონი!
მეტოქეს ვიღაცა ვეგონე,
უგონო!
ვერარა ვაგონე,
და ვეღარც ვუგანე,
ვიგინე,
ვაგინე!
ვაგენი, შენკენ გზას ვაგენი.
ღამეა,
ვაგინა, ვაგონი!
ჩემია,
ჩემია ვაგინა!
ვა, გონი!
სექსუალისმის  გამოსახვა ლექსში

- - - -
ნინო დარბაისელი




ვინმემ რომ გკითხოთ, ვინ არის საქართველოში არა მხოლოდ ლესბოსური, (გვედო ამას წინათ-  ,,გავთხოვდი, საფო!”), არამედ პირველი ბეჭდურად გამოქვეყნებული ეროტიკულ -ზოოსექსუალური ორიენტაციის ლექსის ინდივიდი ავტორი, (ფოლკლორი არ ითვლება),  არ დაიბნეთ, პირდაპირ მე დამასახელეთ, თორემ მეწყინება და ორნიტოსექსუალური ორიენტაციის ეროტიკულ ლექსსაც დავდებ????
  სოლოსექსუალიზმის თემის შემოტანაც ქართულ პოეზიაში - ხომ  პირველად ჩემს სახელს უკავშირდება (“ჰეროსტრატე” 2011)
  რაღა დაგიმალოთ და საერთოდ, მიყვარს პირველობა.????????
ეს ლექსი არის თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი  - 5/4/5, სპორადული რითმით, კონვენციური სტროფული ჩანართით.

ნინო დარბაისელი

  ნასესხებისა

არ გინდა, ისევ მოგეფერო
უწინდებურად?
მოგელამუნო
მოლოდინით განაყუჩები,
შინ დაბრუნებულს
დაგილოკო
მომლაშო კანი,
ეგ თბილი ყელი,
ცხვირის წვერი,
ცხელი ტუჩები!
და მოგიმატო
არათითზე
ნაკბენს ნაკბენი!

უმადური ვარ!
ვერ ვიფერე,
ვერ დავაფასე
შენი ამაგი,
ზანტი ზმორება
ფანჯრის რაფაზე,
მაგრამ ნაზამთრევს
ვით დამეცხრო
სისხლი მჩქეფარე?
მიყვარხარ-მეთქი,
გაპარვისას
ხომ დაგიბარე
და შენს კალთაში მოკრუტუნეს
ხომ მიმღერია:

''მარტის თვეში არ დარჩება
ძუ უხვადო,
მაინც წავა,
თუნდა ჰქონდეს
რძე უხვადო.

მომეწყინა მონობა,
მიაო და მიაო,
მეყო, რაც კი
მარტოობის
ცრემლი მინამიაო!''

საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა.
მე სიბნელეში უკეთ ვხედავ
ბეცი თვალებით.
ვიცი, შინა ხარ.
თუ არ მიღებ,
აღარც დაგიცდი,
წავალ და
ვინმე ალერსიანს
შევეფარები!

გავიდა მარტი.
ნასესხების უბერავს ქარი,
უბერავს ქარი,
ძვლის ძირამდე
ნემსივით ატანს.
კარს მოვეკარი,
ვაფხაჭუნებ,
გესმის?
გამიღე,
გამიღე კარი,
მე ვარ,
შენი ხატულა კატა!

2008

P.S.

ამ ლექსს ასეთი ისტორია უძღოდა.
მეგობართან  (ნ. ლ.) ვმსჯელობდი და ვუმტკიცებდი, მთავარია ესთეტიზაციის ხარისხი და ოსტატობა, თორემ ეროტიკის და პორნოს წერას რა უნდა-მეთქი.
ჩვენში შიშველი პორნო-წარწერებით სავსეა საზოგადოებრივი ტუალეტების კედლები, მარტო ისინი რომ მოაგროვო, ცოტა ხელი გაჰკრა და თავისუფალი ლექსის ფორმა მისცე, ქვეყანა მოგაწყდება, 
პორნო - ისეთი რამეა, სექსზე დამშეულ მასას იზიდავს. სტატისტიკის მიხედვით, პორნო-საიტებს ყველაზე მეტი  მნახველი ჰყავს-მეთქი.
და თემაო?
თემა ნებისმიერი მომეცი-მეთქი და  ერთი კატა ჰყავდა, სახელად ბრუცა, ცალთვალა, ბრუციანი, ჩემს კატაზე დაწერე, აბაო!
  და დავწერე (გამოიბრუცა - ანაგრამაა და მაგას ნიშნავს).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი