თავქვე
თავქვე - - - ყველაზე მეტად რას მივსტირი ქართულ ენაში? იმას, რაც მასმედიისა და უწიგნური პოლიტიკოსების ვერმოქართულეობამ დაჰმართა. მოქნილობა დაუკარგა, სიტყვათწარმოების ძალა დაუჩლუნგა... ადრე დიალექტები იყო სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი თავანკარა წყარო, ახლა წყურვილს “კოკა კოლათი” იკლავს. ხანდახან ასე მომენატრება ხოლმე ჩვენი ქართული, რომელიც ახლა, ალბათ თანამედროვე მკითხველის ნესტოებს ნაფტალინის სიმძაფრით შეუღუტუნებს და ... ა-ააა- ბცხი!!! სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ნინო დარბაისელი მხედრული - - - გაზაფხულის წვიმებია ხშირი, დაიტბორა ტყისპირი და ჭალა, განასროლი ქვისას ვისმენ შხივილს, მახლავს ძაღლი ზანტი, მაჩანჩალა. რა ცუდია, რომ ვერავინ მხედავს, უნაგირზე როგორ ავხტი მარდად! ტერფის წვერი უზანგში მაქვს მხედარს. აღვირს ვზიდავ... ცხენი გამივარდა! დამანარცხა უფლის ნარისხივით, მოქადილე დავრჩი შენარცხვენი... ნაგუბრიდან ამომცინის სხივი, სიმწვანეში ჩაბალახდა ცხენი... - - P.S. ამ ლექსის პირველწყარო ძნელი მოსაძიებელი როდია. მხატვრული ღირებულებით კოჭებამდეც ვერ მისწვდება მას! ამ დღეებში იზა ორჯონიკიძის - ბრწყინვალე პოეტისა და ჩემი უფროსი მეგობრის პოეზიის საღამო იმართება მწერალთა სახლში. ეს დღეებია, მძაფრი მონატრებით ვფიქრობ მასზე. ავიღე ჩემი საყვარელი ლექსი იზას შემოქმედებიდან ,,თავქვე” და ჩემებურად გავაგრძელესავით, შორიდან შევეხმიანე. იზა ორჯონიკიძე თავქვე - - - თმაში მივლის სავარცხელი წიწვის /ვბრიყვობ ჩემთვის, განა დავთმე ცანი/. ყელყელაობს უხედნელი მიწის მშვენიერზე მშვენიერი ტანი. ატამივით გადაიპო ხევი, თითქოს თვალწინ ამასხეპეს ტყენი. აი,ახლა მომიტაცებს დევი, აი,ახლა გადამაგდებს ცხენი! ერთი გზაა, ერთი გზაა მარტო, მარტო ერთი სამანია თურმე, მერე თოვამ მთებზე გადამფანტოს, მერე ქარმა გადამკიდოს ურმებს, არაფერი, არაფერი მშველის, ხევია და შემოდგომის რული, აი,ახლა გადამაგდებს ცხენი, აი,ახლა გამისკდება გული! 1967 P.P.S ჩემი მინი- რევიუ ამ ლექსის თაობაზე იხ.: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=7264
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი