ნამდვილი მოცარტი და სალიერის ფიქცია - სონეტითურთ


#ლექსები

#დილაუზმოს_ფიქრებიდან 
ნინო დარბაისელი

ნამდვილი მოცარტი და სალიერის ფიქცია

მოცარტი და სალიერის ფიქცია
   მოცარტის მუსიკალური კარიერის დასაწყისში მეფის კარი  იტალიურ მუსიკას და მუსიკოსებს  ჰქონდათ დაპყრობილი. 
    სალიერი - მათ ერთ ლიდერად მიიჩნეოდა. 
   მოცარტს  კართან დაკავშირების მომენტიდან უხდებოდა    მათ წინააღმდეგ ბრძოლა კარზე ადგილის მოსაპოვებლად   და ცხადია, გერმანული მუსიკის დასამკვიდრებლად. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მათაც  მოუწევდათ  საკუთარი პიროვნული, გუნდური თუ ესთეტიკური პოზიციის დაცვა!
    მოცარტის ჩანაწერები თუ წერილებიც ამას ადასტურებენ. 
   თავისი მხრით,  კეთილშობილი  სალიერი პოზიტიურად იყო განწყობილი მოცარტისადმი, ბევრჯერ სერიოზულად დახმარებია კიდეც. 
    ბოლოს და ბოლოს, მოცარტის გარდაცვალების მერე მისი პატარა შვილის მუსიკის მასწავლებელი  სწორედ სალიერი იყო.  
   რამეში  ოდნავ დამნაშავე რომ ჰგონებოდა, ამ არჩევანს  დაუშვებდა  მოცარტის ცოლი?  - თავის უმწეო,  პატარა ვაჟს -  მამის მკვლელის ან თუნდაც მისი სიკვდილის ხელშემწყობის  ხელში ჩააგდებდა?
 ჯერ  - ლიტერატურამ და მის შემდგომად - კინოინდუსტრიამ  დანერგა ნეგატიური დამოკიდებულება სალიერისადმი, როგორც ნიჭის წინააღმდეგ მებრძოლი უნიჭოსი. 
   არადა იგი ნამდვილად ნიჭიერი და ნაყოფიერი  მუსიკოსი იყო. 
    გასაგებია, რომ მოცარტი - იყო გენიოსი. 
მაგრამ არათუ  მუსიკას, ხელოვნების არცერთ დარგს  არ შეუძლია, არ ჰყოფნის  მხოლოდ გენიოსის არსებობა, მას სჭირდება ნიჭიერებით გამორჩეულთა სივრცე, ატმოსფერო,  რომელშიც გენია - მთელი სავსებით გამოვლინდება.
    ამას ადასტურებს მსოფლიო ხელოვნების მთელი ისტორია.
 ვერავინ გაიხსენებს ვერცერთ მაგალითს, გენიოსი “ცარიელ ადგილას” რომ გამოვლენილიყოს.
     მერე, დროთა ვითარებაში  ნიჭიერებით გამორჩეულთა ფონი შთამომავლობამდე იქნებ ვერც მივიდეს,  გაქრეს, გაიფანტოს, დავიწყებას მიეცეს, როგორც მაგალითად, ქართველებს ვეფხისტყაოსნის შემთხვევაში გვაქვს, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ხომ თავად პოემის პროლოგი გვაუწყებს, სადაც გენიოსი რუსთველი  მაშინდელ პოეტთა სახეობებს ჩამოთვლის და აბოლოებს -  ,,ჩემი აწ ცანით ყოველთაო”.
   მე მჯერა, რომ არ ყოფილიყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და სხვანი, არ გვეყოლებოდა ბარათაშვილი. აქ ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, მემკვიდრეობითობას  კი არა, იმ პოეტურ ატმოსფეროს  ვგულისხმობ,  იმ დროს მათი წყალობით რომ იყო შექმნილი. 
   ერთი   მკაფიო მაგალითიც,  ქართული პოეზიის შედარებით ახლო ისტორიიდან:    
    გალაკტიონი იყო გენიოსი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არა “ცისფერყანწელები” , და არა მხოლოდ ისინი, არამედ ნიჭიერ ავტორთა მთელი პლეადა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოვიდა სამწერლო- 
სახელოვნებო ასპარეზზე, იგი  საკუთარ გენიას - ვერაფრით გამოავლენდა. 
    და ვინ იცის, რამდენი გენიოსი გვყავს დაკარგული მის ირგვლივ  ნაყოფიერ ნიჭიერთა ატმოსფეროს არარსებობის გამო!

   ***
რაც შეეხება ბრწყინვალე ფილმის ,, ამადეუსის” მაგალითს, მინდა ვთქვა, რომ - 
   
კინოხელოვნება - ფლობს მძლავრ იარაღთა მთელ,  უზარმაზარ  არსენალს მაყურებელთა დიდი მასის ფსიქიკაზე, მთელს არსებაზე    ერთდროული,  კომპლექსური ზემოქმედებისა. 
   იგი  საკუთარ გავლენაში მოქცეულ გონიერ ადამიანსაც კი - რაღაც დროით მაინც,  ტყუილში, ფიქციაში დააჯერებს.  
ამ მხრივ ის  ძალზე საშიში იარაღია.
   ამიტომაც საბჭოთა  და არა მხოლოდ  საბჭოთა,  არამედ ნებისმიერი ტოტალიტარული მმართველობა  მასაში  საკუთარი იდეოლოგიის სწრაფად და მყარად ჩანერგვისათვის    კინოინდუსტრიას გაჩენა- განვითარების მთელი დროის განმავლობაში, შესაბამისად მის წარმომადგენლობასაც,   იახლოვებდა  - ხელს უწყობდა, საგანგებო პირობებს უქმნიდა.  (მოსკინო, ჰოლივუდი, ბოლივუდი, დისნი და აშ) 
    აქ- კონკრეტული მაგალითები თავად გაიხსენეთ, უხვადაა!

ნინო დარბაისელი

აპოლოგია სალიერისა
(შექსპირული სონეტი)
       

ვის   - სწირავს,  ანდა ვის - სწყალობს ბედი,
ვის -  გაუსწრია, ვის - ზედ უსწრია…
გაჯერებს ტყუილს, გონზე  მოქმედი
კინოფილმების  ეს ინდუსტრია:

ფილმმა  რეალი როგორ არია…
ხვეტა ჭორები, ნათქვამი ადრე!
მკვდრები - ცოცხლების ნებას არიან,
თავს ვერ იცავენ?! - რაც გინდა,  ჰკადრე!

რა დააშავა ნიჭის  ქომაგმა
ვენეციელმა ამ სალიერმა?
ასხეს მხურვალე  ლავა თუ  მაგმა,  
გასწირა  ხალხმა ზნეცარიელმა?!

მოდის მოცარტი და სალიერი - 
- ნათდება   ქვეყნის დასალიერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი