ორი ლექსი გალაკტიონის ლურჯა ცხენებში?!


#ოპუსები
#გალაკტიონოლოგია

ორი ლექსი ,,ლურჯა ცხენებში”? 

    ქართულ პოეზიაში მოკლე რიტმულ საზომთა  უმრავლესობა ვრცელი საზომის დიდ ცეზურასთან  გაჭრის შედეგადაა წარმოშობილი.
    ხდება ხოლმე, რომ ავტორის ინტენციაა, ჯვარედინადაც გარითმოს ეს დამოკლებული საზომი, დაიწყებს და შუა გზაზე აზრს შეიცვლის, რითმასთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს რაიმე სიტყვას,  სხვა ბგერწერულ  ნაკადს, სახე-კონცეპტს და აშ.  და აღადგენს ვრცელ საზომს.
  შეიძლება ტრადიციაში იმ  მოკლე საზომის ვრცელი ვერსია არც დასტურდებოდეს, მაგრამ თავად ავტორმა გააორმაგოს ზომა.
(აქ - ყურადღება მივაქციოთ ტერმინს: ის რომ სადმე  რაიმე “არ დასტურდება”, როგორც ფაქტი, მოცემულობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი არარსებობის დამტკიცებას).
    გამომცემლებს - სხვა პრობლემაც აქვთ, დამოკლებულსაზომიანი ლექსი თუ  ასე, ერთ  საწიგნე- საჟურნალე გვერდზე  მეტს იკავებს და ზედმეტ ხარჯს იწვევს, ურჩევნიათ, გრძელი საზომით გაუშვან და ავტორს სთავაზობენ ამ ხერხს. ათიდან რამდენი ავტორი იტყოდა უარს ბეჭდურად ლექსის გამოქვეყნებაზე ასეთ შემთხვევაში, მაშინ როცა არც ტელევიზია, არც ინტერნეტი არ არსებობდა, ანუ ლექსისთვის მკითხველისაკენ გზის გაკვალვის ერთადერთი საშუალება  მისი სადმე ბეჭდურად გამოქვეყნება იყო?
 მე თუ მკითხავთ, არცერთი და მათ შორის არც გალაკტიონი.
   ახლა ასეთი კითხვა დავსვათ:
გავრცელსაზომიანების შემთხვევაში რა მოუვათ დიდი ცეზურის წინ მოხვედრილ კიდურ რითმებს? 
 - რა და შიდა რითმებად იქცევიან.
როგორც ეს გვაქვს აქ წარმოდგენილ ლექსში, რომელიც გალაკტიონის ხელნაწერს მისდევს. გთხოვთ დაუკვირდეთ!

ამის არცოდნამ თუ გაუთვალისწინებლობამ უბიძგა ზოგიერთ პირს , გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენების” ტექსტში, დიდი ცეზურის წინ, გაშიდარითმებული ყოფილი გარე, კიდურა რითმები იმის დასტურად მიეჩნია, რომ  “ლურჯა ცხენებში” - ორი ლექსია შერწყმული. 
ანუ “სიგრძეზე კითხულობენ”  მთელი დიდი ცეზურის ჩამოყოლებაზე  ვითომ-ერთ  - მარცხენა და ვითომ-მეორე  მარჯვენა ლექსს.
  შინაარსი რომ სრულიად გაუგებარი გამოდის?!
   მაგის არგუმენტიც იქვე აქვთ,  - საერთოდ გალაკტიონის სიმბოლისტური პოეზიაც ხომ გაუგებარიაო.
   მოდი და სასო ნუ წარგეკვეთება!

ახლა მე, როგორც კადნიერი არსება, გავყოფ გალაკტიონის ამ ლექსს დიდ ცეზურასთან, რათა  მკითხველისთვის უფრო თვალნათლივი იყოს ჩემი მსჯელობა
ჩვენ წინაშეა  4/4/3 , თავიდან ბოლომდე , ჯვარედინად (ABAB) გარითმული.

გ. ტაბიძე

* * *
მთებში აფხაზ მეწისქვილის გოგონა 
შეიყვარა ერთმა დიდმა პოეტმა,
რომ მოვარდა გრძნობის ჭიაკოკონა, 
ორთავეს გულს გაგიჟებით მოედო.

პოეტმა მზე გაიტაცა შორს, მთაში, 
სად ჟრჟოლავდა ქარვისფერი თუთუნი,
სად მიმოზას და პალმების კალთაში, ჩალიბაშის გაისმოდა დუდუნი.

იგრიალა ხალხის მიეთმოეთმა,
სიყვარული ძველი ხავსი ეგონა,
მოგვტაცაო ერთმა დიდმა პოეტმა,
მეწისქვილის მშვენიერი გოგონა.

მაგრამ გულთან რას გააწყობს გარისხვა, აღტაცებამ ერთხელ დაიმღერა-რა,
დაე, აღსდგეს ხმელეთი და შავი ზღვა, 
ვერ დასძალავს ვერავინ და ვერარა.

ამოხეთქა ხმებმა ვით ოქროეთმა,  
 გამარჯვებულ სიყვარულად მოჰკონა,
სამუდამოდ შეიყვარა პოეტმა 
 მეწისქვილის მშვენიერი გოგონა.

გალაკტიონ ტაბიძე
სამშ., 17 ენკენის., 1929

https://galaktion.ge/?page=Diaries&id=3352

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი