პოეზიის ეკონომიკა


#ოპუსები

ნინო დარბაისელი

პოეზიის ეკონომიკა

    გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქმის, ოღონდ შაირის წყალობით - ეს ხომ შოთამ ჯერ კიდევ როდის გვასწავლა.
 აფორიზმს ნუღარ გავიმეორებთ.
  როცა  ქართული ინტერნეტ პოეზიის ჟანრულ თავისებურებაზე ვფიქრობ, რა გასაკვირველია, რომ სულ ეს მახსენდებოდეს.
  ინტერნეტ პოეზია  - არ ნიშნავს უბრალოდ, ინტერნეტში  ნებისმიერი მსურველის მიერ დადებულ რაიმე ლექსს. (ასეთი ხომ ტონობით არის), არც ლექსს, რომელსაც ავტორი პირდაპირ ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით კრიფავს თხზვის მომენტში (რომელია სწორი კრიფავს თუ კრეფს?…”კართული სულ დაგავიცკდა”😁) არც ლექსს, რომელიც ინტერნეტ- მკითხველისათვის არის გამიზნული… და აქ სდექ!
   დიახაც, ინტერნეტ ლექსი - სწორედ ინტერნეტ მკითხველისთვისაა გამიზნული.
 ტრიადა: ავტორი-ტექსტი- მკითხველი, არა ტოლფერდა, არამედ მახვილკუთხიან სამკუთხედად წარმოგვიდგება და ეს მახვილი კუთხე - ინტერნეტის პირობებში - სწორედ მკითხველია!
   მაგრამ ეს ინტერნეტ მკითხველი  ვინღაა და რაღაა? განა ფეისბუქზე არაა მთელი საქართველო დღეს? ცხადია, იმ ახალგაზრდა თაობის უკვე გამოკლებით, ინსტაგრამსა და ტიკტოკს რომ მიეჩვივნენ და აქაურობა წინათაობელებს შემოგვატოვეს, მშვიდობაში მოიხმარეთო. ზოგს ,, ექაუნთი” კი ისევ აქვს დაუხურავი და ხანდახან იყენებს კიდეც, მაგალითად, დედას ან ბებიას ან ბებიის დაქალს თუ უნდა მიულოცოს რამე, ან იქნებ საკუთარი წარმატების საჩვენებლად, დახურულად რამე ფოტოც  უნდა დაუდოს, გულის გასახარად. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა, ჩვენ ხომ ლექსი გვაინტერესებს.
     ცოტა… ცოტა კი არა, კარგა შორიდან დავიწყებ.  რა დრო გასულა!  - თამაზ ჩხენკელის თარგმანებით, გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიანი წლებიდან ახალი სადინარი რომ გაჭრა ქართული პოეზიის განვითარებისათვის, მის მერე ვინ აღარ მიაპყრო ყურადღება ჩინურ და იაპონურ მცირეფორმიან ლექსთა თარგმანებას, რაც  უთუოდ, იმ აღმოსავლურ  ქვეყნებთან პირდაპირი  კულტურული კავშირის უქონლობის, ენის უცოდნელობისა და  საბჭოური ცენზურის მკაცრი  ლიმიტების გამო, თამაზ ჩხენკელის კვალად, რუსულიდან შესრულებული ბწკარედებით, ანუ თარგმანის-თარგმნის-თარგმანის სახით გვეძლეოდა. 
    მახსოვს, ხუმრობაც იყო ასეთი, ახლა იაპონელებმა ან ჩინელებმა ეს ქართულიდან უნდა თარგმნონ  რუსული ბწკარედის  გამოყენებით,  მერე  ისევ ჩვენ გადმოვთარგმნოთ, საინტერესოა, რა გამოვა, ცხვარი - მგლად იქცევაო, თუ რაღაც ასეთი.
    მგონი, სახალისო ნიმუშებიც იყო გავრცელებული.
    ვფიქრობ, გამოკვეთილად უნდა ვთქვათ, რომ თამაზ ჩხენკელმა    - ღრმა ინტუიციით დაჯილდოებულმა შესანიშნავმა პოეტმა  - საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობით შეგვიქმნა  მყარი ბაზისი აღმოსავლური პოეზიით ინსპირირებული თანამედროვე მინიატურული ან უფრო სწორედ, მინიმალისტური პოეზიის განვითარებისათვის.
      არ მინდა, ეს ნათქვამი ისე იქნეს გაგებული, თითქოს მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეზიას არ მოეპოვებოდა მინიატურული ფორმები, თუნდაც მეფე დემეტრე I - ის  შედევრი “ღმრთისმდობლისადმი” (“შენ ხარ ვენახი”), 
  ბარათაშვილის  ლაპიდარული “წარწერა აზარფეშაზედ:

   ამავსებ ღვინით, 
    აგავსებ ლხინით
   შესვი, გაამოს.

    მაგრამ გენეტიკური კავშირი თანამედროვე  ქართული მინიატურული ლექსის ფორმებსა და ამ ტრადიციას შორის  - მოსახელთებელი არ არის.
   მინიატურული პოეზიით გატაცება სამოცი- სამოცდაათიანი, ოთხმოციანი წლების ჩვენი პოეზიის დროით ნიშნადაც შეიძლება მოვიაზროთ.  ამ გატაცებამ თუ ერთ მხარეს აღმოსავლური აზროვნების, რელიგიისა და ფილოსოფიისადმი მიმართა ვექტორი (ჯ. ფხოველი, მ. წიკლაური, ჯ. ასათიანი, ი. ორჯონიკიძე და სხვ, ) მეორე მხრით - ირონიულ-პაროდიული პოეზიისკენ წავიდა ( ტ. ჭანტურია, ვ. ჯავახაძემ. მ. ქურდიანი და სხვ.) და არაერთი გამომსახველობითი საშუალებით გაამდიდრა ჩვენი პოეზია,  მათი ბაძვით  იმ წლებში არაერთი ნიმუში მცირეფორმიანი ლექსისა -  შექმნილი აქვს თქვენს მონა- მორჩილსაც.
    იყო მესამე, მკვეთრი ჟანრობრივი ხაზიც - პატრიოტული ლირიკა (მ. მაჭავარიანი და სხვ)
     მომეტევოს, რომ ეს მართლაც საინტერესოდ საკვლევი თემა ასე ზერელედ, ფეისბუქის ერთ პოსტის ფორმატში მინდა ჩავატიო.
    ჩვენში ინტერნეტ ტექნოლოგიების გაჩენა-დამკვიდრების პერიოდში, გასაგები მიზეზების გამო, ეს  მდიდარი ტრადიცია დაგვიანებით ან საერთოდ ვერ მოხვდა ვირტუალურ სივრცეში.  
    “ბეჭდურ” ავტორთაგან ვინც ინტერნეტს სხვაზე უწინ დაუკავშირდა  და სხვებს ,, შეასწრო”, რეალურად თუ მის გაჩენამდე , ბეჭდურ სივრცეში უბრალოდ, ეპიგონობის დონეს ძნელად ასცდებოდა -  ამ მხრივ “წინა თაობის “ თავისებური ვირტუალური სტატუსი შეექმნა  ინტერნეტ-ახალთაობაში…
    მე მაქვს ერთი თეორია, ან იქნებ სხვისი თეორიაცაა და იმდენაც მეჩემება, საკუთრად მიმაჩნია. 
    ამ თეორიის მიხედვით, ზოგჯერ  რაიმეს უცოდინრობა ან მცდარად გაგება, შესაძლებელია,  ახალი შემოქმედებითი წარმატების საფუძვლად იქცეს, ანუ  ზოგჯერ ზედმეტი ცოდნა - შემოქმედებას შეიძლება ხელსაც კი უშლიდეს.  რატომ?
   პროფესიონალიზმი  - ხშირად მეტისმეტად ბევრ ,,არ შეიძლება”, “არ გამოვას” გულისხმობს, დილეტანტიზმი ამ მხრივ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. უნდა? სჭირდება? - ეცდება და  აკეთებს რაც და როგორც გამოუვა”, თუ არ გამოუვა და  ხომ არც  რამ პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ძველები იტყოდნენ, ,, დაიხურავს ქუდს და სახლში წავა”
  ვატყობ, საკითხიდან ძალიან გადავუხვიე.    დავბრუნდეთ! 
    ჩვენ გვაინტერესებს, როგორია  პოეზიის ინტერნეტ  მკითხველი და შესაბამისად როგორია მისი  კულტურული “დაკვეთა”.      (ვფიქრობ, ამ აზრის განვრცობა შესაძლებელია სახვით ხელოვნებაზეც, მუსიკაზე - ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცნობ კარგად თანამედროვე მიმართულებებს, ჩარჩენილი ვარ ტრადიციაში)
     მოდით, ვცადოთ ინტერნეტ მკითხველის დიფერენცირება, გამოვაკლოთ მას დიდი მასა პირადი კეთილისმსურველებისა, რომელნიც თავს მოვალედ თვლიან, მოწონებითა და გულით, ან აღტაცებული კომენტარით დაგვიდასტურონ  საკუთარი დადებითი დამოკიდებულება ჩვენდამი.
   თეორიულად დავიტოვოთ ის ნაწილი, ვისაც მოთხოვნილება აქვს,ასე ვთქვათ,  პოეტური სარჩო მოიპოვოს ინტერნეტში.
    მანამდე კი  აღვნიშნოთ, რომ ვირტუალური და რეალური დრო დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ადრე თუ დეისტურ-ადამიანურ დროით მიმართებაზე ფიქრისას ვამბობდით ,რამეთუ წელი ათასი, ვითარცა ერთი დღეიო”, ახლა ალბათ შეგვიძლია რეალურ-ვირტუალურ დროით მიმართებაზე ვთქვათ - “ერთი დღეი, ვითარცა წამი იგი”, (ცხადია, კომპი თუ არ “ჭედავს”. აქ -გაიცინეთ!)
 ინტერნეტ მკითხველს დრო არა აქვს ბევრი, რომ სერიოზულ, ბეჭდურ ლექსს ჩაუჯდეს. მისი დაკვეთით, ლექსი უნდა იყოს მინიმალური ზომისა და მასში აკუმულირებული უნდა იყოს დიდი ინფორმაცია და  მკვეთრი ეფექტი, ანუ უნდა აკმაყოფილებდეს  სწრაფი, ერთჯერადი მოხმარების საგნისთვის სავალდებულო თვისებებს. შინაარსობრივად - არაა საჭირო რეალური სიღრმე. უნდა იყოს შემოთავაზებული ეფექტური სახე, ფსევდო-ფილოსოფიური  შინაარსი.
     ამ ყველაფერს კარგად ითავსებს  მაგალითად, არა კლასიკური, არამედ დიდად მოდერნიზებული, ევროპულ- რუსულ კულტურულ შრეებში გამოვლილი ტანკა და ჰაიკუ, რომელსაც  გამოცლილი აქვს შიდა სტრუქტურა, პრაქტიკულად ყველაფერი, სახელი_ღა აქვს შემორჩენილი პირველწყაროსი და დღეს  ლამის მარტოოდენ ხუთ და სამსტრიქონიან ლექსს ნიშნავს.
      რამდენადაც ვიცი, გვაქვს ირმა რატიანის მიერ პირდაპირ იაპონურიდან თარგმნილი  კლასიკური ნიმუშები, ალბათ ამასობაში სხვებიც მიემატებოდა.
    მე შემფასებლად ვერ გამოვდგები, თუნდაც იაპონურის არცოდნის გამო.
    კიდევ ვიმეორებ, ბესიკ ხარანაული, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე,  ლია სტურუა, გიორგი ლობჟანიძე და სხვანი და სხვანი კომპიუტერზეც რომ კრეფდნენ ლექსებს, ჩვენც  მუდმივად ინტერნეტში რომ ვეცნობოდეთ მათ შემოქმედებით სიახლეებს, ინტერნეტ ავტორებად ვერ იქცევიან, ესენი არიან ბეჭდური ავტორები.
   და ეს სულაც არ არის მათი ან ნაკლი ან რამ ღირსება. 
     უბრალოდ,  მათთვის ინტერნეტი საშუალებას იძლევა,   მკითხველთან კომუნიკაციის ,  “ცოცხალ”-ვირტუალური  ურთიერთობის უნიკალური  შანსის ვადები   რეალურისგან განსხვავებით, ერთი ათად თუ ასად შეამცირონ, თუკი ასეთი სურვილი გაუჩნდებათ.
   ვისაც ლექსის კომპოზიციაზე უმუშავია, კარგად იცის, რომ ტრადიციულ პოეტურ ტექსტში მთავარი სათქმელი,  ასე ვთქვათ, პოეტური კვინტესენცია ძირითადად მოთავსებულია ლექსის ყველაზე მგრძნობიარე, ძლიერ, შენელებულ, აქცენტირებულ ადგილას - ლექსის ფინალში.
 პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ პოეტური ტექსტის მთელი დინამიკა მიემართება სწორედ იქით, მის ექსპლიცირებას ემსახურება.
შეიძლებოდა, მოკლედ ასე გვეთქვა:

     “ლექსი იქმნება ფინალისათვის”
    მთელს ლექსში საუკეთესო მომენტებიც რომ იყოს, თუ ეს არ გამოუვიდა ავტორს პროფესიონალური სლენგის ენაზე ვამბობთ ,,ფინალი ჩაუვარდა!” და  ეს არშემდგარ ლექსს ნიშნავს.
   ბოლოდროინდელ, მცირეფორმიან ინტერნეტ-პოეზიის  ნიმუშებში თანდათან უფრო გამოიკვეთა ერთი ტენდენცია - ამ ფინალური, კვინტესენციური ნაწილის ამოღება, მითვისება წინამორბედთა ტექსტებიდან, ოდნავი მოდიფიკაცია და საკუთარ ქმნილებად გასაღება. 
   მოგცლია ერთიო, რა დროს ახლა ესააო, იტყვის ვინმე ამის წამკითხავი და მართალიც იქნება.
მე ვარ მოცლილი ადამიანი, თანაც ძალიან და სულ - პოეზიისთვის.
ვისურვებდი, ამაზე მეტადაც მოვიცალო იმ ნიმუშებისთვის და ოპუსად შემოგთავაზოთ თავისი პირველწყაროებიანად.
   რაღა დარჩა 17 მარტამდე,   - გალაკტიონის მიწიერი ცხოვრების დასრულების თარიღამდე. 
    ასეთ დროს პოეზიაზე განსაკუთრებული სიმძაფრით გვეფიქრება ყველას.
   აქვს თუ არა გალაკტიონს ისეთი ზომის ლექსები, მინიატურულად რომ მიგვეჩნია?
მცირეფორმიანები ცხადია, აქვს, თუმცა მის პოეტიკას, მის ენას  მინიმალისტური  ფორმა ნაკლებად ესადაგება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი