როგორი იყო ის სიყვარული?!
ნინო დარბაისელი როგორი იყო ის სიყვარული?! ეს რომ გაიგო, ჩემთან ერთად ტყე-ღრეში უნდა იხეტიალო, ასე, სამ მილს რომ ერთად გავივლით და ცოტათი რომ შევიღლებით, იქ, მარჯვნივ, ერთი მდინარეა, მდორე, პატარა, ნატალახარ-ნახავსარი. რომ არ იცოდე, მდინარე - მდინარ წყალს ეწოდება, ვერც კი მიხვდები, შიგ მწვანე წყალი დგას თუ კიდეც მიედინება. ფონს თუ ვუპოვით, ხელში ჯოხებიც თუ გვეჭირება, იქით გადასვლას რაღა დიდი ამბავი უნდა. თუმცა იქით რა დაგვრჩენია! ჩვენ კარგად ნატკეპნ ნაკვალევს მივყვეთ, გავუხვევთ და… ხედავ?!- როგორი ჩანჩქერია, კლდის ნაპირამდე მოღწეული ხავსის მდინარე რამსიმაღლიდან ენარცხება საფეხურებად, როგორ ქათქათებს მზის სხივებში, რა შხეფებს ისვრის, მოხმაურობს, ძირში კი მუდამ რაიმე ბაცი ანდა მუქი ემერალდის წყნარზე წყნარი ტბორი უდგება. თუ დარი დარობს, შიგ მოკისკისე ქალწულები იბანებიან, ამოსულები ქვიან ნაპირზე შიშველ სხეულებს იმზეურებენ და როგორც ჟანრის პოეტიკა მოითხოვს ჩვენგან, ბუჩქნარებიდან ჯერთუწვერული ჭაბუკები უჭყიტინებენ. დავტოვოთ ასე ეს ქალ-ვაჟი, ჩვენს გზას გავუყვეთ! ნახე, ტბორიდან ნაგუბარი ისევ ზანტად რომ გაედინება?! მიდის თავისთვის, მიბუტბუტებს, ჩემს კალაპოტში დავბრუნდიო, მე იმ ჩანჩქერთან რა ხელი მაქვსო, ერთი უბრალო, ერთი პატარა მდინარე ვარო, მშვიდად ვივლი და გზაში სხვა წყალმა თუ არ მიპოვა, გავილევიო, დავილევიო, აქა-იქ მღვრიე გული უჩანს, აქა-იქ სიპი, კლდის ნაპირს ისევ სადმე თუ არ გადაეყრება, აღარაფერი აღარ ახსოვს ჩქერული და შმაგი, ღვარული… კიდევ გიამბო, როგორი იყო ის სიყვარული?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი