ამბავი-ლექსად
ამბავი - ლექსად
(სახსოვრად ირმა შიოლაშვილს)
როგორ მინდოდა, ლექსად მეთქვა ჩვენი ამბავი,
ჩვენი ამბავი,
ერთადერთი,
უნიკალური,
მაგრამ რამდენჯერ სიტყვა დავძარი,
სულ კლიშეები გამომდიოდა.
ანტურაჟები,
რეკვიზიტები
იქნებ ჩანდეს განსხვავებული,
ღია ცისქვეშაც რომ დაიდგას,
პიესა მუდამ ერთადერთია.
ჰო, არასოდეს არსებულა ამქვეყანაზე განსხვავებული რამ სიყვარული.
და თუ როდესმე მოხდება და სიყვარული იავარდოვან გვირგვინს დაიდგამს,
ია - დაჭკნება,
ვარდს - დასცვივა ფურცლები და
ეკლოვანება კეფას ერჭობა,
რომ ყველაფერი სიმწრით გადინოს.
მე ხომ გითხარი ერთხელ, ვითომ სხვისი ნათქვამი:
რაც იბადება და აღარ კვდება, კიბოა მხოლოდ.
სიყვარული კი იბადება და ამიტომაც მოკვდავია, მომაკვდავი
და მხოლოდ მისი ამბავია - მარადიული.
სიკვდილია - სიყვარული,
ასიათასჯერ ცოცხლად სიკვდილი.
დაშორება რომ სიკვდილია,
ეგ არაფერი,
ერთად დარჩენის სიკვდილიც ნახე,
გაძლებ-გაძლებით ბოლო სუნთქვამდე მინავლებული!
უხეშად რატომ მოგექეცი ან გამეტებით რატომ ჩაგარტყი?!
შენ იხრჩობოდი, ხოლო მე კი გადამრჩენი ვარ.
განსაცდელისას თვითგადარჩენის ინსტინქტია ისე ძლიერი,
ადამიანი აღარაფერს აღარ დაეძებს,
გეპოტინება,
დაგაწვება,
დაგახრჩობს და ჰაერს ჩაყლაპავს.
ამიტომ უნდა გათიშო და ნაპირზე არა - ფეხების, თავის მხრიდან გამოიყვანო,
მაგრამ მთავარი,
სამშვიდობოს რომ გამოხვალთ, მერე იწყება,
გადარჩენილი გადარჩენას არასოდეს არ გაპატიებს.
არავის უნდა, თავი ახსოვდეს უმწეო და დამცირებული.
განსაცდელისას ვიკუნცხებით მოფარებულში,
თორემ
როგორც კი ხერხემალი ვერტიკალურად გაგვემართება,
ჩვენ ხომ ყველანი საკუთარ თავს ზე-მეში ვხედავთ
და გვინდა, სხვებიც ასე გვხედავდნენ!
ესეც წესია ტიპობრიობის.
გახსოვს?
ტიპობრივ გარემოში -
ტიპობრივი არსებებიო,
ყველა ტიპობრივ ამოცანას
ტიპობრივად ამოხსნიანო?!
ეს რომ არ იყოს, ამ სამყაროს რა ააწყობდა!
- ესეც - მიზეზი გარეგნულად განსხვავებული პოეტების შინაგანი ერთნაირობის და ამის გამო
ერთმანეთის თუ საკუთარი არსებების ვერატანისა.
მინდოდა, ლექსად გამომეთქვა ჩვენი ამბავი,
ხმა მომეწვდინა,
რა აზრი აქვს! -
ახლა ხომ ლექსებს მხოლოდ წერენ,
ხოლო
წაკითხვით - საკუთარი ავტორებიც არ კითხულობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი