სამი ლექსი ნინო ჩხიკვიშვილს


სამი ლექსი ნინო ჩხიკვიშვილს

ნინო დარბაისელი

1. ნინოების  კატები

(ნ. ჩხიკვიშვილს)

ნინოს კატა გგონიათ მართლა დელიკატური?!
კრუტუნებს და  ხელს გვიშლის უდარდელი, კატური.

უყვარს ნაზი ზმორება,  მიაუ და მიაო!
სადაც რამეს მიაგნო, სულ შეუჭამიაო.

ვეკითხები   მზრუნველად, კატა ხომ კარგადაა, 
ვერ გავიგე აქამდე, სფინქსია თუ კატაა,

რომ ამშვენებს პაოლოს “დარიანულ დღიურებს”.
თუ არ მოერიდები, თავსაც გაიტყიურებს.

ასე რამ გადაგრიათ, გული რატომ გეწვითო,
 მოვერევი საბრიყვეთს, დავცემ ღერი ბეწვითო.

კატისთვისაც გვჭირდება ფიქრი ცოტაოდენი: 
- “ცისფერყანწელ კატათა” ხომ არ შევქმნათ ორდენი?!

ჩემი კატა  - კრუტუნებს, ამბობს, ”სხვათა შორისო, 
მეც ჩამრთეთ და გამოვა მთლად საერთაშორისო”.

კი! ერთმანეთს იცნობენ, ოღონდ  შორით და იმით
წუხდებიან,  ხედავენ მხოლოდ ფეისთაიმით.

ორი ლომი -  აქა გვყავს, აქ ნაღარა ,, შირდება”
მთლად პაოლოსი რომ გახდნენ, ერთი სპილოც გვჭირდება!

 

2. (საყვე-დური შეხუმრებით ნინო ჩხიკვიშვილს)

ვერ გავიგე, ეს ნინო  პრავია თუ ლევია, 
პირიც დაუბანია, ჩაიც დაულევია.

“დროა,  პაოლოს ამქარმა უნდა შევქმნათ ლობიო” …
დიდი ქვაბით  მოხარშა ბათუმურა ლობიო!

ეგ რა არის, ამბავი მომიტანეს ჩხიკვებმა,
ამ ზამთარში დაჯდა და სულ ნამცხვრებით იკვება.

პოსტი სულ მიატოვა,  კომპს დაეტყო ტაატი,
ამბობს, “რა ვქნა, მარტო ვარ ოცდაოთხი საათი”.

ამას წინათ, გავიგე, კიდეც  დაუძინია,  
რა ძილქუში დაეცა, ღამით  რა დროს ძილია!

თან თქვა, მათი სიმართლე ჩვენ გვაქვს დასაცავი და
თვითონ სადღაც  გასულა… სულ ხელიდან წავიდა!

რას დააკლებს სიმრავლე   შტერთა, მტერთა,  ან წელთა!
მოკლედ,  ჩხიკვიშვილია  შვილი ცისფერყანწელთა.



3. გადაფრენა ქუთაისზე. თეთრი პიკე
(ნ. ჩ-ს)

აჯაჯული-დაჯაჯული, 
რა ჯიშია ან რა რჯული,
ძილში ვფრენ და  დავცქერ ხედებს
ადრე  - უფლის დანახედებს,
გული დარდობს გატანჯული.
მშვენებაა დახარჯული.
დარი საავდრო  თუ არის,
კვალიც არ ჩანს ტროტუარის!
სავალია საცალფეხო, 
რომ კისერი წაიტეხო,
გზაა?!- უვიწროესია,  
გულს დარდები მოესია.
ამ ქუჩებში კენტად, ჯგუფად
დადიოდა პოეზია.
შუქი?- გახდა საგრაფიკე,
საფიჩხიას სჯობსო ნიკე,
ვისღა ახსოვს სიჭაბუკე,  
რბილი ჰავის სინოტივე,
 ქუთათურთა “თეთრი პიკე” 
ქუდიც თეთრი  - “კანოტიე”!
დამურულან მაღლა ცანი.
ვერაფერიც ვერ ვიცანი
და სხვა მხარეს  გავუტიე,
მაპატიე, 
მაპატიე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი