ბაიობა
ნინო დარბაისელი ბაიობა . მიმოზები, ტიტები და გვიანი იები გეგებება მიმავალს წყება, წყება, წყება. ცოდვა ცოდვას მიება, გინდა მონანიება, გინდა მადლით ავსება, ბრალის დავიწყება. გინდა აღიარება, შვების ცრემლთა ღვარება, (ვისაც ელი - ამქვეყნად აღარ იარება). მოთმინება იობის, ჟამი ლიტანიობის, წრფელი, საყოველთაო ლოცვა-ზიარება გეზიდება, გინდება, გეყოს გამბედაობა, მასთან აღარ დაება, ვინც უფალს ედავება, სული დაიობა. ნუღარ შეგეშინდება, შენც ითხოვო შენდობა, ლოცვა ნუ მოგწყინდება! ზეცა მადლით ბრწყინდება, უხმობს ყველას ტაძრისკენ ბზობა-ბაიობა. - - - - * ფეის-მეგობრები, ეს ორიოდე დღეა, ვარჩევთ ერთ საუკუნისწინანდელ ქადაგებას, რომელშიც გაბრიელ ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში კულტურულად მოიქცეს ბზობა- ბაიობის დროს. არ ვიცოდით, ეს ბაიობა, ბაია რა მცენარეა, ჩემი ვერსიით, ბზობა უნდა წერებულიყო და კორექტურა გაიპარა, მქონდა მეორე ვერსიაც, რომ საუბარი იყო პატარა ლამპარზე, ,ე.წ. ,,ბაზმაზე' რომლითაც აღდგომის დროს გადანთებული ცეცხლი მიჰქონდა მრევლს შინ და კვლავ კორექტურით ვხსნიდი. გაირკვა, რომ დასავლეთ საქართველოში, ქრისტიანული ტრადიციით, მინდვრის პატარა, ყვითელ ყვავილებს, ფოტოზე რომაა, იმ ბაიებს კრეფდნენ და ეკლესიაში აკურთხებდნენ და მრევლს ბზასთან ერთად ის მიჰქონდა შინ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი