ხუთი სონეტი გაყიდული ცხენისათვის


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხუთი  სონეტი  გაყიდული ცხენისათვის 

1. ცხენის გაყიდვის  სონეტი

არ შეგვაშინებს ამიერიდან
ამინდი - ცივი,  ამინდი -  ცხელი,
თავსაც  დავაღწევთ ამ იერიდან 
დღეს, როგორც იქნა,  გავყიდეთ ცხენი!

ცხენი  - კარგია ნაპატრონევი, 
გამოყვანილი ველად რომ დარბის,
შინ მოვლას მისას ვერ მოერევი, 
დროს არ გიტოვებს - მოსაფხანს წარბის.

ლამაზი ქალიც ასე არ არის?!
ნეტა განახათ გაღვიძებული! 
მოირთვება და არ ჰგავს არავის,
მორთვა რა ჯდება? საიდან ფული?

შინ - სულ გვაქვს პირი დასაკოცნელი?
გარეთ ლამაზის -  მოვლაა ძნელი!

 2. ცხენის გატანება

ველოდით - თორმეტზე, ლოდინში  - პირველიც გახდა.
ბოლოს მოიყვანეს  მიბმულა -  ვაგონი  ძველი.
უკანა ეზოში, თავლასთან ძლივს მორახრახდა, 
შენ - მშვიდად შეხვედი, შემძღოლი - მე - გამოვძვერი.

მოდი, ვთქვათ მართალი! - დაბერდი შაქრად და თაფლად.
ვინც შენ შეგიძინა, თვითონაც კაი ხნის მოსჩანს.
სურდა,  სიბერეში  ჰქონოდა მიწა და  თავლა, 
თავლაში - ცხენი და როგორ მიხედავდა ოჩანს?

მუყაოს კოლოფში ჩავყარე, რაც  ხელში მომხვდა, 
საჩუქრად მივეცი, რაში დამჭირდება   მეტად!
რაღაცას ვბოდავდი, იქნებ ვამართლებდი მომხდარს.
 ეს - აქ დამრჩენია!  ნეტავი რამ დამარეტა!

ხელიც ჩამომართვა, სიტყვა თქვა გულსადაგელი:
- როცა მოგენატროს, მოდი და ნახეო, გელი!

 3. სონეტი უცხენო დილისა

რა გინდა,  ფრუტუნო,  ჭიხვინო, ხვიხვინო, 
რატომ-ღა ჩამესმი,  ღამე - მერამდენე?
ძილში მიმაჭრდები, რომ ცხადში  მიღვინო?
ბარემ წამომაგდე და სადმე გამდენე!

სად რა  მეჩქარება? ქარია?! - უბეროს!
თუ უნდა იწვიმოს, მოყინოს მინდორი!
უცებ არ მოვახტე  მეც რამე უბელოს,
სატრფოს არ მივადგე, არ ვუთხრა ,,მინდოდი!”

ჭენებით არ ვლეწო მეც ხეთა რტოები, 
წყალი არ გავტოპო, გავკვალო ჯგრო ქვების, 
 ორთქლი არ  მომედოს ცხენის ნესტოების, გულზე არ მირტყამდეს თქარუნი ფლოქვების.

 არა სჯობს, შევიშნო სიკეთე, საწოლი?
შენ,  ძილო დილისავ, ღამეს გადასწონი!

4. სუნი

შენი სუნი აქვს ისევ ყველაფერს, 
სუნი ნაზავი - ოფლი და შარდი.
რა ვუყო ბგერებს შენთვის მოსაფერს,
 გახსოვს,  გუშინწინ რომ ამიშარდი?

დასანგრევი გვაქვს ეგ შენი თავლა, 
გასატანია ეგ ხარახურა
გახსოვს,  მიყვარდა  მანდეთკენ  გავლა,
გახსოვს,  თავლა რომ უცხომ  დახურა? 

აღარ მჭირდება  არც ეს დეზები,
აღარც  მათრახი არ დამჭირდება,
ვიცი,  უშენოდ  ნახარვეზები
დავრჩები, ვიცი,  გამიჭირდება.

დარდი დამრჩება აურაცხელი. 
სხვისი ხარ უკვე    - ლამაზი ცხენი!


5. კვიცის სონეტი

-უცხენობის სევდა მძალავს, 
რა ვქნა,  აღარ ვიცი, 
ვიდრე ვინმე ამიკრძალავს,
ხომ არ ვნახო კვიცი?

ჩემს ჭკუაზე  უნდა ვზარდო,
პირველივე დღიდან!
გამომივა მე უზადო - 
- გულიც აღიღინდა -

 - არ მოვაკლებ ვიტამინებს, 
გავამაგრებ ღობეს.
მამოძრავებს, მარბენინებს,
მუდამ მხნედ მამყოფებს!

არ მჭირდება  თქმა და ფიცი,
მოკლედ, მინდა კვიცი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი