ლოკოკინობა


ფბ - მ შემახსენა. ათი წლის წინანდელია. ცხადია, სათაურით დაწყებული ვერაფერი ვერ ვიცანი და უცხო თვალით წავიკითხე. ვერ გეტყვით, რომ მომეწონა და იმიტომ ვაზიარებ. 
ვფიქრობ, ეს რამ დამაწერინა და რა წინასწარმეტყველებასავით რაღაც გამომსვლია, დღევანდელი მდგომარეობის შესახებ- მეთქი... გეუბნებით, კაკულია ვარ😁

ნინო დარბაისელი

ლოკოკინობა
- - - - - - 

ერთხელ საკუთარ ნიჟარაში გამოვიკეტე.
მსურდა, გამეგო, ვის ვახსოვდი და ვის- აღარა,
ვინ -  მიბევრა და მიზედმეტა  და ვინ -  მართლა მომისაკლისა.

ვიჯექი ასე, 
სარჩოდ საკუთარ თავს ვიზოგებდი,
დრო გადიოდა და არათუ რამე, კაკუნი, 
გარედან ჩქამიც არ გამიგია.
არ გამიგია, 
წვიმდა თუ თოვდა, 
ყინავდა თუ მზე აცხუნებდა.

ერთ მშვენიერ დღეს,  როცა ვიგრძენი, უკვე თავიც გამომელია,
ხოლო სიცოცხლე  - ძვლებურად, არ მეთმობოდა,
მე გამოვზმორდი იმ ნიჟარიდან,
გამოვნიავდი, რომ მომეძია მტერ-მოყვარეთა სადგომები, 
საწოლები, 
საბრძანისები...

ირგვლივ, აქა-იქ ნიჟარები ეყარა მხოლოდ,
ზოგი  გულაღმა,
ზოგი ნახევრად  მიწა-ნეშოში დამარხული,
სავალზეც ჩანდნენ
განურჩეველი ნაბიჯებით დამსხვრეულები.

სადაც კი მთელი დავინახე, მივეხახუნე, 
მივეკაკუნე, ვებრახუნე...
ხმისარგამცემში  შევიხედე - 
დამხვდა ფუღურო.

გამქრალან ასე, ნიჟარაში შეკეტილები.
სარჩოდ საკუთარ თავს იზოგებდნენ,
დრო გადიოდა და არათუ რამე, კაკუნი, 
გარედან ჩქამიც არ გაუგიათ.
არ გაუგიათ, 
წვიმდა თუ თოვდა, 
ყინავდა თუ მზე აცხუნებდა.

დავალ სავალზე,
ალბათ მელის გამსრესავი დიდი ნაბიჯი.

ჩვენ ერთმანეთის ლოდინში მოვცდით
და თამაშიდან გამოძრომა დავაგვიანეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი