ქალ-კაენი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ქალ-კაენი

მარტო მოველ და მარტოდაც წავალ,
ნეზვად მყოფიც ვერ შევეწყვე ნეზვებს,
რატომ? 
რა ვქნა, ცხოვრებაა ასე,
ირგვლივ ყველა თავისიანს ეძებს!

ვერც ანგელოსს ვერ ავუწყე ფრთები,
ვერ ვეგუე ვერც ეშმაკის კერძებს.
 ყველგან მაინც დავრჩი თეთრი ყვავი,
რადგან ყველა თავისიანს ეძებს!

ვერასოდეს დავეწაფე სხვისას
 ჩემკენ მდინარ რძეს, მის ოქროს ვერძებს,
ვერ გავჩერდი, რადგან მივხვდი -
თურმე ყველა ქვეყნად თავისიანს ეძებს.

სიტყვით,  საქმით ვერ მოვერგე ვერსად
ბედის მძერწებს, უხვებსა  თუ ბერწებს, 
რადგან, რადგან ვერ შევერთე ვერსად,
ქვეყნად ყველა თავისიანს ეძებს.

მარტო მოველ და მარტოდაც წავალ, 
მარტო ვჭრიდი ეკლოვანს და ძეძვებს.
საქართველოც-  ქვეყანაა ერთი
სადაც  ყველა - თავისიანს ეძებს!

მარტო ვიშვი, მანდაც მარტო მოვალ, 
შენ არ არჩევ მეფეებს და  თერძებს.
მომეწყინა ეს ცხოვრება, ღმერთო,
სადაც ყველა თავისიანს ეძებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი