ნაი (ნაირა გელაშვილს)


#მემორია
( ფრაგმენტი ინტერვიუდან - 
,,ჩემი ცხოვრების წიგნები” - “არილი”)

 კითხვა: - მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

პასუხი:

- ეს ერთდროულად მწერალიც იყო/არის და უახლოესი მეგობარიც. ვგულისხმობ ნაირა გელაშვილს.

ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, მისი სტუდენტი, ჩვენი მეგობრობა რომ დაიწყო და კარგა ხანს საკუთარი აზრი არც არაფერზე გამაჩნდა, მისი თვალებით ვხედავდი სამყაროს, მისი ღირებულებითი სასწორის პინაზე ვდებდი ყველაფერს. ხომ არ აკლია არანაირი აღიარება, არა?! მაინც მგონია, რომ როგორც შემოქმედი, სულ იჩრდილება თავისივე  სხვა უნარების, ნიჭების, საქმიანობების გამო, ბევრ რამეში იხარჯება ირგვლივ, თან უშურველად, ადამიანის რესურსი კი ამოუწურავი სულაც არაა.

ვიცი, ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავს ნაირა, ეს ოცდაათზე მეტი წლის წინანდელი ჩემი ლექსია მასზე, უყვარს და გაუხარდება, რომ ნახავს:

ნაი!

ნაირა გელაშვილს

საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,
დიდხანს ვიყუჩებთ და
ერთ-ერთი დაიწყებს:
– ხედავ? დაგვიზამთრდა.
– გაჭირდა ცხოვრება,
– მდაა!

როგორც კოვზიდან
კაკლის მურაბის ჩამოგორება,
ეგ შემოხედვა,
ზანტი,  კრიალა და უეცარი.
ჩემს ყელში,
სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,
ააწკრიალებს ძველ მელოდიას:

ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი!

ეს მელოდია ისმოდა ჩემში,
მაშინ, როდესაც
ჩახვეულები ცივ საბანში
ვიწექით ერთად,
თავფეხშექცევით
და სიზმრებს
დურად ვინაწილებდით:

მაშინაც,
როცა გაბუტული სანაპიროზე,
ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი
ქვიშის სამარეს.

ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი!!! 

ყველაფერს გადავდებ,
ყველას დავივიწყებ,
ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!
ან ფინჯან ყავაზე,
ან ჭიქა ჩაიზე
საღამოს მე შენთან მოვალ!

1990

http://arilimag.ge/ნინო-დარბაისელი-სტრონი-ჩ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი