წითელი პარასკევი
#ლექსები ნინო დარბაისელი წითელი პარასკევი დღეს მე არაფრად ვვარგივარ, ბნელში ვგლოვობ და ვკვნესი, წითელი პარასკევია - უკუნთა უკუნესი. ო მაცხოვარო, დაგცინეს, ეკლის გვირგვინით გმოსეს, ეს ვინღააო, გაძღოლა უფალმა ანდო მოსეს. შემოგეფანტა სიმრავლე, შენთან შეკრული ფიცით, შობის თარიღი - არ ვიცით, ტანჯვის თარიღი - ვიცით. ო, ბაგე შენი - მწყურვალე, ქალწულთა ლოცვა - მხურვალე, მდუღარე ცრემლი - გოგოთა. ნისლში გამოჩნდა გოლგოთა! ან გოლგოთამდე რა ცემას, რა ტანჯვას გაუძელი. ერგო სვიმეონს საზიდად - აღსამართავი ძელი. კაცებს კი არა, ჯერ ქალებს მოგვევლინები, ღმერთო? ხომ მოგვიშუშებ იარას და დაგვანედლებ ხმელთო? წითელი პარასკევია, ღრუბლის აბღავლდა კრავი, ტაძარში - ფარდას გადამსკდარს მოსძვრება შესაკრავი. მიწა იძვრება, წყვდიადით დაიფარება ზეცა. გაიკვირვებენ, სუდარა ცხრაპირად ვინ დაკეცა. შენი სიტყვები კი გვესმის, მაგრამ რას ამბობ - არა! დაკარგულ პატრონს დაგეძებს და ბნელში ბღავის ფარა, ხმით გცნობენ, სხვას არ მისდევენ, მოვაო, დაგვიბარა და წელი ორიათასი - ლოდინში გაიპარა. მოდი, უფალო, მოგვხედე, აღმდგარი სუფევ ცადა, და შეიწყალე ვინც გელის, ან ვეღარ დაგიცადა! გალობს საუფლო ტაძარი, წინაპართ ანაშენი, ვერ დაგაკლებენ ვერაფერს უცხონი, გარეშენი, კიდევ ცოტაც და დადგება წმინდა აღდგომა შენი! .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი