მხეცები
#ლექსები ნინო დარბაისელი მხეცები მეკითხებიან, რა მირჩევნია, ტყეში მიმავალს, მარტოდმარტოს, მშიერი დათვი შემომეფეთოს თუ უცნობ კაცს გადავეყარო. ლამის შეიძრას მთელი სამყარო! თუ ქალებს რამე დაეჯერება, ასე ამბობენ, დათვი გვიჯობსო; ვიცით, რომ დათვი მტაცებელია და ისიც ვიცით, რას ველოდოთო, დაუტორავად გადარჩენა - ზღაპარიაო. ხოლო კაცისა, ადამიანის - რა გამოვიცნოთ, გულში რა უდევს, უმანკოა თუ მანიაკიო. მე ვაპირებდი, რომ მეპასუხა, დათვს ისევ კაცი მირჩევნია, რადგან დათვი - მტაცებელია და ისიც ვიცით, რას ველოდოთ, დაუტორავად გადარჩენა არის ზღაპარი, ხოლო კაცისა, ადამიანის - ხომ შეგვიძლია, ის დავუშვათ, რომ მთლად უარეს შემთხვევაში - მანიაკია, მტაცებელი… მაგრამ პასუხის ჯერმა მიწია, მე ვთქვი: - ქალებო, ტყეში მარტოდ ნუ იარებით, განა ქალისა, შუაგულ ტყეში კაცს ნაკლებად შეეშინდება? ან ტყეც არ იყოს, ერთი-ერთზე, უცხო ქალთან მარტო დარჩენილს, იმისთანა ძრწოლა აიტანს! არასოდეს ხიფათს არ სძინავს! სინამდვილეში კაცს რომ ქალისა ეშინია, ისე არავის. ქალებო, მარტო ნუ იარებით, ნურც თანამგზავრად გაიყოლებთ ვინმეს იმნაირს, შემხვედრისაგან, კაცია თუ მშიერი დათვი, ვერ დაგიფაროთ! ან დატენილი იარაღი ახლოს ატარეთ! ცხოვრება ჩვენი - დიდი ტყეა, ანდა უდაბნო, - ყოველ ნაბიჯზე მომლოდინე უცხო მხეცებით, იქნებ კაცები კი არა და, ანდაც ქალები, ყველანი ერთად, სათითაოდ, ჩვენ ვართ მხეცები, საკუთარსავე წარმოსახვაში - ვართ ფრთიანები, გარეთ - გავდივართ ფრთადაჭრილნი, ფრთანაკეცები, ვიღაცას თავზე დავაცხრებით გაასკეცებით, მაგრამ ვერ ვხვდებით, ვიდრე მიწას არ დავეცემით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი