წახველ


ფბ-მ შემახსენა. 
ეს ლექსი მხატვარ შალვა მატუაშვილის ნაამბობზეა აგებული.
კერძოდ, ჯარში გაცილების სცენა. ხოლო მამის პროტოტიპი - მამამისია. შალვას ჯვარი ეწეროს!💖
ცხადია, მეც რაღაცეები შევმატე, რომ ლექსად მექცია
Shalva Matuashvili

ნინო დარბაისელი

წახველ
- - - - 

არ გამიგია სიკვდილი შენი,
არც ის, რომ მიგყვა მამა,
რომ ჩამოინგრა შენი ნაშენი,
ცოლმა დღე დაიღამა,
რომ დედაშენი გონს აღარ არის,
ჩავარდნილია უკვე.
არ ავიწყდება შენი არავის 
სიყმე თუ სიჭაბუკე. 
ქიზიყში  ზაფხულს გასვლია ყავლი,
 გზად შევეყრები ურთხმელს,
 ვხედავ დედაშენს, წყაროსკენ ავლილს,
ვხედავ მამაშენს უთქმელს.
გხედავ საღამოს ჯარში მიმავალს.
ის მამაშენი მიხა,
შემოუერთდა სუფრას ხალხმრავალს,
გითხრა:- მაშ ეგრე!  მიხვალ?
და როცა ორი გავიდა წელი, 
ჩვენ მოგეგებეთ ოხერს,
კართან დატოვა პირბასრი ცელი:
-ბიჭო, რა ჰქენი, მოხველ?
ბოლოს საფლავთან უნახავთ კუშტი.
გადმოუცია მნახველს,
საფლავის ქვაზე დაურტყამს მუშტი:
-რა ჰქენი, ბიჭო, წახველ?

ჩემი რა გითხრა!  ვერ ვარჩევ დღემდე
ურთხმელს, მოცვსა თუ მოცხარს.
ხელობად მექცა, რომ ხსოვნით ვდევდე
მეგობრებს მკვდარს და ცოცხალს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი