ეზეკიელი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ეზეკიელი

(5:10)

მე ვარ დებორა, 
ხსოვნა ჩემი დრომ ვერ  დაბურა.
მე ვარ დებორა,
წინ-წინ მხედი უწინდებურად, 
ისევ აქა ვარ,
წარსულიდან სულმა დაბერა
და  დაანახა  ეს ქვეყანა,
შორით მდებარე.

წუხელ მესიზმრა დაძონძილი  ეზეკიელი,
წინასწარმეტყველს ძველებური ჰქონდა იერი,
იმის მოჭრილი და დამწვარი თმის მყრალი სუნი, 
ცამდე ასული,  
 იმ წარსულიდან   დღევანდლამდე  მოჰქონდა ნიავს.

მეუბნებოდა, არაფერი არ გცოდნიაო,
ნახე, მამებმა ტანისამოსი შემოიხიეს,
თავზე ნაცარი დაიყარეს და  ტირიანო:
- თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო,
სულ უცხო ღმერთებს გვათაყვანაო,
გარედან  - მტრებმა, 
შინ  - შიმშილმა, 
კეთრმა, 
სიკვდილმა
ჩვენი შვილები ერთიანად  წაიყვანაო!

ნახე, შვილებმა ტანისამოსი შემოიხიეს,
თავზე ნაცარი დაიყარეს და  ტირიანო:

- მტერი  - ნამდვილი ტირანიაო,
 დაუნდობელი, ტორიანიო, 
თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო,
გარედან  - მტრებმა, 
შინ  - შიმშილმა, 
კეთრმა, 
სიკვდილმა
ჩვენი მამები  ერთიანად  წაიყვანაო!

განრისხებული არის ღმერთიო,   
სულ ორი კაცი შეგვარჩინაო
და ისინიც - შორს არიანო, 
ბაბილონშიო.
მეუფევ,  ბუქი რა საზარია!
მეფე  -
ნაბუქოდონაზარია.

ვინც კი გადავრჩით,
რა უნდა  ვქნათო ან ვინ ავქნათო?

დარდობდა   მამა, 
ნეტავი ადრე მთელი ცოლ-შვილი არ დამკარგოდა,
ახლა მაჭამა!

დარდობდა შვილი,
ნეტავი ადრე  დედ-მამა  და მთელი და-ძმობა არ დამკარგვოდა,
ახლა რაღა ვქნა, რომ მომშივდა,
 რაღა ვჭამო, 
რა ვაწამოო?!

მეუბნებოდა  მწარედ მღიმარი ეზეკიელი:
- მე  უფლის ნებით, ძროხის ფუნას ცეცხლს ვუკიდებდი,
საჭმელს იმ ცეცხლში ვიმზადებდი,
ჯამში ვიდებდი,
როცა ამოწყდა ისრაელი ქვეყნის კიდემდი.

გამომეღვიძა, 
ხმა ჩამესმა:

-არ ეწამოო, 
უცხო ღმერთები  არ იწამოო,
საშინელი ხარ, 
არ შეჩერდე, 
გადი,  წამოო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი