წვიმიანი ამალგამა
ავტორისაგან: ფორმა - ამაზე კონვენციურ-კანონიკური ახლა ძნელად წარმოსადგენია. გარითმვის სქემაა - ჯოჯოხეთური (aaaae, bbbbe gggge, dddde) ,შინაარსი - ამალგამურია. გენეტიკურად ტერმინი “ამალგამა” ქიმიური მეცნიერებიდან მოდის. სიმბიოზი ხომ ვიცით, რაცაა, დაახლოებით კოჰაბიტაცია, თანაარსებობას რომ ნიშნავს, არა? არაორგანულ ბუნებაში, კერძოდ მეტალურგიაში ამალგამად იწოდება ლითონთა შენადნობია, ვერცხლისწყლის ბაზაზე. ოქროს, ვერცხლს და ა.შ. ძვირფას ლითონებს ირევს, რკინას და მისთანებს - არა ! ინგლისურ ზეპირმეტყველებაში, როგორც ამერიკული სლენგი, ნიშნავს ძვირფას, მაგრამ ნარევ საზოგადოებას. თუ გამოგიცდიათ, მაგალითად, სადაბადებისდღეოდ, საქორწინოდ წვეულებას ,,ფართის” გეგმავთ, მაგრამ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების დაპატიჟება ერთად - არ გამოგდით, სხვადასხვა წრეა. თუ მაინც დაპატიჟებთ, გამოგივათ “ ამალგამა- ფართი”. ამ ლექსს ამალგამა - შინაარსის გამო დავარქვი. ცალკე - ყველა სტრიქონი, თითქოს მეტნაკლებად კარგია, მაგრამ ერთმანეთს აზრობრივად, დიდად არ ერწყმიან. თემატურად კი ახლოა, მაგრამ სხვადასხვა კლიშეებია ,, ამალგამა ფართივით”. ნინო დარბაისელი წვიმიანი ამალგამა მერკურია - წყალი ვერცხლის! აღარ ისმის არც ხმა მერცხლის? ქარი - მუხას ვერც ტეხს, ვერც ხრის, შემდგმელი ვარ მისთვის მეც მხრის. მხარ- მხარ! ოქრო, ოქრო, ოქროსფერი, მზის ნათებით დანაფერი, მთლად ლაჟვარდის შესაფერი… გული, სხვა კი არაფერი ხარ! ხარ! არეულა ერთ ნაზავად, მე კი, მე კი - რად ვარ ავად, ვკვდები უთქმელ-უნახავად, და წყნარ ტბაში შენც კენტ ნავად დგახარ! ამალგამა, ამალგამა, და შორიდან ისმის გამა, გამახევა, გამადგამა წვიმამ, რა ჰქნას ამ ქოლგამა… მყავხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი