ეს გაზაფხული არაფერშიც არ ჩაითვლება


ეს გაზაფხული არაფერშიც არ ჩაითვლება 

ფეისზე  ვიპოვე და არ ზიარდება.    ახლიდან ვდებ  მაგარი დასამუშავებელი ჩანს.  პრე - პოემია?! მე თუ მკითხავთ, ეს არის ლექსი - მახათი!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ეს გაზაფხული არაფერშიც არ ჩაითვლება

ეს გაზაფხული  არაფერშიც არ ჩაითვლება,
რა მოაქვს ჩემთვის?  - სავარძელში, ბუხართან თვლემა.

არც თავბრუს მახვევს,
აღარც ტყისპირას  დავეძებთ ძახველს,
არც  მახევებს და  გულისპირზე  საპეტლეს  მახევს.
რა მიხაროდეს,  მალაღებდეს მე ამის  მნახველს.

  მზე და ტალახი ერთმანეთში  ალუფხულია,
ხან -  ისე ცივა, ყინვის წვერი წამახულია;
ტირის აპრილი,
თითქოს ქარების გალახულია,
ეს რანაირი -  გაუხარელი გაზაფხულია.

უნდა ყვაოდნენ გაგიჟებით იასამნები,  იმათ სუნს ერთად ვაცხრებოდეთ, ვნებით  ნავნები.
სიცოცხლით უნდა ივსებოდეს თვით სნებოვანი,
მკვახე ლეღვის ყუნწს გასდიოდეს რძე წებოვანი,
როგორც  რამ ხსენი ქალს -  წუთი- წუთზე
სამშობიაროს,
გადმოსკდეს  ხსენი, გამოჟონოს,  გადმოიაროს.

უნდა ვიცნობდე  მრავალ ჩიტში მე  ყოველ მათგანს,
უნდა ვხედავდე მდელოზე ხესთან მე დაბმულ ბატკანს;

კანის მბურძგლავი  მომყვებოდეს უნდა ხმა შენი,
და ყველა კაცში  მელანდებოდე -  უცხოდ ნამშვენი,
უნდა ვეძებო  ტანი შენი  - მყარად ნაშენი.
და ავირიდო  სხვათა მზერა -  მჭახედ ნაშენი
და აღარ ვყლაპო მე ცრემლები მლაშის მლაშენი


ტალახში დგახარ? ალმასების ძებნით გართული?
ვის რა მოვკითხო, გასაგებად არის  რა რთული!
რად არ გასვენებს რწმენა შენი კვლავ წარმართული.
ჩემი ლოცვით ხარ თუ  რამე გაქვს არდამართული.


როგორ დავლაგდი, რანაირი მშვიდი არე ვარ!
აღარც შენ გართობს ძველებურად ჩემი არევა,
წერით ვერთობი,  ვითომ  მართლაც მგლოვიარე ვარ!

გაზაფხულობით - მეც არ ვიცი,  რად მაგონდები.
რად გადებულა ჩვენ ორშუა ხსოვნის ბონდები.
ნაცრად ქცეულა, რაც კი გვქონდა  ცეცხლის მომდები,
რაც არის - არის!
გაიცინე, ნუ დაღონდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი