მე - მოთამაშე
#ლექსები ეს ილუსტრაცია ახლა ვიპოვნე. წინამდებარე ლექსი რომ უკვე გამოქვეყნებული არ იყოს, ეპიგრაფად წავუმძღვარებდი ,, თუ თავს გულგატეხილად გრძნობ, გახსოვდეს, კალეიდოსკოპიც შუშის ნამსხვრევებისგან შედგება, მაგრამ მშვენიერია. ნუ დანებდები!” ნინო დარბაისელი მე - მოთამაშე დიახ, ფრჩხილებიც დამიჭამია და ტუჩებიც არაერთხელ დამიკვნეტია სისხლის მომლაშო გემომდე და დიახ, ხმამაღლაც მიბღავლია მარტო ჩაკეტილს, თვითმკვლელობაზე სხვას ნეტა ვის არ უფიქრია ასეთ წუთებში, გამონაკლისი მე ერთი რომ ვყოფილიყავი! ეს - ყველაფერი სულ წასვლამდე და წასვლის მერე, ხოლო მანამდე, ჩემო კაცებო, კაცუნებო თუ ზეკაცებო, მინდა, გჯეროდეთ ძველებურად, რომ სიყვარული თქვენდამი მართლა ასე დაიწყო - - სინათლისაკენ ზეაპყრობილებს ამოგხაროდით: - ღმერთო, როგორი ერთადერთია, მიუწვდომელი, რა ფერადი, რაღაცნაირად გამჭვირვალეც, ღმერთო, როგორი სიმეტრიული, რა წამიერად რეაგირებს სულ უუმცირეს შერხევაზე! მერე ცოტა თუ დიდი ხნის შემდეგ, მე - მარადი ცნობისმოყვარე, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში კალეიდოსკოპს, გიჩხიკინებდით, გხსნიდით, გამტვრევდით და გულგატეხილს წინ მეყარა- დამიწებული მიუწვდომლობა: რაღაცა მილი, ერთი მართკუთხა, მოგრძო სარკის ბასრი ნაჭერი, იმავე ზომის ორი შუშა, (ფრთხილად, წარსულის მოგონებავ, ზედ ძველებურად რამე აღარ გადაისერო!) წითელი, ლურჯი ნაზ-ყვითელი, ხასხასა მწვანე და ასე შემდეგ, ფერად შუშათა პაწაწკუნტელა ნამსხვრევები, ამ ყველაფერზე ერთიანად შემოსახვევი შავი ქაღალდი… რა სექსი ანდა უსექსობა! აი, ეს რჩება ქვეცნობიერს სიყვარულისგან, სხვა არაფერი! მერე, თუ ისევ მოგენატრა და მოიცალე, დაჯექი შენთვის ძველებურად ააწყვე და ჩხაკუნიდან - ჩხაკუნამდე დაატრიალე! სარკე, შუშები შავი ქაღალდი, ასაწყობად მთელი კომპლექტი - ერთიც გეყოფა, მოგონებებში ნატეხები და ნამსხვრევები უნდა ცვალო და აღტაცდე ყოველ ჩხაკუნზე: -ღმერთო, როგორი ფერადია, მიუწვდომელი, ან როგორი ერთადერთია! ჰო, აი, ასე! მოგონებებიც ცხოვრებასავით ასაწყობია, - საბედნიეროდ, ათიათასჯერ შეგიძლია გრძლად გაწოლილი წარსულის ძლევა, ხოლო ცხოვრება, სამწუხაროდ, - მოკლეა და ერთხელ გვეძლევა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი