სალი კლდე, გიჟი მდინარე
#ლექსები ესეც - გალიტერატურულებური ხალხური მოტივები ნინო დარბაისელი სალი კლდე, გიჟი მდინარე სალი კლდე, გიჟი მდინარე, მკერდქვეშ - ჩამთბარი დანა, მანძილს ვიგონებ მცინარე - შენამდე - აქედანა. არასდროს მიბედნიერე ჭერი და ჩემი არე. ორაზროვანი იერით სულ ერთხელ ჩამიარე და სხვისკენ ეშურებოდი. კარგია, არ ვთქვით ფიცი. ათასჯერ გაგეყრებოდი, თავის ამბავი ვიცი. სჯობს ვიყო სხვისი ცოლი და არასდროს - შენი სასძლო. სხვაა - გიყვარდეს შორიდან, სულ სხვა - ახლოში გასძლო! არარსებული - რას ერთვის ან როგორ გაიყოფა? გულით ნატარებს ყოველთვის ერთი მკვლელი ჰყავს - ყოფა. სალი კლდე, გიჟი მდინარე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
რა მინდოდა.
არსებობს ასეთი რიტორიკული ხერხი რიფრეიმინგი (reframing)
ეს რაღაცით წააგავს პოეტურ პუანტს, ბრუნს და ა.შ , რის შესახებაც ცოტა როდი გვიმსჯელია, მაგალითებით.
ოღონდ რა ქმნის განსხვავებას - თუკი ბრუნის დროს შეგიძლია, საერთოდ მოსწყდე თემას ან კონცეპტუალურ - სახეობრივ სტრუქტურას და აშ, რომელიც ლექსშია განვითარებული. რიფრეიმი - იმავე თემის, განწყობის, და აშ ფარგლებში ახლებურ, ხედვის მოულოდნელ რაკურსს გვთავაზობს, როგორც ამ ლექსში.
ეს არის “რიფრეიმინგის” მეშვეობით - რომანტიკული სიტუაციის გამოდერნისტულება.
პოსტ- მოდერნისტულშიც შეიძლება გადაიყვანოს ადამიანმა, თუ მოინდომებს, მაგრამ არ მინდა, მკითხველებს უფრო გავურთულო გაგება.