სხვაფრივ


#ლექსები
ეს ლექსი რომ პირველად დავდე ინტერნეტში. ახლობლები დაიზაფრნენ, სასწრაფოდ წაშალე, შენზე ვინ რას იფიქრებსო. ეს ტერმინები, დღეს რომ საყველპურო ენად ქცეულა, მაშინ ნამდვილად უცხო და გაუგებარი იყო. ახლა ფეისმა შემახსენა ეს ლექსი და რაღაცნაირად, გული დამწყდასავით, რა კარგი, გულუბრყვილო  ქალაქი ყოფილა თბილისი, თუნდაც თვრამეტი წლის წინ. რაღაც სახე ჰქონია. 


სხვაფრივ 


 

                                                ,,სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონებისა და გულისათვის..
                  ...ტფილისი გატენილია ამბებით...
                  ...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით"
                                              /ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/


სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ვერსად გაგიძღვება,
ვერსად გაუძღვები...
კვლავაც კმაყოფილი
კვლავაც დაყოფილი,
კვლავაც დაცოფილი,
კვლავ ჭირით,
კვლავ ჭერით,
კვლავ ჭორით უძღები.

კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს, აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით, რას დაეძებ.
თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ,
თან ხელით ეხები,
ეკვრი,
იკოცნები...
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი ამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია, ექვსია,
ქალია, კაცია,
ჩვენია, უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
- გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
თბილად გაუღიმე.
- ჭორს ვინ გამყოფინებს?
იტყვიან:
უფალო,
გაუქრე სინსილა
ამ იუნგოფილებს!

თუ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
- არ უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

მოხუცს ეგებები?
- იტყვიან ფლიდები,
რაღაც, ამ ბოლო დროს
გერონტოფილდები.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ სანთელს ანთებდე,
აწყობდე მიხაკებს,
ანუ ყარამფილებს
ვინმე დაგინახავს,
არც კი დაფიქრდება,
გაგანეკროფილებს.

ვაი, მას, ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა, რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!


2009

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი