ველასკესს (სონეტი - ეკფრასისი)


მანტერესებდა, თუ გამომივიდოდა ეკფრასისი - სონეტის ფორმაში, 
   თანაც
ისე, რიტმი რომ არ “გამეწელა“ დიდ ან მცირე ბესიკურად - ჩემთვის  და მრავალი მკითხველისთვისაც უკვე ძალიან მოსაწყენ საზომად. 
   ავიღე ველასკესის ცნობილი ნახატი, ინფანტიანი ”მენინები” 
    სხვათა შორის,  ტიციან ტაბიძეს ხომ აქვს თავის “ ავტოპორტრეტში” ინფანტა, ოღონდ ეგ, როგორც ვიცი,  ოსკარ უაილდის ,,ინფანტას საჩუქრითაა” ინსპირირებული:

უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

გალაკტიონსაც აქვს ლექსში “თ. გოტიეს”:

ჩვენ ვეძებდით რამე ღრმას, გვსურდა რამე ქართული,
რითმა - ნიუანსები, რიტმიული ლანდები.
სად არიან ყველა ამ მორევებში ჩართული
მენადები - გედები და ფრთები - ინფანტები?

 სხვებიც მეგულება, მაგრამ ეს ორი - მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
  ცხადია,  ვეცდებოდი, მათი რითმები არ გამემეორებინა. 
უყვარდათ სიმბოლისტებსა და ზოგადად მოდერნისტებს რითმის  “დაპატენტებასავით”. 
    დღეს ეს  შეიძლება   ვინმეს კომიკურადაც კი ეჩვენებოდეს, მაგრამ 
მაშინ,  საუკუნის წინ - ეპიგონური ,,ეო-მეოს”  ეპოქაში -   
    მათეული ქართული ლექსის რეფორმა - რითმასაც მოიცავდა. 

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ველასკესს

შექსპირული სონეტი 

თოვს. ყინულის ტბებია.
ბრუნავს  თეთრი ფანტელი -
ირგვლივ  იფანტებიან
ციური ინფანტები.

გაბმულან  ნამძივები, 
ნაძვსაც დაუკვნესია.
ფუნჯით დანამძიმები
ლანდი - ველასკესია.

სარკეში ჩანს  - მეფე და
გვერდით - დედოფალია.
თამაშია სეფეთა, 
ინფანტა კი მკრთალია.

ძაღლი - დამავიწყდა, რა, 
ეს წკმუტუნიც  მიმწყდარა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი