ჩემი ჯიქები
#ლექსები ნინო დარბაისელი ჩემი ჯიქები იმის მაგიერ, რომ მასიზმრო ია-ვარდები, ძილო, ბოლო დროს უცნაურად რად მძვინვარდები?! ირგვლივ - კლდეები, ბუჩქები და ეკალ-ბარდები, კიდევ წამიც და შიგ შამბნარში გადავვარდები და დასაგლეჯად - მოელვარე ეშვს ჩავბარდები, (ცხადში სად ვნახე ნადირები ასე მარდები?) გამყოფს წყალს - თავზე ევლებიან ლეოპარდები. ვერ დააკავებს ვერანაირი მაღალი ყორე, თუ თავს დაგესხნენ, რა დაგიხსნის, კარგად მეყოლე! იქნებ მისურის ზოოპარკიდან გამოვიყოლე, ანდა ამბავი სიმხეცისა სხვას მოვაყოლე? გინდა გაქცევა, მაგრამ აბა, სად გაექცევი ამ დიდი კატა-მონადირის სხეულს ხალიანს, ნახტომს უეცარს, ლურწკიან ხახას, ბრჭყალიან ტორებს, წყვილი მუგუზლით შემოგცქერის უწყალო ჯიქი, თან სიმაღლიდან სიბნელეში ნახტომს გატოლებს, როგორ გაექცე შიშისაგან თავგანაქიქი, წყალშიც თუ ხედავ ნიანგებს და ალიგატორებს. ერთი კი არა, მგონი, ჯიქთა მთელი გუნდია, ქვეცნობიერის რა ხრიკია, რა აბრუნდია! ძლივს გამეღვიძა, ამ სიზმარმა კარგად მტანჯა, რა! გამოღებულა სულ ბოლომდე ჩემი ფანჯარა, ამ შუაღამეს შიშნაჭამი - სად გაპარდები! გაუტაცია ქარს ამოჭრილს ჭრელი ფარდები, ალბათ ფანჯრიდან გადამხტარან ლეოპარდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი