ალამო


ეს ლექსი ადრე მედო აქ და უნდა ვაღიარო, ჩემს მკითხველს არ გამოუხატავს გამორჩეული დაინტერესება. მიზეზიც ვიცი: მის გამოცდილებაში არაფერი მსგავსი სიტუაცია  არ მოიძევებოდა, თავს ვერაფერთან აიდენტიფიცირებდა, ეს კი
უაღრესად მნიშვნელოვანია ტექსტთან მკითხველის კომუნიკაციისათვის.
 ვფიქრობ, ახლა მას სხვა კონტექსტი და კომუნიკაბელობა შესძინა ,,აზოვსტალის” ამბებმა და ზელენსკის განცხადებამ, რომ იქაური მეომრები გმირები არიან, რადგან ამდენხანს გაძლეს, დააკავეს მტერი ფრონტის იმ მონაკვეთით და საშუალება მისცეს უკრაინულ ჯარის ნაწილებს, დრო მოეგოთ და ოპტიმალურად გადაჯგუფებულიყვნენ.
   ამიტომ ახლიდან ვდებ.

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ალამო 
(ლემენტაცია)

      (1836 6 მარტს  ტეხასში  მდებარე ციხე "ალამო"  საკუთარმა გენერალმა ჰიუსტონმა გაწირა -  შიგ გამოკეტილ მეომრებსა და ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ  მტერს გამიზნულად შეატოვა. 
  მან იცოდა, რომ იქ ყველა  ბოლომდე იბრძოლებდა და დაიღუპებოდა. ამით  მტერი  ძალზე დაასუსტა, დროც მოიგო და მერე მთლიანი ომიც.  
      სიცოცხლეშივე გმირი მონადირე, - "მყვირალა" დევი კროკეტი - მექსიკელთა გენერალმა სანტა-იანამ ცოცხლად შეაპყრობინა, როგორც ყველაზე მედგარი მოწინააღმდეგე  და  საჯაროდ დაახვრეტინა.
      დღეს იქ,  მუზეუმში, სხვა სევდიან ნარჩენებთან ერთად, გამოფენილია ყველა იმ შტატის ალამი, რომლის მეომარიც დაიღუპა ბრძოლაში.
    აქვეა დამწვარ კაბათა  ნარჩენები, ჭინჭის თოჯინა, ხოლო კიბის ქვეშ - მოზრდილთა და ბავშვთა ჩონჩხის ნაწილები. 
   სიტყვა “ალამოს” ხსენებაზე სულ მეტირება).

ნანგრევებო, ნამწვავებო
და კედლებო ნავაებო, 
ალამო და ალამო!

ციხე იყავ,  რაღა დარჩი,
ტყვიის ცეცხლში და ავდარში
გიხსნა  ვერა ძალამო!

მოგიხმარეს იარაღად,
უშუშარი იარა ხარ,
გშველის  ვერა მალამო!

თურმე ზოგჯერ ისე ხდება,
მწარე ბრძოლა თუ გიხდება,
მთელს ჯარს გადამალავო,

სტრატეგიულ  გზასა პოვებ:
მტერს - შენს ციხეს შეატოვებ,
შენს - შეკვდომა ალამო,

ხერხემალში რომ არ გავტყდეთ,
ფრონტი  ალამოელ სალ-კლდეთ
ვანდოთ, გაძლოს  მალამო!

რაც ზარბაზნებს გადაურჩა, 
საბოლოოდ დაწვა ურჩად 
მოგუზგუზე ჩალამო.

უტეხელის, კერკეტისა
ბრდღვინვა მესმის კროკეტისა, 
ვერ გადმოსცემ,  კალამო!

ვერ შემუსრა ცეცხლის ალმა,
მაგრამ მოკლა გენერალმა,
იმისმა ამალამო.

მაღლა  - ზეცამ მეტი იცის
გატეხილის იმა ფიცის, 
ფეხქვეშ - ნეშომპალამო.

ჯავრის აბლაბუდას აბამ,
მუზეუმში იცის კაბამ,
ჭინჭის დედოფალამო.
  
კიბისქვეშ რომ ალაგია,
ნარჩენები ალაგია,
გამოხრა სამსალამო!

ჩვილიანი დედებია,
ლანდად არეს ედებიან,
იცის თავისქალამო.

ვტირი, ისევ მეტირება,
მომავლისთვის შერკინება, 
განწირულთა  შერკინება..
თქმის არა მაქვს მეტი ნება,
(“სხვათა გრძნობებს ეტკინება”)…
გარდასულთა სალამო, 
ალამო და ალამო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი