აკვალანგისტი
#ლექსები ნინო დარბაისელი აკვალანგისტი შტორმი ჩადგა და აღარ გვცემდა ტალღის ტორები, გემშიც - დაწყნარდნენ არეული დეტექტორები. ის იდგა გარეთ და გემბანზე მეც მივემატე, მინდოდა მეთქვა სიბრძნე რამე ან სიკვიმატე: - მყვინთავიო ყოფილიო, თქვენზე გავიგე. ზღვის კარგი მცოდნე, მოხალისე, მოთადარიგე. - ზღვას?! - იქამდე ვცნობთ, აკვალანგი სადამდეც გვიშვებს. ვხედავთ ფერადებს, მცენარეებს და მოძრავ ქვიშებს. სინამდვილეში ვინ ჩასწვდება, რანაირია. ჩვენს ცოდნაშიაც უამრავი რამ აირია. ზედაპირელს ხომ ზღვისა არც რა არ გაეგება, არმოცურავე? - ნატრობს, კენჭი ნახოს ეგება. ნაპირზე მდგომი უცქერს, ზეცას სად უერთდება, მზის ჩასვლას ელის, უყვარს თავის დაიმედება იმით, რომ ზღვაზე რაც კი ხდება, მხოლოდ ესაა, ზღვაში კი ამ დროს იდუმალი სულთა კვნესაა. ფსკერზე - ჩაძირულ გემებს სძინავთ, აქ სძინავთ მითებს, მარადიულებს თუ წარმავლებს, წამის-წამითებს. ზღვას ვერ გაუგებ გულისნადებს, ზღვა იმისია, ზედაპირელთა - სხვაა ცოდნა, სხვაა მისია. რას შემომნატრით! ფილტვები მაქვს დასაცავი და მეტს აღარ მოვწევ, ბოლო იყო - თქვა და წავიდა. დაცარიელდა გემბანი და მეც შევალ მალე, შიგნით - სითბოა, თან ბოშური ისმის ,,რამალე”. მზე - ხვალაც ჩავა, ზღვაო, გული მალე და მალე! რა ფრინველი ხარ, აქ რომ უცებ გაიფრთამალე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი