ობლის თურმეობითი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ობლის თურმეობითი

დედა მოვინატრე - დედა მომკვდარიყო,
ძიძა მომიძიეს - ძაძის ძიძა იყო, 
ძუძუ მოვინდომე - რძე შიგ დამწყდარიყო, 
ძველი მონაწველი -  უკვე აჭრილიყო, 
მამა მოვიკითხე - სხვათა  წასულიყო,
ერთი ჩიტი მყავდა  - დადუმებულიყო,
თავი მოვიძიე -  თავიც  გამქრალიყო,
მითხრეს -  გასარიყი უნდა გაირიყო! 
წასვლა მოვინდომე - ყველა წასულიყო.

პური მოვიშიე - ყუა  გამხმარიყო,
წყალი მოვინდომე - წყაროც დამშრალიყო,
ხელი გავიწვდინე - ხელად  დახრილიყო, 
ძილი მოვინდომე - ძალი გამქრალიყო.
ზეცა  მოვიხილე - ცაც პირშავად იყო!
ცა-მზე მოვინატრე - მზე ცას ჩასულიყო.

ობლის კვერი ვაცხვე -  კუტად გამხმარიყო, 
რაც რა  გაიმეტეს  - მეტი მნდომებიყო,
ლუკმა  სხვას გავუყავ - სხვამ ვინ რა გამიყო! 
ობლის ცრემლი  ვღვარე - ცრემლიც დამწდარიყო.

მთაზე ავებღოტე - მთა ჩამოშლილიყო, 
ზღაპრის კოშკი ვაგე, კოშკი - ყორედ იყო, 
 ოქროს ტახტი დავდგი - ოქრო დამდნარიყო, 
ვერცხლის თასი მქონდა - ვერცხლი ჩაქნილიყო,
იმ ჩაქნილი ვერცხლის - მსმელი არვინ იყო,
ერთი ვარცლი მერგო - ვარცლიც  დაცლილიყო… 
ალბათ ზღაპარ იყო, 
მართლა ზღაპარ იყო!

თავზეც დამათენდა.  ისმის რა? -  ყიყლიყოოოოოოოო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი