სამი ლექსი მეფე ერეკლე მეორეზე


ნინო დარბაისელი

სამი ლექსი მეფე ერეკლეზე - ივერიელი, პატარა კახი  და ერეკლე მეორეს

პატარა კახი

წკიპზე შემდგარი გველის ჩახმახი,
ჭირი მრავალი - ჩვენზეა ახი!
ოციათასი კაცი, ჩარდახი
იდგა, ესვენა პატარა კახი...

სასახლეს - თავი ჰქონდა ახდილი,
გმინავდა ერი ომგადახდილი,
გვემა და ზარი იდგა ნამდვილი
და ცახცახებდა თალხი მანდილი.

კრწანისის ჯავრმა ბერი დაღარა,
ჭაღარა მიწყივ ბრძოლამ დაღალა,
ვეღარ გაუწვდა დავლა და ღალა,
არც მეომარი ჰყავდა აღარა.
ხუთიათასიც რომ ვერ შეყარა!
დახოცილები - ველად ეყარა.

რარიგად ბრუნავს ცხოვრების ჩარხი!
ერთად მეფობდნენ თოვლი და თალხი,
თვემდე ესვენა ის დასამარხი
და ოთხჯერ მეტი გლოვობდა ხალხი.

რით მივაყუჩო ახლა რაციო!
(რაციო, გული არ გააციო!)
- რომ დაეძახათ,,ქუდზე კაციო!”
გინდათ, დამიდეთ სანაძლეო და
ოცი ათასი გაიბნეოდა.
,, მხდალი არა ღირს  დასაბადადო?!”
გაგვიგონია. გვაქვს გამოცდილი:
სხვაა - სიკვდილად თავი გადადო,
სხვა -  სხვისი, თუნდაც მეფის სიკვდილი.

გულში ცრემლები რაღად გროვდება,
თუ ცოდნა ესე, გულგასაგმირი
სამარადისოდ გვამახსოვრდება,
როგორღა ჩნდება ამქვეყნად გმირი!

ივერიული

დავდივარ დედამიწაზე მეც ერთი
მრავალთაგანი,
სასახლეები, მღვიმენი, ატრიუმები, ბაგანი
შემოვიარე, დავზომე  რისი  სიგრძე  და  რა განი,
ბევრიც გავიგე, ვიამბე ლეგენდანი და საგანი.
აღვირით ბედი მიჭირავს, ოდესღაც ჩემგან ნაგანი,
მეც რომ  მრავალჯერ მანატრა თოკი, აბი თუ ნაგანი;
ვინ რა გაიგოს, რაღაა ჩემი მოწყენის საგანი!

თავზევით - ზეცის თაღები,
წინ ოკეანე - მღელავი,
ქვიშას - ასველებს ტალღები,
მე -  სევდა მოუხელავი:

- იცით, შორს ერთი მუხაა,
მუმლიც მრავალჯერ ეხვია,
საუკუნეებს გაუძლო,
არც ასცდენია მეხია,
ყოველი ზედ დასტეხია,
ზეცაც - თავს  ჩამოეხია.
ვერაფერს გაუტეხია,
ფესვებით გულს ჩაგრეხია.

მუხასთან, ზემოთ,  გალავნით გარშემორტყმული ეზოა,
ქართველს იქ, შიგნით ეგულვის, თუ რამ საუკეთესოა.
ერთი პატარა სახლია  - პატარა საძინებლითა,
თურმე დარბაზად უხმობდნენ,
მე გული შემომეფლითა.
იქ დაიბადა ერეკლე და იქვე აღესრულაო,
იმდენი აჩნდა ნახმლევი,
იმდენჯერ დაისრულაო,
თქვეს,  “ტანი ნაიარევით დაფარულ აქუნდა სრულაო”.

გზას მიუყვება ყარიბი, თავს ნაღვლიანად ხრისაო,
ვერ გაუგია ამბავი საწუთროს  სიოხრისაო,
ზოგს სხვისა ძირზე ახარებს, ზოგს - ძირით ამოთხრისაო.
სად წაიყვანო სადაურს? - ფიქრობს ივერთა მხრისაო.
შორით ეგულვის მამული, გულს დარდი დაუხრისაო,
იტყვის, რაც არის, ეს არის, ტყვიას ვინ დაიხლისაო!
წარსულის ტკივილს დაჯაბნის ლოდინი  სიახლისაო.
ოკეანესაც გასწვდება  ყივილი ამ სისხლისაო:

- მომაგონდები თელავო,
ჟამთაგან გაუთელავო,
გულით - ვეებერთელავო,
სიპატარავევ  -  დიადი
ერეკლეს  სასახლისაო!

ერეკლე მეორეს

საკვირველია, მეფეო, შენგან მომხვდურთა ძლევანი,
ნიადაგ ყოფნა ომშიგან, ნიადაგ ხმლისა ქნევანი,
მოკეთის გამოლევა და მტერ-ჭირთა - არდალევანი,
წაღმა ნაკეთთა საქმეთა  - უკუღმა “გამოკვლევანი”,
შთამომავლობის შენისა ასეთი გამოყლორტება:

ერეკლე - მოღალატეა, ქვეყნის ერთგული - ლევანი?!*

- - - - 
* იგულისხმება ლევან ბერძენიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი